ისევ მინისტრთა კაბინეტში... ამჯერად ცოლის ნათესავების გარეშე?! - ღარიბაშვილის "მეორედ მოსვლა" - კვირის პალიტრა

ისევ მინისტრთა კაბინეტში... ამჯერად ცოლის ნათესავების გარეშე?! - ღარიბაშვილის "მეორედ მოსვლა"

როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკაში დაბრუნებული ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტშიც დაბრუნდა, თუმცა არა შს მინისტრად როგორც ამაზე მედიაში იწერებოდა, არამედ თავდაცვის მინისტრად.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამა წლის გაზაფხულზე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა.

ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, რეინკარნაცია მოხდა იმ სახეების და იმ ღირებულებების, რა სახეებით და ღირებულებებითაც წარსდგა "ქართული ოცნება" 2012 წელს, ხოლო ნაწილის აზრით, ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს კონფიგურაცია ამ საარჩევნო ციკლში, 2020 წლის არჩევნებამდე მისთვის ოპტიმალურია.

პირველად პოლიტიკაში

ირაკლი ღარიბაშვილი 1982 წლის 28 ივნისს თბილისში დაიბადა. დაამთავრა დედოფლისწყაროს N1 საშუალო სკოლა. სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განაგრძო.

მოგვიანებით სწავლობდა პარიზში სორბონის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.

პოლიტიკაში მოსვლამდე, წლების განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის "ბანკ ქართუში" მუშაობდა. ის 2011 წელს "ქართული ოცნების" დამფუძნებელთა შორის იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი ის ჯერ პარლამენტის წევრი გახდა, შემდეგ კი მთავრობის ფორმირებისას, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა, შესაბამისად, პარლამენტი დატოვა.

შს მინისტრად ყოფნისას ღარაბაშვილის ერთ-ერთი ხმაურიანი ნაბიჯი სააკაშვილის ხელისუფლების დროს, უკნანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიო ასობით ფაილის, ჟურნალისტების თვალწინ, განადგურება იყო, თუმცა ეს მაინც არ გახდა გარანტი იმისა, რომ ეს ბინძური პროცესი ქვეყანაში დასრულებულიყო, სამწუხაროდ, ფარული ჩანაწერების გავრცელება დღემდე პრობლემაა. ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ ეს პოსტი მისმა ფავორიტმა ირაკლი ღარობაშვილმა ჩაიბარა, რომელიც, როგორც ამბობდა, შვილივით უყვარდა.

ღარიბაშვილი და მისი ცოლის ნათესავები ცალკე აღნიშვნის ღირსია ღარიბაშვილის ნათესაური კლანი, რომელიც შეიძლება ითქვას, მისი პრემიერის თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა. როგორც ცნობილია ის არის კახეთის პოლიცის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის სიძე. მისი ცოლისძმა, ლექსო თამაზაშვილი კი დეპუტატი გახლდათ. ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებს ე.წ. კახურ კლანადაც მოიხსენიებდნენ, რომელშიც შედიოდა თამაზ თამაზაშვილი, ღარიბაშვილის ცოლის კიდევ ერთი ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი. ასევე, ძმები ჩხენკელები, რომლებიც ასევე ღარიბაშვილის ნათესავები არიან.

კახა კალაძე, ალექსანდრე თამაზაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი

ალბათ მკითხველს ახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის ხმაურიანი სტუმრობა პარლამენტში, როდესაც ჯერ კიდევ შს მინისტრმა, ნეპოტიზმთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხად, განაცხადა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის... ეს ფრაზა შეიძლება ითქვას, რომ ფრთიან ნათქვამად იქცა.

მისი პრემიერის თანამდებობაზე მოღვაწეობის ყველაზე ნათელი და დასამახსოვრებელი მომენტი არის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. პრემიერობის დროს მასვე ეკუთვნის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება ქორწინებასთან დაკავშირებით. მისი ინიციატივის მიხედვით, კონსტიტუციაში განისაზღვრა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, თუმცა თავად ღარიბაშვილმა ქორწინების ნაცვლად ოჯახი თქვა, მოგვიანებით კი მისმა თანაგუნდელებმა განმარტეს, რომ იმ დროის პრემიერმა სწრედ ქორწინება იგულისხმა. მის კიდევ ერთ ფარაზას საკმაოდ ხშირად იხსენებდნენ მისი ოპონენტები, ის ლამის ყველა თავის საჯარო გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდიდა. ფრაზა "მადლობა ბატონ ბიძინას!" - ლამის სახუმარო ფრაზად იქცა...

პოლიტიკიდან წასვლა

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ისე გადადგა, საზოგადოებამ ინფორმაციის სრულად გაცნობიერებაც ვერ მოასწრო. 2015 წლის 23 დეკემბრის დილით, ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოზე გავრცელებულ ინფორმაცია პრემიერის ადმინისტრაციამ კატეგორიულად უარყო, საღამოს კი საგანგებო ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი პოსტიდან წასვლის შესახებ იუწყებოდა. აღსანიშნავია, რომ სიტყვის დასასრულს მან მადლობა ოჯახს, მეუღლესა და შვილებს გადაუხადა, თუმცა არ გახსენებია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მემკვიდრედაც ის 2013 წელს დასახელდა და რომლისთვისაც სამადლობელ სიტყვებს არასდროს იშურებდა. როგორც ამბობენ, ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის ერთერთი მიზეზი მისი "კახური კლანის" ფინანსური მაქინაციები გახდა, რომლის შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა შეიტყო.

ახლა კი, როგორც ჩანს, ისევ ივანიშვილის გადაწყვეტილებით ბრუნდება პოლიტიკაში. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ღარიბაშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც ჩნდებოდა ივანიშვილთან.

მას შემდეგ, იყო საუბრები, რომ ღარიბაშვილი ოპოზიციაში გადაინაცვლებდა, რომ მიიღებდა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა საუბრები საუბრებად დარჩა...

ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესა და შვილებთან ერთად

ბოლო პერიოდში, თანამდებობიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად მუშაობდა.

ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. მას ნათესაური კავშირიც აქვს ივანიშვილებთან - ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი ვაჟის ნათლიაა.

იხილეთ ფოტოგალერეა

(სპეციალურად საიტისთვის)