"თუ ივანიშვილს ასე სურს, ასე მოხდება" - "დიდი როქი" მთავრობაში, ანუ 14 თვე არჩევნებამდე - კვირის პალიტრა

"თუ ივანიშვილს ასე სურს, ასე მოხდება" - "დიდი როქი" მთავრობაში, ანუ 14 თვე არჩევნებამდე

"თუ გახარია პრემიერად დაინიშნა, 20-21 ივნისის მოვლენებისას მის როლზე კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდება. მან ამ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც"

როდესაც "კვირის პალიტრის" ამ ნომერს მკითხველი მიიღებს, შესაძლოა, უკვე ოფიციალურადაც იყოს გამოცხადებული სამთავრობო ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, პრემიერის პოსტს გიორგი გახარია ჩაიბარებს, შს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამთავრობო ცვლილებები ლოგიკურია.

სანდრო თვალჭრელიძე, ანალიტიკოსი:

- მეჩვენება, რომ ეს ცვლილებები დაკავშირებულია საარჩევნო პერიოდთან, რადგან ასეთი მთავრობის პირობებში "ქართული ოცნება" არჩევნებს წააგებს. შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე 14 თვეა დარჩენილი.

- პრემიერ ბახტაძის შეცვლა ლოგიკურია? - ამაზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვლაპარაკობდი. ჩემი აზრით, მთლიანად გუნდი შეიცვლება და ახალი პრემიერ-მინისტრი თავის ახალ მინისტრთა კაბინეტს წარადგენს. სხვა საკითხია, ამ კაბინეტში იქნებიან თუ არა ძველი მინისტრები. სანდრო თვალჭრელიძე

თუ გახარია პრემიერად დაინიშნა, 20-21 ივნისის მოვლენებისას მის როლზე კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდება. შესაბამისად, მან კომუნიკაცია უნდა აღადგინოს საზოგადოების, ახალგაზრდობის იმ ნაწილთან, რომელთაც ეს კითხვები აქვთ და პასუხები გასცეს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ საქმითაც, უკვე პრემიერის რანგში. "ნაცმოძრაობას" და მის მოკავშირეებს მიზეზი მიეცემათ, ახალი ძალებით შეუტიონ მთავრობას და დახატონ სურათი, რომ ის, ვის გადადგომასაც აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, პრემიერად დასვეს.

- ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრად მობრუნებაზე რას ფიქრობთ? - ეს ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. ამ პოსტზე ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მთავრობა 100%-ით ენდობა და ასეთია ღარიბაშვილი, რომელიც პოლიციელებსაც უყვართ.

დღეს "ოცნების" სტრატეგიული ამოცანაა, რომ ერთი მხრივ, არ მოხდეს შსს-ს დემორალიზება და მეორე მხრივ, უწყებამ გააგრძელოს მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულება. ამიტომ საჭიროა ფიგურა, რომელსაც უწყებაში აქვს ავტორიტეტი და სწრაფად შეძლებს სიტუაციის კონტროლქვეშ აყვანას. ასეთი ფიგურა ღარიბაშვილია. ერთიც - შსს-ში ძალიან ბევრი ღარიბაშვილის კადრი მუშაობს, რაც უმნიშვნელო ფაქტორი ნამდვილად არ არის.

გრიგოლ გეგელია, პოლიტოლოგი:

- ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე სამთავრობო ცვლილებები ლოგიკურია, ამიტომ ხმები სამთავრობო ცვლილებების შესახებ არ გამკვირვებია, თუმცა გამიკვირდა, ასე მალე რატომ ცვლიან პრემიერ-მინისტრს, თანაც ერთ წელიწადში ისედაც მოდის საპარლამენტო არჩევნები. როგორც წესი, ახალ პრემიერს ნიშნავენ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე. გრიგოლ გეგელია არჩევნებში ის გაუძღვება პარტიას, როგორც სიის პირველი ნომერი, ასე რომ, ეს ცვლილება ლოგიკური უფრო მოგვიანებით იქნებოდა. როგორც ჩანს, სხვა გარემოებები გამოიკვეთა, რის გამოც "ოცნება" სამთავრობო შემადგენლობას ცვლის...

- რა გარემოებები შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- არ ვიცი. შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ივანიშვილის სურვილი. ჩვენ ვცდილობთ, რაციონალურად გავაანალიზოთ ყველაფერი, საბოლოოდ კი ვხვდებით, რომ საქმე გვაქვს ივანიშვილის სურვილებთან.

- პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურაზე რას ფიქრობთ? - ამ პოსტზე გახარია განიხილებოდა რამდენიმე თვის წინაც და მაშინაც, ვიდრე ბახტაძე დაინიშნებოდა პრემიერად. ვფიქრობდი, თუ "ოცნება" 2020 წლის არჩევნებს მოიგებდა, ივანიშვილი სწორედ მაშინ მისცემდა გახარიას ახალ მანდატს, რათა ის პოლიტიკურ ნასუფრალზე არ გამხდარიყო პრემიერი და ამით მეტ გასაქანს მისცემდა, მაგრამ თუ გახარია ახლა უნდა გახდეს პრემიერი, ეს სქემა უფრო დამაბნეველი ხდება...

- თუ გახარია მართლაც გახდება პრემიერი, ეს ვითარების ესკალაციას არ გამოიწვევს? "გავრილოვის ღამის" შემდეგ შს მინისტრის პოსტიდან მის გადადგომას საზოგადოების ნაწილი დღემდე ითხოვს. - თუ ივანიშვილს ასე სურს, ასე მოხდება. არმაგედონი და მეორედ მოსვლაც რომ დაიწყოს, ივანიშვილი ამას მაინც გააკეთებს. ასე იყო სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების დროსაც, როცა აშკარად ჩანდა, რომ ზურაბიშვილი მოლოდინს არ ამართლებდა, მაგრამ ივანიშვილმა თავისი გაიტანა... ამიტომ თუ ივანიშვილს სურს, გახარია გახდება პრემიერი! ფართო ჭრილში თუ შევხედავთ, გახარია ამისთვის ემზადებოდა. მას ამჟამად ხელთ უპყრია სამი პორტფელი - შს მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და უშიშროების საბჭოს მდივნის და, ფაქტობრივად, ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანია, ამიტომაც, ლოგიკას თუ მივყვებით, გასაკვირი არ იქნება, რომ ეს ფორმალური "ამაღლებაც" მოხდეს.

- შს მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის მობრუნებაზე რას აზრის ხართ? - აშკარაა, რომ ივანიშვილს სურს ძველი სტაბილურობის დაბრუნება და ეს ცვლილებაც ამას ემსახურება.

- და დაიბრუნებს "ოცნება" ძველ სტაბილურობას? - ეს მომავალში გამოჩნდება. მთავარია, რომ ღარიბაშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის სწორედ სტაბილურობას მოიტანს...