"მოსკოვში, როგორც ჩანს, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას დადებითად აღიქვამენ" - როგორ ეხმაურება სამთავრობო ცვლილებებს მსოფლიო პრესა - კვირის პალიტრა

"მოსკოვში, როგორც ჩანს, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას დადებითად აღიქვამენ" - როგორ ეხმაურება სამთავრობო ცვლილებებს მსოფლიო პრესა

უცხოური მასმედია საკმაო ყურადღებას უთმობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და მომხდარ ფაქტებს, კერძოდ, მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს და აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი მეთაურის გიორგი გახარიას სამომავლო საქმიანობის პერსპექტივას, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. გთავაზობთ ზოგიერთი პუბლიკაციის მიმოხილვას:

ბრიტანული სამაუწყებლო ტელერადიოკომპანიის BBC-ის რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში "საქართველოს პრემიერი ყოფილი შს მინისტრი გახდება, რომელიც ცნობილია თბილისში აქციის მკაცრი დარბევით" (ავტორი - თემურ კიღურაძე) ყურადღება გამახვილებულია პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას მკაცრ მოქმედებაზე ოპოზიციის მიმართ, როცა იგი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო (ჩამოთვლილია მრავალრიცხოვანი ფაქტები). პუბლიკაციაში კომენტარს აკეთებს ექსპერტი კახა გოგოლაშვილი, რომლის აზრით, "ის, რომ გიორგი გახარიას ბიოგრაფიაში რუსული კვალია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამით ახალი პრემიერი საქართველოს საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციას შეცვლის - ეს არ მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებისათვის უკრაინის მსგავსი მოვლენები განმეორდება (როცა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაემხო). შესაბამისად, არც რუსეთი არ შეცვლის თავის მიდგომებს საქართველოსთან". (წყარო)

აზერბაიჯანული გაზეთი Каспiй  საქართველოში მომხდარ სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება პუბლიკაციით "კანონზომიერი გადადგომა: ახალი პრემიერის დანიშვნით საქართველოში ხელისუფლება უფრო ხისტი გახდება" (ავტორი - რომან ვასილიევი). სტატიის ავტორი ესაუბრება ქართველ ექსპერტებს - პაატა ზაქარეიშვილს და გია ხუხაშვილს, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ აწ უკვე ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის საქმიანობას მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე და ხაზს უსვამენ, რომ იგი თვითონ კი არ გადადგა, არამედ ქვეყნის ფაქტიურმა მმართველმა ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა. ექსპერტების აზრით, საქართველოში პარადოქსული ვითარებაა - ხელისუფლება საგარეო და საშინაოპოლიტიკურ წარმატებებზე ლაპარაკობს, სინამდვილეში კი არანაირი წინსვლა არ იგრძნობა.

პუბლიკაციის ავტორის აზრით, ახალი პრემიერი გიორგი გახარია უფრო ხისტი იქნება: "იგი როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, საზოგადოებას თავი საკმაოდ ბევრი მკაცრად განხორციელებული სპეცოპერაციით დაამახსოვრა". სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მისი ბიოგრაფიის "რუსულ წარსულზე". როგორც სტატიაშია აღნიშნული, გიორგი გახარიას კანდიდატურამ, პოლიციის ხელმძღვანელობის დროს მისი მოქმედების გათვალისწინებით, ოპოზიციის წარმომადგენლების უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, რომლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს (წყარო).

გაზეთ "Московский комсомолец"-ში (რუსეთი) დაბეჭდილია მასალა საკმაოდ "შთამბეჭდავი" სათაურით - "საქართველოს პრემიერი "ემგეუს"-ს კურსდამთავრებული გახდება // მისი კანდიდატურის წამოყენება მიხეილ სააკაშვილისათვის "ბრანწის" ჩვენებას ნიშნავს" (ავტორი - მარინა პერევოზკინა).

"ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოხსნას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, საპროტესტო აქციაც გამართეს, მაგრამ გიორგი გახარია მინისტრობიდან კი არ მოხსნეს, პირიქით, მას აწინაურებენ და გაპრემიერმინისტრობას უპირებენ", - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ამით ბიძინა ივანიშვილი აჩვენებს - "მას ოპოზიციის აქციებისა არ ეშინია. ფაქტობრივად, "ქართული ოცნების" ლიდერმა ოპოზიცია დაამცირა და დასცინა: აი, თქვენი მოთხოვნა შესრულებულია, შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან წავიდაო".

სტატიაში საუბარია მთავრობის წევრების კანდიდატებზე, საკადრო ცვლილებებზე - რომელი ჩინოვნიკი სად დაინიშნება ან რომელი შეინარჩუნებს თანამდებობებს. მოცემულია მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ლიდერების კომენტარებიც.

ავტორი რუსეთის ხელისუფლების სავარაუდო რეაქციაზეც წერს და აღნიშნავს: "მოსკოვში, როგორც ჩანს, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა დადებითად იქნება აღქმული: მის ბიოგრაფიაში რუსეთი საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს... ახლა კი სიტყვა ოპოზიციას ეკუთვნის, რომელმაც თავისი მუქარები უნდა შეასრულოს და ქუჩაში ასობით ათასი ადამიანი უნდა გამოიყვანოს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ამით ოპოზიცია საკუთარ მზარდ უუნარობას დაადასტურებს... რაც ძალიან სასარგებლო იქნება "ქართული ოცნებისათვის" მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კვალობაზე, რომელიც 2020 წელს გაიმართება" (წყარო)

რუსულ "Независимая газета"-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "ივანიშვილმა თავისი პოზიციების გაძლიერება გადაწყვიტა: მან პრემიერ-მინისტრად შინაგან საქმეთა მინისტრი - ოპოზიციის მოწინააღმდეგე წამოაყენა" (ავტორი - იური როქსი) მიმოხილულია მთავრობის ცვლილების სავარაუდო გეგმა და ხაზგასმულია გიორგი გახარიას პრემიერად წამოყენების მიზეზები: "ივანიშვილის გადაწყვეტილება გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნის თაობაზე იმას მოწმობს, რომ მმართველი პარტიის ლიდერმა თავი დაანება ოპოზიციასთან - უპირველესად კი ყოფილ სახელისუფლო პარტიასთან ("ნაცმოძრაობასთან") კომპრომისების ძიების მცდელობებს და განზრახული აქვს მოახლოებული არჩევნებისათვის მმართველი პარტია მაქსიმალურად გააძლიეროს. მან ფსონი ამ "პროექტში" გიორგი გახარიაზე გააკეთა".

ავტორის აზრით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა საზოგადოებაში განხეთქილებას გააღრმავებს და პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას მოახდენს. "გამორიცხული არაა, რომ პარლამენტთან მიმდინარე მუდმივი აქციის ტრანსფორმაცია მოხდეს და ოპოზიციამ ახალი მოთხოვნები წამოაყენოს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ასეთი სცენარისათვის მზადაა", - ასეთი დასკვნაა გაკეთებული სტატიაში (წყარო).

მოამზადა სიმონ კილაძემ