მამუკა ბახტაძე გადადგომის თაობაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს? - კვირის პალიტრა

მამუკა ბახტაძე გადადგომის თაობაზე განცხადებას ხვალ გააკეთებს?

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე განცხადებას, სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გააკეთებს.

არსებული ინფორმაციით,  ბახტაძე განცხადებას 15:00 საათზე გააკეთებს, ამის შემდეგ კი თოქშოუების წამყვანებს შეხვდება.

გეგმავს თუ არა პრემიერი თანამდებობიდან წასვლას და აღნიშნულს შეეხება თუ არა ხვალინდელი ბრიფინგი, პრემიერის პრესსამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

ამასთანავე, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, გაგრძელდება კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებზე.

დაუდასტურებელი ინფორმაციით კი, პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის, შს მინისტრის თანამდებობაზე კი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.

პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.

საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება.

ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ამასთანავე, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტს დაითხოვს და პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.

იხილეთ ასევე: რა გადაწყვეტილება მიიღეს უმრავლესობის სხდომაზე?