დიმიტრი ხუნდაძე: "ხაზარაძის აქტივობა ისევე დასრულდება, როგორც ბურჭულაძის სტარტი..." - კვირის პალიტრა

დიმიტრი ხუნდაძე: "ხაზარაძის აქტივობა ისევე დასრულდება, როგორც ბურჭულაძის სტარტი..."

ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა სტარტს იღებს. ახალი მოძრაობის პრეზენტაცია სექტემბერში იგეგმება, მანამდე კი ხაზარაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს და თანახმაა, პირდაპირ ეთერში ივანიშვილთან ერთად განიხილოს, რაზე იყო შეთანხმება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით.

რაში ადანაშაულებს ხელისუფლება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და რა ბედი ეწევა ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, ამ და გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა.

- კარგი იქნება, თუ ხაზარაძის საკითხზე უსასრულოდ არ გაგრძელდება გამოძიება. ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი რომ დაედო, ფაქტია, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და პოლიტიკა ვერ იქნება იურისპრუდენცია იმისათვის, რომ ეს პროცესები გადაიფაროს.

- საზოგადოების ნაწილს რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ბრძოლა, რომელიც ხელისუფლებამ ხაზარაძეს გამოუცხადა. - მე მოვუსმინე პარლამენტში ხაზარაძისა და ჯაფარიძის გამოსვლას, მაგრამ დარბაზი ისე დავტოვე, უფრო მეტი კითხვა მქონდა, ვიდრე მანამდე.

პარლამენტში გამოსვლისას ხაზარაძემ, ფაქტობრივად, ბრალი დასდო შს მინისტრს, რომ მან მუქარის წერილი გაუგზავნა, მაგრამ მას შემდეგ ეს წერილი არავის უნახავს და კითხვა უპასუხო დარჩა.

ვფიქრობ, პოლიტიკური კონტექსტია აპელირება ანაკლიის პორტზეც, თითქოს ეს კერძო პროექტია. ამ პროექტით სახელმწიფოა დაინტერესებული, სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და აიღო ვალდებულებები, რომელთაც ასრულებს. სახელმწიფო ვალდებულია, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, პირს მოსთხოვოს პირობის შესრულება. ამას ისე წარმოაჩენენ, თითქოს სახელმწიფო წინააღმდეგია. თუ წინააღმდეგია, მაშინ ტენდერს რატომ გამოაცხადებდა? ვფიქრობ, ხაზარაძის აქტივობა ისე დასრულდება, როგორც ბურჭულაძის პოლიტიკური სტარტი დასრულდა.

- ანაკლიის პორტს რა ბედი ეწევა? რა რესურსს გამოიყენებს ხელისუფლება მის ასაშენებლად? - სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, უზრუნველეყო სატრანსპორტო ხაზი - როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო. ამ ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებს. ასევე აიღეს თანაინვესტირების ფონდიდან 100 მილიონი დოლარის ვალდებულება და ესეც აუცილებლად შესრულდება. ლაპარაკია აღნიშნულ ტერიტორიაზე 1000 ჰექტარი მიწის გამოსყიდვაზეც, რაც ნაწილობრივ შეასრულა ხელისუფლებამ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აუცილებლად აშენდება, მაგრამ სახელმწიფოს პირობებით.

- ანაკლიის პორტის პარალელურად ლაპარაკია, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს მედიაზე. ამის თქმის საფუძველს პროკურატურაში მამა-შვილ წერეთლების დაბარება იძლევა. - არა მგონია, ვინმეს ჰქონდეს სამართლიანი ეჭვი, რომ ეს მართლაც ასეა - პრაქტიკულად ყველა ტელევიზია ხელისუფლების კრიტიკოსია. ამიტომ ზოგჯერ "ოცნებას" უსამართლოდ თავის მართლება უწევს.

პოლიტიკოსობა თუ რომელიმე ტელევიზიის მფლობელობა არ არის ინდულგენცია, იმუნიტეტი, რომ თუ პროკურატურას აქვს კითხვები, ისინი არ დასვას. პასუხები უნდა მივიღოთ და პოლიტიკურ ჯგუფებში სირბილი გამოსავალი არ არის.

- რატომ გააქტიურდა პროკურატურა მაინცდამაინც ახლა?

- პროკურატურას არ უნდა დაუდგინონ, როდის აღძრას საქმე. გამოძიება უნდა დაიწყოს მაშინ, როცა ამის საჭიროებას დაინახავენ. თუ ამას არჩევნებს დავუკავშირებთ, მაშინ ახალი რეგულაცია უნდა შევიმუშაოთ და პროკურატურას დავუწესოთ, წინასაარჩევნოდ ერთი-ორი წლით ადრე შეწყვიტოს პოლიტიკოსების ან ტელევიზიის წარმომადგენლების საქმეების გამოძიება...

- რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების თემას... - ცვლილებებს უნდა ველოდოთ და ეს გასაკვირი არ არის. პრემიერმა თავად განაცხადა, რომ თუ სამთავრობო გუნდიდან ვინმე სამუშაო რიტმს ვერ აჰყვება, ის შეიცვლება იმ პირით, რომელიც უკეთ შეძლებს საქმის კეთებას. ასე რომ, სავარძელი არავის კუთვნილება არ არის. მთავარია, ეს ქვეყნის წინსვლას ემსახურებოდეს.

- თუ ბახტაძე გახარიამ შეცვალა, ეს არ გამოიწვევს ვითარების დაძაბვას ქვეყანაში? შს მინისტრობიდან გახარიას გადადგომის მოთხოვნით ორი თვეა აქციები მიმდინარეობს. - ვფიქრობ, მთავრობა არ უნდა კომპლექტდებოდეს ერთი ვიწრო ჯგუფის ქუჩიდან შეძახილებით. ქუჩიდან არ უნდა ხდებოდეს შერჩევა, ვინ დარჩეს სავარძელზე და ვინ შეიცვალოს. მთავრობის ცვლილებისათვის არსებობს არჩევნები და თუკი საზოგადოება გადაწყვეტს არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება, მას შეუძლია ეს გააკეთოს. საკადრო ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა.