"სამთავრობო ცვლილებები იქნება ნიშანი იმისა, რომ დაინახეს - ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია" - კვირის პალიტრა

"სამთავრობო ცვლილებები იქნება ნიშანი იმისა, რომ დაინახეს - ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია"

"გახარიას აქვს შანსი, იყოს წარმატებული პრემიერი, თუმცა, ვფიქრობ, 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მას აუცილებლად მოუწევს და რაც მალე გააკეთებს ამას, უკეთესი იქნება"

გასულ კვირას საოკუპაციო ხაზთან დაძაბულობის ახალი კერა ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ სოფელ წნელისს შორის გაჩნდა, სადაც ქართული საპოლიციო საგუშაგოს მშენებლობა ოსურმა მხარემ ჯერ ერგნეთის შეხვედრაზე გააპროტესტა, მერე კი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და საგუშაგოს აღება მოსთხოვა. ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ ბლოკპოსტის დაშლის საკითხს არ განიხილავდა, ულტიმატუმის ენით ლაპარაკი კი მიუღებელი იყო. 30 აგვისტოს საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად გაიმართა ტექნიკური შეხვედრა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ საგუშაგოს აღება ამ ეტაპზე დღის წესრიგიდან მოიხსნა, თუმცა მიმდინარე კვირაში ამ თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებამაც, რომელშიც ტრადიციულად სცადა ვითარება ისე წარმოეჩინა, თითქოს შექმნილ სიტუაციაში ის დამნაშავე არ არის. რამ განაპირობა მომხდარი, ეს იყო სეპარატისტული ხელისუფლების თვითნებური მოქმედება თუ კრემლის შორს მიმავალი გეგმის ნაწილი? - გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე:

მამუკა არეშიძე

- ვერ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულწილად სეპარატისტებმაც მოინდომეს თავის გამოჩენა და რადიკალურად მოქცევა ამიტომ დაიწყეს. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ ერთი შეხედვით თითქოს უცებ ჩაცხრა ეს თემა მას მერე, რაც რუსები ჩაერივნენ, თუმცა ძნელად წარმომიდგენია, ეს მხოლოდ მათი ინიციატივით მომხდარიყო. ჩემი აზრით, იყო ვითარების ერთგვარი ტესტირება სწორედ კრემლის ან იმ რუსული სპეცსამსახურების მხრიდან, რომლებიც ცხინვალში ვითარებას განაგებენ.

2012 წლის შემდეგ დასავლეთის ზეწოლის გარდა ბორდერიზაციის ხელის შემშლელი ბერკეტები, ფაქტობრივად, არ არსებობდა. მეტიც, 2012 წლის შემდეგ, თუ გახსოვთ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს განლაგებული საპოლიციო პოსტები ან სულ გააუქმეს, ან მოშორებით გადაიტანეს, რათა მოწინააღმდეგე მხარეს პროვოკაციის საშუალება არ მისცემოდა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საპოლიციო საგუშაგოს მშენებლობა, შეიძლება ითქვას, ამდენი ხნის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა იქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც ბორდერიზაციის საწინააღმდეგო ნაბიჯადაც შეიძლება ჩაითვალოს.

ჩვენ ვხედავთ, რომ ბორდერიზაციის პროცესი შედარებით მივარდნილ ადგილებში, სადაც ევროკავშირის მონიტორების ყურადღება ნაკლებად მობილიზებულია, სულაც აღარ მიჰყვება იმ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს, რომელშიც საბჭოთა კავშირის დროს იყო მოქცეული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. ახლა აშკარად ცდილობენ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზეც შეიჭრან. ეს მხოლოდ იმისკენ არ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია ჩაიგდონ ხელში, არამედ ქართულ მხარეს სცდიან - აინტერესებთ, წამოვეგებით თუ არა პროვოკაციას.

