"ფბ-ის სტატუსით გადადგომასაც მოვესწარით" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" მამუკა ბახტაძის გადადგომას? - კვირის პალიტრა

"ფბ-ის სტატუსით გადადგომასაც მოვესწარით" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" მამუკა ბახტაძის გადადგომას?

მამუკა ბახტაძემ პრეიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლა საზოგადოებას "ფეისბუკის" ოფიციალური გვერდიდან აცნობა. მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: "2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე" იხილეთ სრულად

ბახტაძის გადაწყვეტილებას "ფეისბუკშივე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე "ფეისბუკპოსტს":

ზურაბ ჯაფარიძე, პოლიტიკური ორგანიზაცია“ გირჩის“ ლიდერი: "ბახტაძემ კობახიძის მიერ დასახული ილიას გზა დაიკიდეთ და ჩემსას გაყევითო".

სერგო რატიანი, პარლამეტარი:

"ფბ-ის სტატუსით გადადგომასაც მოვესწარით".

არჩილ გამზარდია, ექსპერტი: "მოვიდა დაბუსტვით, მიდის დაუბუსტავად...

მე რომ მკითხოთ, საცოდაობაა, გერქვას პრემიერი, ან მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე და იყო არარაობა, ჩვეულებრივი დეკორაცია და მეტი არაფერი. საცოდაობაა "ქართული ოცნების" მოხელეების ყურება. ყველანაირი ინსტიტუციონალიზმი დანგრეულია ამ ქვეყანაში.

პ. ს. სამაგიეროდ, სივიში ეწერება რომ პრემიერი იყო"

ბუბა კუდავა, ისტორიკოსი:

"დანიშნეს წინას მოხსნის მიზნით და

მოხსნეს ახლის დანიშვნის მიზნით.

შევა ისტორიაში, აბა რა!"

რომან გოცირიძე, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი:

"განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, - წერს აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბახტაძე.

ანუ, 6 წელიწადი ”უჩარჩოოდ” და უსტრატეგიოდ მოქმედებდა ხელისუფლება და მე ”დავულაგე” ყველაფერიო.

ვერ ხვდება, რომ დაასამარა ”ქართული ოცნება"

ჩარჩოო, თქვა პრემიერმა და ფანჯრიდან მოისროლეს..."

უჩან ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი:

"როდესაც ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი მორღვეულია, კარგად მხოლოდ ფეისბუქი მუშაობს".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ახლა თავი იმაზე უნდა ვიმტვრიოთ, რა მისია შეასრულა ბახტაძემ?"

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:

"ოდეს ყოფილა აქამომდე ქვეყნის პირველ პირს ფეისბუქსა შინა პოსტითა მუნ დასტურ ეყოს თვისი თავისა გადადგომა?

პირველად მსოფლიო ისტორიაში!

მოკლედ, როგორ ვირტუალურადაც პრემიერობდა, ისე ვირტუალურად დაგვემშვიდობა.

იყო და არა იყო რა".