"ხელისუფლება ახლა აფექტის მდგომარეობაშია, უმრავლესობის წევრები ბუნკერში არიან ჩაკეტილები..." - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ახლა აფექტის მდგომარეობაშია, უმრავლესობის წევრები ბუნკერში არიან ჩაკეტილები..."

"ვერ გამოვრიცხავ, რომ რიგგარეშე არჩევნები შედგეს, მაგრამ ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ ვიღაცა გეგმავდა, უბრალოდ სხვა რამე უნდოდათ და ეს გამოუვიდათ"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საზოგადოებას "ფეისბუკით" აცნობა, ვრცელ პოსტში კი მისი პრემიერობისას მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა. (იხილეთ სრულად)

ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილს ვთხოვეთ:

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხელისუფლების პირობებშო დღემდე არსებულ პრემიერებს შორის მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან უცნაურად წავიდა. გაგახსენებთ ღარიბაშვილის წასვლას, ერთ დღეს გამოაცხადა იბერიის გაბრწყინება და სამ დღეში გამოვიდა, გადავდექიო, იგივე კვირიკაშვილი, გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე იყო უპრეცედენტო რეფორმის გამტარებელი პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე დღეში ვნახეთ საკმაოდ სკანდალური გადადგომა, დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა კი "ფეისბუკით" გადაწყვიტა ამ სიახლის გავრცელება, თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს არ იყო სიახლე, როგორც მინიმუმ გუშინდელი დღის შემდეგ ვიცოდით, რომ ეს განცხადება გაკეთდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა რაღაც ღრმააზროვან დუმილს ინარჩუნებდა, მათთვის ყველაფერი ცნობილი იყო წინასწარ.

ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა დღის მთავარი თემა რომ გახდეს, ამის შანსი საკმაოდ დაბალია. დღის ბოლომდე მიაღწევს თუ არა "ნიუსად" და აქტუალობას შეინარჩუნებს თუ არა, ესეც კი არ არის ცნობილი იმიტომ, რომ არ არსებობს ამ ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი, ანუ ძალის ცენტრი და ინსტიტუციური ცენტრი ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულები არიან და არავის აქვს განცდა, რომ ის იღებდა გადაწყვეტილებებს, ამიტომ ეს მორიგი საპნის ბუშტი იყო და მეტი არაფერი, ისევე როგორც წინა 2 პრემიერ-მინისტრი, რომლებიც 3 დღეში ყველას დაავიწყდა. ხოლო დღეს საზოგადოებას აინტერესებს არა ბახტაძე, არამედ ის თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის გადადგომა დღეს არათუ დღის ნიუსია და წლის ნიუსია, ზოგიერთ შემთხვევაში ეპოქის ნიუსიც არის ხოლმე, ჩვენთან ასე არ ხდება.

- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი გახარიას კანდიდატურას იმიტომ წარადგენს, რომ ამან გამოიწვიოს პოლიტიკური კრიზისი, ანუ შესაძლოა პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა ჩააგდოს, რაც გამოიწვევს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს... - სიმართლე გითხრათ, შეთქმულების თეორიებს არ ავყვებოდი იმიტომ, რომ ამ ხელისუფლებას ამ ტიპის მასშტაბური პოლიტიკური თამაშის უნარები არ აქვს და ბიძინა ივანიშვილზე მსჯელობა და რაღაც შეთქმულების თეორიების განვითარება, ღრმად არასერიოზულად მიმაჩნია. ბევრად უფრო მარტივად არის საქმე, ვერ გამოვრიცხავ, რომ რიგგარეშე არჩევნები შედგეს, მაგრამ ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ ვიღაცა გეგმავდა, უბრალოდ სხვა რამე უნდოდათ და ეს გამოუვიდათ და არ ის, რომ ვიღაცა ამ მიმართულებით შეგნებულად მუშაობდა.

ხელისუფლება ახლა ე.წ. აფექტის მდგომარეობაშია, აფექტის მდგომარეობაში იღებენ გადაწყვეტილებებს და რაც დაჯდება დაჯდება, დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა, უმრავლესობის წევრები ბუნკერში არიან ჩაკეტილები, გათიშული აქვთ ტელეფონები, ინტერნეტი, შექმნეს თავიაანთი სამყარო, ექსკლუზიური რეალობა და იმ რეალობის პირობებში იღებენ გადაწყვეტილებას და ანხორციელებენ.

იხილეთ ასევე: რას უპირებენ გიორგი გახარიას? - რა ინფორმაციები ვრცელდება კულუარებში

(სპეციალურად საიტისთვის)