მოსალოდნელია თუ არა მოვლენების ესკალაცია?! - კვირის პალიტრა

მოსალოდნელია თუ არა მოვლენების ესკალაცია?!

"ახლა გახარიას პრემიერად ნიშნავენ და არ გამოვრიცხავ, ეს იყოს პიარკამპანიის ნაწილი, რათა საზოგადოებას შეუქმნან განცდა, რომ ის ენერგიული და ძლევამოსილი ფიგურაა, აი, ასე მკაცრად ელაპარაკება ოსურ და რუსულ მხარეებს"

ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" შერიგების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

- ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობაა. როგორც წესი, გამყოფი ხაზის გასწვრივ შენდება ორი ტიპის საინჟინრო ნაგებობა. ერთია მავთულხლართები, რომელიც ყოვლად მიუღებელია. საქართველო ამის წინააღმდეგია და არ მონაწილეობს განხილვაში, სად და როგორ უნდა იყოს ეს მავთულხლართები გავლებული. ეს ოკუპაციის ხაზია. მეორე საინჟინრო ნაგებობა ბლოკპოსტებია და ისინი ათეულობითაა როგორც ქართულ, ისე ცხინვალის მხარეს. ამ ბლოკპოსტებით ქართული მხარე მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავს და მათ მოწყობას ერგნეთის შეხვედრებისას ოსურ მხარეს უთანხმებს.

"ნაცმოძრაობა" არ აფრთხილებდა ოსურ მხარეს, ისე აშენებდა ბლოკპოსტებს, გაჰყავდა გზები, გადაჰყავდა შეიარაღებული ძალები, რასაც ყოველთვის მოსდევდა დე ფაქტო რეჟიმის პროტესტი. "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს კი, ჩემი ვარაუდით, ოსურ და რუსულ მხარესთან შეუთანხმებლად პირველად აშენდა ბლოკპოსტი, თანაც - ერგნეთის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე. საქმე გვაქვს სპონტანურ მოვლენასთან - მხარეები არ იყვნენ გაფრთხილებული და სწორედ ამიტომ მოჰყვა ამ საკითხს მკაცრი ტონით საუბარი და ულტიმატუმი.

- რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი? - თუ მართლაც ისე მოხდა, როგორც მე ვვარაუდობ, ეს კითხვები უნდა დავუსვათ ხელისუფლებას. ათეულობით ბლოკპოსტი დგას იქ, აქამდე ხმას არ იღებდნენ და ახლა რატომ ატყდა ხმაური?! აშკარაა, რომ აქამდე ოსურ მხარეს უთანხმდებოდნენ, ახლა კი - არა. საინტერესოა, რატომ? უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსად ქემოკლიძე დაინიშნა და შესაძLლოა, მან მოიტანა ასეთი კონცეფცია.

უშიშროების საბჭოს მდივანია გიორგი გახარია. ახლა მას პრემიერად ნიშნავენ და არ გამოვრიცხავ, ეს იყოს პიარკამპანიის ნაწილი, რათა საზოგადოებას შეუქმნან განცდა, რომ გახარია ენერგიული და ძლევამოსილი ფიგურაა, აი, ასე მკაცრად ელაპარაკება ოსურ და რუსულ მხარეებს! უამრავი ვერსია შეიძლება არსებობდეს, რადგან არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რა მოხდა სინამდვილეში.

- და მაინც, იყო თუ არა ადეკვატური დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების განცხადებები და მათი ულტიმატუმი? - ასეთი მკაცრი განცხადებები იმიტომ გააკეთეს, რომ ეს მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. არ იყვნენ გაფრთხილებული და ჩათვალეს, რომ ულტიმატუმის ფორმა იყო საჭირო. "ოცნების" პოლიტიკა აქამდე მშვიდი და კორექტული იყო, პირველად აღმოჩნდნენ ასეთი ფაქტის წინაშე...

- ელოდებით თუ არა ვითარების ესკალაციას? - არა მგონია. ვითარება უკვე განიმუხტა და ვფიქრობ, გაგრძელება აღარ მოჰყვება. ეს ინციდენტი ერთჯერადი ხასიათის იყო, განსხვავებით "ნაცმოძრაობისაგან"...

- მაგრამ ოსურ მხარეს ხომ ახასიათებს ასეთი ხელწერა? - ისინი არიან სეპარატისტები, ჩვენ კი ლეგიტიმური სახელმწიფო ვართ...

- მათთან ქართული მხარის ყველა ბლოკპოსტზე შეთანხმება სწორია? - ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და ერგნეთის შეხვედრები ამიტომაც არსებობს... ალბათ, ეს არის პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ჯერ ვერ ვხსნი. უნდა გადაიდგას მეორე, მესამე ნაბიჯი, რომ ყველაფერი სისტემურად დავინახოთ. იმედი მაქვს, მომავალში ხელისუფლება უფრო წინდახედული იქნება... პოლიტიკაში შედეგებს აქვს მნიშვნელობა. თუ ხელისუფლებამ ამგვარი ნაბიჯები კიდევ გადადგა, გამოდის, "ნაცმოძრაობის" პოლიტიკის აღდგენას ცდილობს, ამან კი რაც მოგვიტანა, ყველამ კარგად ვიცით.