"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე სოფელ სინაგურში იმყოფებოდა, სადაც..." - რას წერს ოსური მედია - კვირის პალიტრა

"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე სოფელ სინაგურში იმყოფებოდა, სადაც..." - რას წერს ოსური მედია

"სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადთაევი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო სოფლის მახლობლად ქართული პოლიციის პოსტის მოწყობის სამუშაოებს. აღნიშნულის შესახებ "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. "პარლამენტის" პრესსამსახურმა სააგენტო "რესს" აცნობა. მათივე ინფორმაციით, სინაგურის მცხოვრებლებმა იჩივლეს, რომ 25 აგვისტოდან ამ სოფლის შემოგარენში საქართველოს პოლიციის პოსტის მოსაწყობად სამუშაოები განახლდა. "დეპუტატები" აპირებენ მესაზღვრეებთან ერთად ადგილზე გაეცნონ სიტუაციას და დაადგინონ სად გადის "საზღვარი".

მანამდე "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო ხელისუფლების КГБ იტყობინებოდა, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად, ქართული მხარე ცდილობს "საზღვრის" ამ მონაკვეთზე დაძაბულობის პროვოცირება მოახდინოს. მათივე ცნობით, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს გზის მონაკვეთის კაპიტალურ რემონტს, რომელიც პოლიციის პოსტს დააკავშირებს სოფელ პერევთან.

"სამხრეთ ოსეთის" КГБ აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მსგავსი მოქმედებები "პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ხელს არ უწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვართან".

"ინტერპრესნიუსი"