"ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას"

ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

ხუხაშვილის თქმით, ჯერ უნდა მომხდარიყო პრემიერ-მინისტრის წარდგენა და შემდეგ პრემიერ-მინისტრს უნდა წარედგინა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი.

"პროცედურა ცოტა სხვანაირია, წარდგენა უნდა მომხდარიყო პრემიერ-მინისტრის და პრემიერ-მინისტრმა ამის შემდეგ უნდა წარმოადგინოს მთლიანად მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ როგორც ჩანს, იჩქარეს. ესეც რაღაც ინსტიტუციურ არეულობაზე მეტყველებს იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ერთად წარდგენა როგორც წესი, არ ხდება",- განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, "ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს კონფიგურაცია ამ საარჩევნო ციკლში, 2020 წლის არჩევნებამდე მისთვის არის ოპტიმალური".

"ფაქტია, რომ მთავარი თემა, მთავარი ტექნოლოგია იქნება უცვლელი, შუას გაკრეფა, ისე უზრუნველყოფა, რომ არ გაჩნდეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ისევ ის მარტივი ნარატივი, რომ ვართ ჩვენ და არის "ნაციონალური მოძრაობა" . "ნაციონალური მოძრაობა" არის მტერი, ვინც ჩვენთან არ არის, ყველა არის მტერი, ანუ "ნაციონალური მოძრაობა" . ეს იქნება მთავარი სქემა წინასაარჩევნოდ. გასაგებია, რომ, ერთი მხრივ, გახარიამ აკრიფა ნეგატივი, მაგრამ, მეორე მხრივ, შუას გაკრეფისთვის, ასე ვთქვათ, ანტიგმირის ჩანაცვლებისთვის კრიტიკული ელექტორატისთვის, ის არის ოპტიმალური ფიგურა ბიძინა ივანიშვილისთვის. ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად. წყალი რომ აიმღვრევა და თუ მოხერხდა ეს შუას გაკრეფა და ორპოლუსიანობის შენარჩუნება, ამ შემთხვევაში, პრინციპში, ის თვლის, რომ შანსი, რომ ის მოგებული დარჩეს ამ სიტუაციიდან, არის მაღალი, მაგრამ მთელ ნეგატივს შეისრუტავს გახარია და თვითონ დარჩება "თეთრ სახლში", ამის იმედი აქვს",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარიაწარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაკეთდა.

გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილიდან "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

იხილეთ ასევე: ვინ გაუწია გიორგი გახარიას ივანიშვილთან რეკომენდაცია და ვის აჩუქა 120 000 დოლარი - ყველაფერი მომავალი პრემიერ-მინისტრის შესახებ

"ინტერპრესნიუსი"