ვის ადანაშაულებს ლევან გოგიჩაიშვილი "შავი" ბუღალტერიის მფარველობაში - კვირის პალიტრა

ვის ადანაშაულებს ლევან გოგიჩაიშვილი "შავი" ბუღალტერიის მფარველობაში

"ონლაინკაზინოების რეგულაციების კანონპროექტის დამტკიცებას ხელს ბახტაძე უშლის"

აზარტული თამაშების ბიზნესი კვლავ ხელშეუხებელია. დაპირებული რეგულაციები ონლაინთამაშებისთვის პარლამენტს ჯერაც არ მოუმზადებია. არადა, მას შემდეგ, რაც ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტი ჩააგდეს და "ქართულმა ოცნებამ" პირობა დადო, რომ უკეთეს კანონპროექტს მოამზადებდა, 5 თვე გავიდა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ვინ მფარველობს ხელისუფლებაში სათამაშო ბიზნესს, ამ საკითხზე "კვირის პალიტრა" პარლამენტის წევრ ლევან გოგიჩაიშვილს ესაუბრა.

- ხელისუფლებას საკუთარი ხედვა არა აქვს ჩამოყალიბებული. მისი ხედვა ის არის, თუ რა ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი. "ქართული ოცნების" წევრები კარგად გაწვრთნილ მატყუარებად ჩამოყალიბდნენ, მთავარი მატყუარა კი პრემიერ-მინისტრია. ნამდვილად არ მსიამოვნებს ასე ლაპარაკი ჩემს კოლეგებზე, მაგრამ კორექტულად საუბარი და ნორმალური ურთიერთობა არ ესმით, მხოლოდ კრიტიკისა და ზეწოლის ენაა მათთვის გასაგები. ნაცვლად იმისა, საქმეს აკეთებდნენ, ცრუპენტელებად ჩამოყალიბდნენ, მთავარი ცრუპენტელა კი მამუკა ბახტაძეა.

- რატომ მაინცდამაინც მამუკა ბახტაძე? - იმიტომ, რომ მამუკა ბახტაძემ დადო სათამაშო ბიზნესის კანონპროექტის ინიცირების პირობა.

- ამის პირობა კვირიკაშვილმაც დადო. - კი ბატონო, კვირიკაშვილმაც, მაგრამ თუ გაიხსენებთ, პარლამენტში დებატების დროს სწორედ ბახტაძე იჭიმებოდა, ამას მე ვიზამო. 5-6 წლის წინ ვინ რას ლაპარაკობდა, აღარ აქვს მნიშვნელობა, მე ის შეგახსენეთ, 2 თვის წინ რას ამბობდა ეს კაცი. ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა - გავაძლიეროთ ზეწოლის ბერკეტი და ვეცადოთ, რომ კანონპროექტი იმ შინაარსით გავიდეს, რაზეც ვიყავით შეთანხმებული.

- ზეწოლის რა ხერხის გამოყენებას აპირებთ? - ჩვენ შეგვიძლია ხელახლა დავარეგისტრიროთ კანონპროექტი. როდესაც სესიები დაიწყება, დავარეგისტრირებ კიდეც და დავიწყებ მის მხარდასაჭერ კამპანიას. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება ყველა პარლამენტარი, თუ ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ. თუ დეპუტატებს არ უნდათ თავიანთი მოქალაქეები ნახონ სიღარიბესა და უბედურებაში, მაშინ ვალდებული არიან, კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. არ დაუჭერენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული და ეს "შავი" სალაროსთვის დიდი ფინანსური "ატკატია", რომლითაც როგორც პარტია, ასევე პარტიის თავმჯდომარე სარგებლობს. ეს არის "შავი" ფული, რომელიც სჭირდებათ, რათა სხვადასხვა ბინძურ კამპანიას მოახმარონ, თუნდაც ტროლების ქარხანა თუ გაუგებარი ბლოგები დააფინანსონ.

- ვინ ლობირებს ამ ბიზნესს? - ეს კანონპროექტი პარლამენტში რომ გავიდეს, უმრავლესობის კეთილი ნება სჭირდება, ხოლო ვინც ბლოკავს მას, შესაბამისად, ის არის დაინტერესებული "შავი" ფულით. აქამდე თავს ვიკავებდი ამის თქმისგან, მაგრამ ახლა "შავი" ბუღალტერიის თემას კამპანიის ნაწილად ვაქცევ...

- კონკრეტული ფაქტები გაქვთ? - რა ფაქტები გინდათ?! არის პრობლემა, რომელიც აზარალებს მოსახლეობას. ეს იცის ხელისუფლებამ და არაფერს აკეთებს - დიდი ოდენობით "შავი" ფულის ცდუნებას ვერ უძლებს და ამას ხელს აფარებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ხელს უშლის ამ კანონპროექტის დამტკიცებას. შესაბამისად, ის არის "შავი" ბუღალტერიის მთავარი აქტორი. ამიტომ მე პრეტენზიები კონკრეტულად მასთან მაქვს, ის, რომ მთავრობას რეალურად მართავს ივანიშვილი, არ მაინტერესებს. მე პასუხისმგებლობას მთავრობის მეთაურს ვაკისრებ. თუ ბახტაძე ივანიშვილის ხელის ბიჭია, ეს მისი პრობლემაა, ოფიციალურად ის პასუხისმგებელი პირია.