რუსეთი ხომ, 1989 წლიდან მოყოლებული, მუდმივად ახერხებდა პროვოკაციაზე ჩვენს წამოგებას. ყველა კონფლიქტი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გაჩნდა და რომლებშიც საქართველო დამარცხდა, პრაქტიკულად იყო რუსეთის პოლიტიკური თუ სამხედრო პროვოკაციების შედეგი. ახლაც იმავეს ცდილობენ.

ერთი ვარიანტია, რომ ცხინვალმა გაღმა შედავების პრინციპით სცადა მოქმედება. საქმე ის არის, რომ ბოლო ხანს ყველა შეხვედრაზე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მუდმივად დგებოდა ამ უკანონო ბორდერიზაციის საკითხი. ცხინვალის ლოგიკით, აუცილებელი იყო შესაბამისი საპასუხო პრეტენზიის წამოყენება და ახლა ჩათვალეს, რომ ასეთი საშუალება მიეცათ.

კიდევ ერთი ვერსია ის არის, რომ საქართველოს დასჯა გრძელდება მისი პოლიტიკის გამო. ხშირად ბევრს არ ესმის, ამ ხელისუფლების რბილი პოლიტიკის ფონზე რატომ აგრძელებს რუსეთი ასეთ უხეშ პოლიტიკას. საქმე ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთთან დაკავშირებით მიდგომები არ შეუცვლია - ქვეყანა კვლავაც პროდასავლურ კურსს აგრძელებს და სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. კრემლისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი არის ის, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომლის თაობაზეც ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. როგორც მან თქვა, ეს ინფრასტრუქტურა 2019 წლის ბოლომდე შეიქმნება. ეს არ არის კლასიკური სამხედრო ბაზა, სადაც ამერიკული კონტინგენტი განთავსდება. ამგვარი სამხედრო ინფრასტრუქტურა ეწყობა ნატოს მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა იქ ნატოს მოსამსახურეების წილი ძალიან მცირეა ხოლმე და, ძირითადად, ადგილობრივი კადრებით კომპლექტდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამას რუსეთი სამხედრო ბაზად აღიქვამს.

გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც საქმე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობას ეხება, ნებისმიერი პატარა ექსცესის მიზეზები უნდა ვეძებოთ გეოპოლიტიკაშიც. სწორედ გეოპოლიტიკის თემაა 12 აგვისტოს თურქმენეთში ჩატარებული ეკონომიკური ფორუმი. ეს იყო კასპიის ზღვის ქვეყნების პირველი ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც საქართველოც ესწრებოდა. მასზე განიხილეს თურქმენული გაზის აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში ტრანსპორტირების საკითხი, რომლის წინააღმდეგ იქ გამოვიდა ირანი, თუმცა ამ იდეის მთავარი მოწინააღმდეგე რუსეთია, რომელსაც ხელს არ აძლევს თურქმენული გაზის ნაკადის ამ გზით გატარება. ეს არ არის აზერბაიჯანული გაზი, რომელიც უფრო პოლიტიკური პროექტია და ევროპის მოთხოვნის მხოლოდ 1%-ს აკმაყოფილებს. თურქმენული გაზი სულ ცოტა 10-ჯერ აღემატება აზერბაიჯანულ გაზს, რაც ნიშნავს, რომ ამ პროექტის განხორციელებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას რუსეთს, მით უფრო, რომ სამ თვეში ახალი ამერიკული სანქციები შედის ძალაში, რაც ითვალისწინებს რუსეთის ენერგომატარებლების მაქსიმალურად შეზღუდვას. არ გამოვრიცხავ, რომ რაც ხდება დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, იყოს პრელუდია ამ პროექტის ჩასაგდებად, თუმცა ამისთვის რუსეთს სხვა მექანიზმებიც აქვს.

არის ერთი საკითხიც. ამ თემით ქართული პრესა რატომღაც არ დაინტერესდა, არადა, მნიშვნელოვანი რამ მოხდა - 26 აგვისტოს რუსეთმა ძალიან აგრესიულად დააყენა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ე.წ. კორიდორების საკითხი, რომელსაც შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა გაუწიოს მონიტორინგი. მოკლედ, შექმნილ ვითარებას ძალიან ბევრი ასპექტი აქვს, ამიტომ ამ ყველაფრის ერთ დაფაზე დანახვა და გაანალიზებაა საჭირო, რაც უპირველესად ხელისუფლების მოვალეობაა.

