საშემოდგომო სესია ჰიმნით გაიხსნა, რომლის დასრულებისთანავე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გახარიას პრემიერად წარდგენა სასტვენებით გააპროტესტეს - კვირის პალიტრა

საშემოდგომო სესია ჰიმნით გაიხსნა, რომლის დასრულებისთანავე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გახარიას პრემიერად წარდგენა სასტვენებით გააპროტესტეს

პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე "ევროპული საქართველოს" წევრებმა პროტესტის ერთგვარ ფორმას მიმართეს და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გამოხატულ პროტესტს სხდომაზევე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

"ასე გადაწყვიტეს ჩვენმა კოლეგებმა, რომ დღეს ქვეყანაში არსებული დემოკრატია და დემოკრატიის ხარისხი გამოხატონ. საზოგადოებას ვთხოვ, თვალი მიადევნოს," - აღნიშნა თალაკვაძემ.

მოგვაინებით არჩილ თალაკვაძემ "ევროპული საქართველოს" წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატები გააფრთხილა და მოუწოდა, მათ წესრიგი დაეცვათ.

"პარლამენტის რეგლამენტის 224 მუხლის თანახმად, ვაფრთხილებ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელს უშლიან სხდომის წარმართვას. ვინაიდან ამ გაფრთხიელბას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები, ამავე მუხლის თანახმად, ვთხოვ მანდატურის სამსახურს, რომ მათ დაატოვებინოს დარბაზი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ "ევროპული საქართველოს" წევრების გარდა, საბოლოოდ დარბაზიდან გავიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატებიც.

რაც შეეხება საშემოდგომო სესიის დღის წესრიგს, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც პარლამენტის დღის წესრიგში დგება, ახალი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

ამასთან, საშემოდგომო სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ამასთან, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტში განსახილველად გატანამდე, პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცედურა დაიწყება.

პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

გარდა ამისა, პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში დადგება გენერალური პროკურორის, სახელმწიფო აუდიტორის და სახალხო დამცველის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, რაც საგაზაფხულო სესიაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა გადაიდო.

"ინტერპრესნიუსი"