"შესაძლოა, კვიცინიამ გაიაზრა, რა მოგვიტანა რადიკალურმა პოლიტიკამ..." - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, კვიცინიამ გაიაზრა, რა მოგვიტანა რადიკალურმა პოლიტიკამ..."

"საარჩევნო კამპანიის დროს კვიცინია გალელების მიმართ ლოიალური განცხადებებით გამოირჩეოდა. ის გამართულად ლაპარაკობს ქართულად. მისი თქმით, შეუძლებელია, ასე მოექცე გალელებს, შენს მოქალაქეებს, რომელთაც აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ... ასევე მიუღებელია, გალში დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს მოქალაქეობას არ აძლევდე ან მის მიღებას უზღუდავდე..."

25 აგვისტოს აფხაზეთში მეექვსედ ჩატარდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეორე ტური გახდა საჭირო. 8 სექტემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მოქმედი "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა და პოლიტიკური პარტია "ამცახარას" წარმომადგენელი ალხას კვიცინია, რომლის უკანაც "პრეზიდენტობის" ყოფილი კანდიდატი ოლეგ არშბა დგას - ამ არჩევნებში ის მესამე ადგილზე გავიდა. არშბა ყოფილი "პრეზიდენტის", ხაჯიმბას წინამორბედ ალექსანდრე ანქვაბის ფავორიტია. ანქვაბი კი, იგივე "რკინის ალიკა", ახლაც ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ამიტომ კვიცინიას არშბასა და ანქვაბის მხარდაჭერით, გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს.

აფხაზეთში სრულიად სხვაგვარი სურათი იქნებოდა, "არჩევნებში" მონაწილეობის საშუალება ხაჯიმბას ერთადერთ რეალურ ოპონენტს, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ ასლან ბჟანიას რომ მისცემოდა. ის მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სოხუმის ერთ-ერთ კაფეში დაცვის წევრებთან ერთად მოწამლეს. ბჟანია ჯერ კომაში ჩავარდა, შემდეგ კი მეტყველების უნარი დაკარგა და ჯერ მოსკოვის საავადმყოფოში, იქიდან კი გერმანიაში წაიყვანეს, სადაც დღემდე მკურნალობს. იქაური ექიმები მის სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობას ადასტურებენ. მათივე თქმით, უკეთეს შემთხვევაში ის სექტემბერში წამოდგომას შეძლებს, თუმცა სრულფასოვან და აქტიურ ცხოვრებას კიდევ დიდხანს ვერ დაუბრუნდება.

არსებული ინფორმაციით, ანქვაბის მიმართ კრიტიკულად განწყობილმა ასლან ბჟანიამ სთხოვა კვიცინიას, არ შეჰპირდეს 66 წლის ანქვაბს "პრემიერ-მინისტრის" პოსტს, მაგრამ როგორც აფხაზები ამბობენ, ეს გარდაუვალია, რადგან სწორედ ამ "ბონუსის" გამო იქნება თანახმა ანქვაბი, თავისი ფავორიტის, ოლეგ არშბას ამომრჩევლები კვიცინიასკენ გადაისროლოს.

"რკინის ალიკა" აფხაზეთში მუდმივად ქმნის პოლიტიკურ ამინდს

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე ანქვაბი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი პოლიტიკოსია. მას აფხაზეთის ე.წ. პირველ პრეზიდენტთან, ვლადისლავ არძინბასთანაც მუდმივი დაპირისპირება ჰქონდა. ბოლო რამდენიმე წელი კი ხაჯიმბას მუდმივად უტევს. თუმცა, არაერთხელ მოუწია დათმობამ, უკან დახევამ, აფხაზეთიდან რუსეთშიც კი გაიქცა, მაგრამ დაბრუნდა და ძველი გავლენაც დაიბრუნა. ალექსანდრე ანქვაბს ექვსჯერ დაესხნენ თავს, ერთხელ დაცვის წევრებიც დაუხოცეს, თუმცა თვითონ გადარჩა.