რუსეთს აქვს ერთი მიზანი - საქართველოს დაბრუნება რუსულ ორბიტაზე, რაც ნიშნავს მთლიანად სამხრეთ კავკასიის დაბრუნებას. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც უნდა კარგად გავიაზროთ, გავაანალიზოთ და შესაბამისი კონტრნაბიჯები დავგეგმოთ.

- ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებამდე "ქართული ოცნება" რუსეთთან რბილ, ზედმეტად ფრთხილ პოლიტიკას ეწეოდა. მას ხშირად მფრთხალი პოზიციების გამო აკრიტიკებდნენ, თუმცა ოსური მხარის ულტიმატუმის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პრინციპული განცხადებები მოვისმინეთ, რაც, ცოტა არ იყოს, გასაკვირიც იყო... - ჩემი აზრით, გავრილოვის თემამ მნიშვნელოვნად შეცვალა ხელისუფლების განწყობა. დღეს რუსი პოლიტოლოგებიც კი წერენ ასეთ რამეს - საქართველო დაისაჯა ოპოზიციის ქმედებების გამოო. ცხადად ვნახეთ, რომ კრემლის რეაგირება მოჰყვა არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ქმედებებს. ვფიქრობ, ამან ხელისუფლებას დაანახა, რომ რუსეთი რეაგირებს არა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ გამოწვევაზე, არამედ კრემლს აქვს გეგმა საქართველოს წინააღმდეგ, რომლის განხორციელებისთვისაც ნებისმიერ ვითარებას გამოიყენებს. ხელისუფლებამ რაც უნდა ლოიალობა გამოიჩინოს, ის ამ გეგმას არ შეცვლის, შესაბამისად, რუსეთის პროვოკაციული მოქმედებებიც გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი შეუქცევადია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ქცევის წესის გადაწყობა გადაწყვიტა.

დადგა დრო, როცა აუცილებელია სიმტკიცის გამოჩენა, რაც დაარწმუნებს მოსკოვს, რომ აქ არ არის ხელისუფლება, რომლის იოლად მოდრეკა შეიძლება.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რაში დასჭირდა ამის გასარკვევად შვიდი წელიწადი? ეს ლეგიტიმური კითხვაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა სტაბილურობის შენარჩუნება, რათა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა არა მხოლოდ დაელაგებინა, არამედ გაემყარებინა კიდეც და დაერწმუნებინა ისინი, რომ არ გადაიხრებოდა რუსეთისკენ, ეს პერიოდი ძალიან გაუგრძელდათ... თუმცა, როგორც ამბობენ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ჩვენი ხელისუფლება უაღრესად მძიმე, მეტიც - სამარცხვინო მდგომარეობაში ჩავარდა გავრილოვის ვიზიტის შემდეგ, როცა მოსკოვი ებრძოდა არა ხელისუფლებას, რომელსაც დემონსტრაციულად არაფრად აგდებდა, არამედ ოპოზიციას, თუმცა, ამავე დროს, ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო ხელისუფლება. მოსკოვმა ისე გადაამლაშა, ბოლოს და ბოლოს, ყველა მიხვდა, მთელი ეს პროცესი ხელოვნური რომ იყო...

ჩემთვის გავრილოვის ვიზიტის პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ აქ იყო ჩართული რუსული სპეცსამსახურები და ყველაფერი დადგმული იყო ქართული მეხუთე კოლონის მონაწილეობით.

არასდროს მითქვამს, რომელიმე პარტია სრულად რუსული ინტერესის გამტარებელია-მეთქი, მაგრამ ამ პარტიებში არიან ადამიანები, რომლებიც აშკარად რუსეთისთვის მუშაობენ. სხვა შემთხვევაში ასეთი მასშტაბური პროვოკაციები ვერ დაიგეგმებოდა ვერც პანკისში და ვერც - თბილისში. გავრილოვის ვიზიტს ვგულისხმობ. სამწუხაროდ, "მეხუთე კოლონა საქართველოში საკმაოდ აქტიურად მოქმედებს. მისი წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ "ქართულ ოცნებაშიც", "ნაციონალურ მოძრაობაშიც" და ა.შ.

