"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე სახელმწიფო ინსტიტუტებს ასუსტებს - ეს კი სახიფათოა" - კვირის პალიტრა

"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე სახელმწიფო ინსტიტუტებს ასუსტებს - ეს კი სახიფათოა"

პერსპექტიული იქნება თუ არა ხაზარაძის მოსვლა პოლიტიკაში და ემუქრება თუ არა საფრთხე ანაკლიის პორტის მშენებლობას, ამ და სხვა საკითხებზე მოძრაობა "შენების" დამფუძნებელს, დავით უსუფაშვილს ვესაუბრეთ.

- როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, დაგვპირდა, რომ ბევრ რაღაცას შეცვლიდა და ხაზარაძის ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლა ერთ-ერთი შედეგია - ივანიშვილმა უბიძგა მას პოლიტიკისკენ. მანამდე თუ პრობლემები იყო პერსონალური, ფინანსური, ახლა უკვე სრულმასშტაბიანი პოლიტიკური შეტაკება მწიფდება.

- რა პერსპექტივა აქვს ხაზარაძის მოძრაობას? ვინ შეიძლება ვიხილოთ მის გვერდით და თქვენ თუ ითანამშრომლებთ მასთან? - ხაზარაძემ ჯერ იდეა გაახმოვანა, რომელიც შინაარსით არ შეუვსია. გუნდს სჭირდება ფორმირება, სტრატეგიის გამოკვეთა, ამიტომ თეორიულ განაცხადებზე მსჯელობა ნაადრევია. ჯერ თვითონ ჩამოყალიბდეს, პოლიტიკურ სპექტრში დაიკავოს პოზიცია და შემდეგ შეიძლება საუბარი.

- "ოცნებაში" ამბობენ, რომ ხაზარაძე პოლიტიკურ მომავალს ტყუილებით იწყებს.

- "ოცნებას" ის დაემართა, რაც დღემდე არსებულ ყველა ხელისუფლებას - საკუთარი პარტიის გარდა, ყველას ზედმეტად და მტრად თვლის. ამიტომ ის დამოკიდებულება, რაც ოპოზიციის მიმართ აქვს, იგივე ექნება ხაზარაძის მიმართაც. ნაცვლად იმისა, ოპონენტებს არგუმენტებით და გაკეთებული საქმეებით ელაპარაკოს, შავი პიარით არის დაკავებული.

- პროკურატურის ინფორმაციით, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ავთანდილ წერეთელიც ფიგურირებს, თავად ბიზნესმენი და მისი შვილი "TV პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი ამას ტელევიზიაზე ზეწოლას უკავშირებენ.თქვენ თუ ხედავთ ამაში მედიაზე ზეწოლას? - ისევ გავიხსენოთ ივანიშვილის ცნობილი მეორედ მოსვლა - მან წელიწად-ნახევრის წინ განაცხადა, რომ მის პარტიასა და ქვეყანაში ცუდად წავიდა საქმე, ამიტომ დაბრუნდა. თუმცა ვხედავთ შედეგს - პარტიაში სიტუაცია უფრო აერ-დაერია, მთავრობა შესაცვლელი გაუხდა და ცვლის, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარება უფრო დამძიმდა, ამიტომ "ოცნებას" ამომრჩევლის დარწმუნება, რომ არჩევნებში ხმა მისცეს, უკიდურესად გაუჭირდება. დარჩა ერთადერთი გზა - ოპონენტებისთვის საარსებო ველის შევიწროება, ეს ველი კი პირდაპირ კავშირშია ხელისუფლების არაკონტროლირებად ტელევიზიასა და იმ ბიზნესწრეებთან, რომლებსაც შესაძლოა ოპოზიციის დაფინანსების სურვილი გაუჩნდეთ და ეს კანონიერი გზით გააკეთონ. ხაზარაძე-წერეთლების ეპოპეაში, ერთი მხრივ, არის პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალების მცდელობა და მეორე მხრივ, ფინანსური დესტაბილიზაცია იმ მედიასაშუალებებისა, რომლებსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. სხვა ვერაფრით აიხსნება ის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში პროკურატურას წერეთლების ჩამატებამ მოუწია.

- ნათქვამია, ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო. როგორ ფიქრობთ, ასე დაემართება ხელისუფლებასაც? - კურდღლებთან რომ გვქონდეს საქმე, რა გვიჭირდა. პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ხარჯზე ხდება. ეს ასუსტებს ქვეყანას - ილახება მისი პრესტიჟი საერთაშორისო არენაზე, პირდაპირ აისახება ინვესტიციების შემოსვლასა და ეკონომიკურ წინსვლაზე. როდესაც მოქალაქეები ხედავენ, პროკურატურა და ეროვნული ბანკი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ხელისუფლების მითითების შესაბამისად მოქმედებენ, სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა ეკარგებათ. ის, რაც "ნაცმოძრაობამ" დააკლო ამ საქმეს, ახლა "ოცნება" გამალებით აგრძელებს. ეს არის ყველაზე პრობლემური და სახიფათო, თორემ თავად "ოცნება" რომ შეიცვლება, ეს უკვე ისტორიულ-სოციალური კანონზომიერებაა.

- ანაკლიის პორტს რა ბედი ეწევა? - იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაცია ობიექტური მიზეზის გამო იმ ტემპით ვერ მიმდინარეობს, როგორიც ქვეყანას წაადგებოდა, უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ვაკუუმის შევსება ანაკლიის პორტის მსგავსი მასშტაბური გეოპოლიტიკური პროექტებით. ანაკლიის პორტმა სწორედ ეს დატვირთვა შეიძინა და მისი მშენებლობის დაწყება და დასრულება დასავლურ სამყაროსთან საქართველოს გადაბმის ალტერნატიული საშუალებაა. ცხადია, ეს ნატოსა თუ ევროკავშირში ინტეგრაციას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი იქნება. ამის დაუნახაობა უკიდურესი არაკვალიფიციურობაა, ხოლო, თუ შეგნებულად ვერ ხედავს ამას ხელისუფლება, გაცილებით დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც ნელ-ნელა გამოიკვეთება. ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტის წინააღმდეგი რუსეთია. არ ვთვლი, რომ საქართველოს რუსეთის მსახური მთავრობა ჰყავს, თუმცა მას ჰყავს დაბნეული, წყობიდან გამოსული მთავრობა, რომელიც თავის გადასარჩენად გაუგებარ სვლებს აკეთებს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.