საქმე ის არის, რომ პარტია "ამცახარა", რომლის წარმომადგენელიც კვიცინიაა და მეორე ტურში გამარჯვების იმედი სწორედ ანქვაბის დახმარებით აქვს, ორი წლის წინ "რკინის ალიკას" ხაჯიმბას კლანთან ერთად "სახელმწიფო ღალატში" ადანაშაულებდა. ირწმუნებოდნენ, რომ 1992 წლის 17 აგვისტოს, აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, ანქვაბმა სოხუმში, აფხაზეთის ავტონომიის შს სამინისტროს საცავში შენახული იარაღი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მაშინდელ ხელმძღვანელს, ავთანდილ იოსელიანს გადასცა. მაშინ კვიცინიას თანამებრძოლები პროკურატურას"1992 წლის აგვისტოს მოვლენებში ანქვაბის როლის შესასწავლად გამოძიების განახლებას სთხოვდნენ. წლების განმავლობაში ანქვაბს პროქართულ პოლიტიკაშიც"ადანაშაულებდნენ (მას, როგორც აფხაზი ე.წ. მაღალჩინოსნების უმრავლესობას - აწ გარდაცვლილ სერგეი ბაღაფშსა და სხვებს, ქართველი ცოლი ჰყავს). მაგალითად ასახელებდნენ სამკურნალოდ აფხაზების ენგურსგამოღმა გადმოსვლის ხელშეწყობას, რაზეც ის პასუხობდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა... კიდევ ერთი, რის გამოც მის "პროქართველობაზე" ლაპარაკობდნენ, გალის რაიონის ქართველი მოსახლეობის პასპორტიზაცია იყო, რასაც 2014 წელს გადააყოლეს კიდეც - მან აფხაზეთის "ხელმძღვანელის" პოსტი დატოვა, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია. თვითონ არ ჩანს, მაგრამ მისი ფავორიტები მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებად რჩებიან, რაც ხაჯიმბას სიმშვიდეს უკარგავს... არადა, ხაჯიმბა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთში მის "წარმომადგენელ" ვლადისლავ სურკოვსაც შეხვდა და ამით აფხაზეთის მოსახლეობას დაანახა, რომ კვლავაც რუსეთის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს.

ვინ არის ალხას კვიცინია

როგორც აფხაზები ამბობენ, სწორედ იმის გამო, რომ ხაჯიმბა ბოლო წლებში რუსეთის პოლიტიკის უპირობო გამტარებელია, მის მიმართ დიდი აგრესია დაგროვდა. კვიცინიას მიმართ კი მოსახლეობის უმრავლესობას არც სიმპათია აქვს და არც მაინცდამაინც მისი ნამოქმედარი ახსენდება რამე, გარდა ხაჯიმბას მუდმივი კრიტიკისა.

აფხაზი ჟურნალისტი და პუბლიცისტი იზიდა ჭანია ამბობს, რომ მისი ბიოგრაფია ცარიელია: "ირონიულად თუ ვიტყვით, იმდენად ცარიელი, რომ მის ანგარიშზე საბანკო კრედიტიც კი არ ფიქსირდება..."

კვიცინიამ პოლიტიკური საქმიანობა, ორი-სამი წელია, დაიწყო. "ამცახარაში" მას შემდეგ მიიღეს, რაც პარტია გარი სამანბამ დატოვა. ცალკე თემაა მისი გარემოცვა, რომლის მიმართაც ადგილობრივ მოსახლეობას უამრავი კითხვა აქვს. მაგალითად, "დეპუტატი" დბარი ყოფილი მილიციის მაღალჩინოსანია და ცნობილია, როგორც ქრთამის მოყვარული და დანაშაულებრივ ჯგუფებთან გარიგებული. გამოირჩევა რადიკალური მოთხოვნებით, მაგალითად, ითხოვდა ნარკორეალიზატორების დახვრეტას, ენგურის ხიდის ჩაკეტვასა და სხვა უკიდურესი ზომების გატარებას.

საარჩევნო კამპანიის დროს კვიცინია გალელების მიმართ ლოიალური განცხადებებით გამოირჩეოდა. ის გამართულად ლაპარაკობს ქართულად. მისი თქმით, შეუძლებელია, ასე მოექცე გალელებს, შენს მოქალაქეებს, რომელთაც აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ... ასევე მიუღებელია, გალში დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს მოქალაქეობას არ აძლევდე ან მის მიღებას უზღუდავდე; თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, კვიცინია პროქართული განწყობით არასდროს გამოირჩეოდა, 90-იან წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა და შესაძლოა, გალელებისადმი მისი დამოკიდებულება პოლიტიკური სპეკულაცია იყოს, რადგან გალი დიდი რაიონია, ანუ უამრავი ამომრჩეველია და მათი ხმები ძალიან მნიშვნელოვანია...

