"დამნაშავის ძიების და ამაზე კამათის ნაცვლად, ყველა ქართველის ინტერესი უნდა იყოს, რომ ანაკლიის პროექტი წინ წავიდეს" - კვირის პალიტრა

"დამნაშავის ძიების და ამაზე კამათის ნაცვლად, ყველა ქართველის ინტერესი უნდა იყოს, რომ ანაკლიის პროექტი წინ წავიდეს"

დამნაშავის ძიების და ამაზე კამათის ნაცვლად ყველა ქართველის საერთო ინტერესი უნდა იყოს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წინ წავიდეს, - ამის შესახებ მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი Georgia today-სთან ინტერვიუში აცხადებს.

„აშკარაა, რომ პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს - ამბობენ, რომ კონსორციუმმა ვერ შეძლო საკმარისი დაფინანსების უზრუნველყოფა და ისინი მთავრობას ძალიან ბევრს ითხოვენ კერძო პროექტისთვის - არსებობს წინააღმდეგობრივი ნარატივები. მე მქონდა სხვადასხვა შეხვედრა საქართველოში, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიმეღო ამის შესახებ და მე ვთქვი, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი წინ წავიდეს. დამნაშავის ძიების და ამაზე კამათის ნაცვლად, ყველა ქართველის საერთო ინტერესი უნდა იყოს რომ ეს პროექტი წინ წავიდეს.

ეს პროექტი დააკავშირებს საქართველოს ეკონომიკას გლობალურ ეკონომიკასთან და ცენტრალური აზიის ეკონომიკას გლობალურ ეკონომიკასთან საქართველოს გავლით. ასე რომ, მას აქვს დიდი პოტენციალი, რომ გახდეს დამატებითი ელემენტი ეკონომიკური ალტერნატივის შექმნისთვის, სტაბილურობის, ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის საქართველოში და რეგიონში,” - აცხადებს ვოლკერი ანაკლიის პროექტზე საუბრისას Georgia today-სთან ინტერვიუში.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას რუსეთის პოზიციაზე, რომელიც ირწმუნება, რომ ანაკლიის პროექტმა შესაძლოა, აშშ-სა და ნატო-ს წყალქვეშა ნავები შემოიყვანოს, მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს არის ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდისტული მანქანა.

„არაფერია ამ პროექტში ისეთი, რისი დაკავშირებაც შეიძლება საომარ ქმედებებთან ან აშშ-ს სამხედროებთან. პროექტი ეხება მხოლოდ საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნავს ის.

ამასთან, კურტ ვოლკერისგან ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრით და იმითაც ინტერესდება, რამდენად ემთხვევა ივანიშვილის ხედვა პორტთან დაკავშირებით აშშ-ს ხედვას.

„არ მინდა მის პირად მოსაზრებაზე დაკონკრეტება. მე ასევე შევხვდი ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენლებს და სხვებს. მე ვერ ვიპოვე ვინმე, ვინც არ ეთანხმებოდა იმ აზრს, რომ ამ პორტის დასრულება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მოხერხდა დაფინანსდა ჯერჯერობით. მაგრამ, პროექტის დასრულების სტრატეგიულ მნიშვნელობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ყველა შეთანხმებულია“, - აცხადებს ვოლკერი.

"ინტერპრესნიუსი"