"როგორც მაღაზიის დირექტორებს, ისე ხსნიან და ნიშნავენ პრემიერ-მინისტრებს" - რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები გახარიას პრემიერ-მინისტრობაზე? - კვირის პალიტრა

"როგორც მაღაზიის დირექტორებს, ისე ხსნიან და ნიშნავენ პრემიერ-მინისტრებს" - რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები გახარიას პრემიერ-მინისტრობაზე?

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა... დაგვაინტერესა თუ როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს ცნობილი ქართველი ხელოვანები და მათ თავად გავესაუბრეთ...

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი:

- თქვენ რა, ეჭვი გეპარებოდათ იმაში, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნებოდა? კარგით რა, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ! მთელმა ქვეყანამ იცოდა აქამდეც, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიას ენდობა! აქედანაც ჩანს საზოგადოების უპატივცემულობა, არაფრად ჩაგდება, დაშინება და ყველაფერი ერთად! გახარიასი არც არავის ეშინია, მაგრამ აქ რუსეთი, მგონია, გადამწყვეტი! რუსეთის კადრია გიორგი გახარია! მე თუ მეკითხებით, როგორია ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ, ისეთივე უარყოფითი, როგორც ყველასი! ვერასოდეს დავივიწყებ, რაც 21 ივნისს მოხდა! რაც გიორგი გახარიამ დაატრიალა, იმის შემდეგ ნორმალური კაცი,  საშუალოდ ნორმალური მაინც თავის ნებით წავიდოდა თანამდებობიდან! ეს კიდევ დაწინაურდა და საერთოდ ქვეყნის პირველი პირი გახდა... ახლა მალე კიდევ ვიღაცას დანიშნავენ, როგორც მაღაზიის დირექტორებს, ისე ხსნიან და ნიშნავენ პრემიერ-მინისტრებს! ეს ქვეყანა აღარ არის, კაცო და ეს ხელისუფლება ძალიან მალე დამთავრდება! ასე ვფიქრობთ ყველა, ჩვენც ხომ გვაქვს ცოტა აზროვნების უნარი, მთლად სულელები რომ ვგონივართ მაგათ, ეგრე არ არის! ხალხი ამდენს ვეღარ შეეგუება, ნათლად ჩანს, რომ ძალიან ღრმაა სახელისუფლებო კრიზისი...

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი:

- კარგა ხანია ასე არაფერი გამახარებდა, როგორც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნამ გამახარა! გადასარევი კანდიდატურაა! გიორგის პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ერთხელ შევხვდი და სამახსოვრო ფოტო გვაქვს ერთად გადაღებული... ძალიან კარგი შთაბეჭდილების ვარ და კარგის მოლოდინი მაქვს! ოღონდ ქართველებმა ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ყველა პოლიტიკაში ნუ გადავეშვებით! მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, რუსთაველის პრემიის ლაურეატი ვარ, მეტი რა მექნა?!

- გიორგი გახარიას 21 ივნისის ღამეს უხსენებენ...

- ხალხი ჩემთვის არის ყველაზე უზენაესი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს თავის ადგილი და მამაძაღლებს არ აყვნენ! ამერიკა დიდად არ მომწონს, მაგრამ თუ ვაჟკაცი ხარ პოლიციელს ზედმეტი გაუბედე! კანონი უნდა კანონობდეს და ამას მიაღწევს გიორგი გახარია, ჩვენ თუ ხელს შევუწყობთ! ჩვენს სახლებში უნდა გვქონდეს წესრიგი, ყველაფერი ოჯახიდან იწყება!

გიორგი გახარიას ერთს ვთხოვდი: ბიზნესი ძალიან რთული რამეა, მე არც ბიზნესმენი ვარ, არც მცოდნე და საერთოდ ძალიან შორს ვარ... გიორგი გახარიას ახლა ყველაზე დიდი ჯოხი უჭირავს და უნდა იცოდეს ეს ჯოხი სწორად ვის დაარტყას! ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ამ მხრივ, რადგან ზოგჯერ ყველას გვეშლება...

- მამუკა ხაზარაძესთან დამოკიდებულებას გულისხმობთ?

- არა მხოლოდ! მამუკა იქნება, ბადრი თუ სხვა... ჩემი მარჩენალი არავინ არის, მაგრამ ბიზნესია საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანი და ეგ გვაცხოვრებს. თუმცა ისიც ყველამ უნდა იცოდეს, საქართველო ქვეყანაა, სადაც წესი და კანონი მოქმედებს!

გიორგი გახარიას მსგავსი მინისტრი ჯერ არ გვყოლია საქართველოში და ერთსაც ვეტყოდი, სიმართლე ყოველთვის მის მხარეს უნდა იყოს და მაშინ იქნება კარგი პრემიერ-მინისტრი!

იმედა კახიანი, მსახიობი:

- შესანიშნავი კანდიდატურაა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე! რაც ამ კაცმა თავის საქმით გვაჩვენა - ცოდნა, პრინციპულობა და ქვეყნის სიყვარული, მეტი რაღა უნდა გვინდოდეს?! არიქა, ტყვიები დაგვიშინაო და მე საკუთარი თვალით მინახავს ბევრად უარესი ქმედებები საზღვარგარეთ! გიორგი გახარიას არ გამოუგონია რეზინის ტყვიები და დარწმუნებული ვარ, აქ დამიზნებით არავის უსვრია! გიორგი გახარიას და ვანო მერაბიშვილს ვინც ერთმანეთს ადარებს, უვარგისი ადამიანები არიან და არაფერი ესმით!

საერთოდ ვინ იყო ვანო მერაბიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" ხსენებაც აღარ უნდა იყოს ამ ქვეყანაში! გიორგი გახარია არის ნამდვილი პატრიოტი თავის ქვეყნის და ღმერთმა ხელი მოუმართოს! ხალხი შეჭრას აპირებდა პარლამენტში და მეტი უკიდურესი მდგომარეობა, რა უნდა ყოფილიყო? "ნაციონალების" იდიოტური ქმედება და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევა აღკვეთა და პირიქით, ბევრს აპატია კიდეც! მე გიორგი გახარიას არასოდეს შევხვედრივარ, არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან კარგი წარმოდგენის ვარ მასზე!

იხილეთ ასევე: ვინ გაუწია გიორგი გახარიას ივანიშვილთან რეკომენდაცია და ვის აჩუქა 120 000 დოლარი - ყველაფერი მომავალი პრემიერ-მინისტრის შესახებ

(სპეციალურად საიტისთვის)