- მოგეხსენებათ, მიმდინარე კვირას ქართულ და ოსურ მხარეებს შორის კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. როგორ ფიქრობთ, ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა შეგვიძლია მოგვარებულად მივიჩნიოთ, თუ ის მომავალშიც პროვოკაციების მიზეზი შეიძლება გახდეს? - ჩვენი ხელისუფლების პრინციპულობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, გამწვავდება თუ არა ვითარება.

- ქვეყანა რთულ წინასაარჩევნო პროცესში შედის, რაც ვითარებას უფრო მყიფეს გახდის. რას ფიქრობთ, როგორ მოახერხებს "ქართული ოცნება" არსებულ გამოწვევებთან იმგვარად გამკლავებას, რომ არჩევნებში ისევ შეძლოს წარმატების მიღწევა? - ერთ-ერთი რუსი პოლიტოლოგისგან მოვისმინე, შესაძლოა, ქართული ხელისუფლების სიმტკიცე არჩევნებს უკავშირდებოდესო. ასეც რომ იყოს, მერე რა! მთავარია, ქვეყნის ინტერესების შესაბამისი შედეგი მივიღეთ! ამით მინდა მივანიშნო, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და პრინციპული ხელისუფლება, თუმცა არა ისეთი, რომ ავანტიურაში ჩაითრიოს ქვეყანა. ისეთი, რომელიც შეადგენს ქვეყნის განვითარების გეგმას და ამ გეგმის მიხედვით იმოქმედებს. პოლიტიკურ ელიტასაც და საზოგადოებასაც მინდა ვუთხრა, რომ ძირითადი თემები, რომლებზე ლაპარაკითა და კამათით თავს ვიკლავთ, როგორც წესი, მეასეხარისხოვანია იმ რეალობასთან შედარებით, რაც არის ქვეყანაში თუ მის გარშემო. საქართველოს წინაშეა უამრავი გამოწვევა, ვდგავართ უდიდესი რისკების წინაშე და ეს პოლიტიკანობა, ერთმანეთის ჭამა, სოციალური ქსელების უსაგნო ოკუპაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, ცვლის ფსიქოლოგიურ ფონს და უფრო ამძიმებს ქვეყნის მდგომარეობას. ჩვენ სრულყოფილ სახელმწიფოებრიობას ჯერ არათუ ვერ მივაღწიეთ, სამწუხაროდ, ამისკენ სვლის ტემპიც მნიშვნელოვნად შევანელეთ. ჩვენ, ყველა ერთად - პოლიტიკოსებიც და რიგითი მოქალაქეებიც - ამ მეათეხარისხოვანი თემების წამოწევით ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ვამუხრუჭებთ. მთელი პოლიტიკური სპექტრი მოქმედებს ამგვარი პრინციპით - რაც უნდა გააკეთოს მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა ძალამ, ის მაინც ცუდია. კარგიც რომ გააკეთოს, ამბობენ, მაგათი გაკეთებული არაფერი გვინდაო... განა ეს ნორმალურია?! საზოგადოებაც ასევეა გახლეჩილი, ამ გამოწვევებსა და რისკებს ძალიან სუსტად აცნობიერებს და, ძირითადად, ზედაპირულ და მეასეხარისხოვან საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას. ამაშიც არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა - ძირითადად მასზეა დამოკიდებული, ქვეყანაში საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, თუ ადამიანების ბრბოდ ქცევას...

ხალხს სჭირდება არა პოლიტიკური სპექტრის ცვალებადობა პარლამენტში, არამედ ძლიერი, არაკორუმპირებული, სახელმწიფოზე მზრუნველი ხელისუფლება...

- გავრცელდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების თაობაზე. შესაძლოა, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია, შს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი ვიხილოთ... - თუ პროცესები ასე განვითარდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიმღებებმა დაინახეს, ქვეყანა რა მძიმე მდგომარეობაშია და რომ ძლიერი ფიგურების დრო მოვიდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს განაპირობებს გახარიას დაწინაურებას. თუ ვინმე შეიძლება მოიაზრებოდეს ხელისუფლებაში შედარებით ძლიერ და დამოუკიდებელ ფიგურად, სწორედ ის არის. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ საზოგადოების ნაწილს აქვს პრეტენზია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მაინც მიმაჩნია, რომ ეს სწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება. აქ რამდენიმე ფაქტორი მუშაობს, მათ შორის ისიც, რომ გახარიამ შეძლო საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც თანამიმდევრულმა ადამიანმა, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, რაც ქმნის იმის საფუძველს, რომ ძლიერ მმართველად ჩამოყალიბდეს. გახარიას აქვს შანსი, იყოს წარმატებული პრემიერი, თუმცა, ვფიქრობ, 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მას აუცილებლად მოუწევს და რაც მალე გააკეთებს ამას, უკეთესი იქნება.

გახარიას საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი იქნება, თუ რა სტრატეგიას შეიმუშავებს საოკუპაციო რეჟიმებთან, მცოცავ ოკუპაციასთან და ე.წ. ბორდერიზაციასთან მიმართებაში.

ბევრი ოპოზიციონერისგან, თუმცა არა მხოლოდ მათგან, არამედ "ქართული ოცნების" გუნდის წევრებისგანაც მომისმენია, რომ გახარიას პრემიერობა დაღუპავს "ქართულ ოცნებას". ცოტა უცნაურია ეს განცხადებები და თან მისი გადადგომის მოთხოვნა. თუ ასეა, ოპოზიციაში უნდა უხაროდეთ გახარიას შესაძლო გაპრემიერება, ამიტომ ეს მხოლოდ თვალთმაქცობაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში მათ გახარიასი ეშინიათ...

რაც შეეხება ღარიბაშვილს, თუ მართლაც გახდა შს მინისტრი, მისგან ცოტა უცნაური იქნება ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა. ის პატიოსანი ადამიანია და თავის დროზე, რომ არა გარემოებები და მისი გარემოცვის პრობლემა, შესაძლოა, წარმატებული პრემიერიც ყოფილიყო. თუ იგივე შეცდომები არ გაიმეორა, შეიძლება ეფექტიანი შს მინისტრიც იყოს.

- არსებობს მოსაზრებაც, რომ გახარიას გაპრემიერება შეიძლება საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდეს, ასევე იყოს ნიშანი, რომ ხელისუფლება სამოქმედო იარაღად ძალისმიერ, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ მეთოდებს ირჩევს... - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამგვარი მეთოდებით შეძლებს წარმატების მიღწევას, ვეტყვი, რომ არაფერი გამოუვა. არ გამოვა საქართველოში ავტორიტარული მართვა! ამას მხარს არავინ დაუჭერს! საზოგადოება მიეჩვია დემოკრატიის იმ ფორმით ცხოვრებას, რაც გვაქვს, იმის მიუხედავად, გამართულია თუ არა ეს ფორმა, საზოგადოების შეცვლა კი ურთულესია. რაც იყო, იმასთან დაბრუნება ვერ მოხდება. ეს გამოიწვევს ისეთ სოციალურ აფეთქებას, რაც წალეკავს ამ ხელისუფლებას.

როცა ვამბობ, რომ ქვეყანას ძლიერი ხელით მართვა სჭირდება, უპირველესად ვგულისხმობ სახელმწიფო სტრუქტურების გამართულ მუშაობას, ძლიერ სახელისუფლებო ვერტიკალს, რომლის გარეშეც ქვეყნის წარმატებული მართვა შეუძლებელია. არ შეიძლება, საჯარო სამსახურში დასაქმებულ, თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს პასუხისმგებლობის აღების ეშინოდეთ.