"იქნებ კვიცინიამ გაიაზრა, რა მოგვიტანა რადიკალურმა პოლიტიკამ"

ერთ-ერთი აფხაზი, რომელმაც ენგურსგამოღმა იმკურნალა, "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ კვიცინიას უჭერს მხარს და იმედოვნებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში გალში ვითარება გამოსწორდება.

ალიასი, 54 წლის: - იდეას, რომლისთვისაც ვიბრძოდით, მე - ჯანმრთელობა, ჩვენმა თანამებრძოლებმა სიცოცხლე შესწირეს, წინსვლისთვის კი არაფერი კეთდება... ხელისუფლებისგან სრულიად მიტოვებული, უპატრონოები ვართ. პოლიტიკოსებს მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით, იმიტომ, რომ ვჭირდებით. მათი ნდობა არ შეიძლება. მე ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და მჭირდებოდა დახმარება, ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ახლა კენჭს იყრიდა, ვთხოვე კიდეც... მითხრა, შემიძლია დაგეხმარო, ოღონდ მეც მჭირდება ხმების მოგროვებაში შენი დახმარებაო... ისე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, უარი ვთქვი და საქართველოში ვარჩიე წამოსვლა...

შესაძლოა, კვიცინიამ და მისმა თანამოაზრეებმა გაიაზრეს, რა მოგვიტანა რადიკალურმა პოლიტიკამ... მე პოლიტიკოსი არ ვარ, ადრე არც მეომარი ვყოფილვარ, ტურბაზაში ვმუშაობდი ქართველებთან ერთად. მერე კი ერთმანეთს ვესროლეთ... მაშინ მეგონა, რომ ყველაფერზე ძვირფასის - თავისუფლებისთვის ვიბრძოდი, მაგრამ მეც და სხვებიც ძალიან მალე მივხვდით, რომ თავისუფლებას ვერ მოვიპოვებდით, ასე რომ, რადგან კვიცინიას გარემოცვაშიც არიან ვეტერანები, შესაძლოა, მათაც გააცნობიერეს, საით მივდივართ. ბევრი მათგანი სწორედ ამიტომ წავიდა პოლიტიკაში... ძალიან გამიხარდება, თუ კვიცინია გაიმარჯვებს, იქნებ მართლა შეძლოს გალში ვითარების გამოსწორება...

როგორია ხაჯიმბასა და კვიცინიას შანსი

აფხაზი საზოგადოების თქმით, ხაჯიმბას სხვა უამრავ შეცდომას შორის ერთ-ერთი გალის ქართველი მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულებაა. მან კედელი აღმართა ქართველებსა და აფხაზებს შორის, რაც აფხაზებისთვისვეა საზიანო.

შეიძლება ითქვას, რომ ალხას კვიცინიას ე.წ. მეორე ტურში გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მით უფრო, რომ მის უკან მე-3 ადგილზე გასული, ანქვაბის მხარდაჭერილი ოლეგ არშბა დგას, თუმცა ვაჭრობა გრძელდება. კულუარული გარიგებები ჯერ არ დასრულებულა. დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ სისხლიც დაიღვარა - 28 აგვისტოს ტყვარჩელის რაიონის სოფელ ბედიაში ორი მამაკაცი, ძმები სულთან და შალიკო შაკაიები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

გავრცელდა ტყვარჩელის რაიონში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ხაჯიმბას მხარდამჭერები ამომრჩევლებს ხმების სანაცვლოდ შავ პარკებში შეფუთულ პროდუქტს ურიგებენ. შაკაიების თანასოფლელი აფხაზურ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ დაპირისპირება სულთან შაკაიას სახლში შავ პარკში შეფუთული პროდუქტის მიტანის შემდეგ დაიწყო. შაკაიებს ოპოზიციის მხარდამჭერებმა მოსყიდულები უწოდეს, რასაც სროლა მოჰყვა.