"შეცდომა იყო ის, რომ მოსახლეობასთან უფრო მეტად უნდა გვემუშავა" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური პანკისის მოვლენებზე? - კვირის პალიტრა

"შეცდომა იყო ის, რომ მოსახლეობასთან უფრო მეტად უნდა გვემუშავა" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური პანკისის მოვლენებზე?

პანკისის ხეობის თემაში, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო და უნდა შესულიყო - მე შეიძლება სპეცდანიშნულების რაზმი მეტი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო, - ამის შესახებ შს მინისტრის პოსტზე წარდგენილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მან აღნიშნა ისიც, რომ იღებს პასუხისმგებლობას როგორც პანკისის ხეობაში, ასევე 20 ივნისის პროცესებზე, "თუკი რაიმე დაშავდა და გაფუჭდა".

"რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო იყო ჩასატარებელი. შეცდომა იყო ის, რომ მოსახლეობასთან უფრო მეტად უნდა გვემუშავა. სპეციფიკური ხეობაა. არ ვიტყვი, რომ ეს მარტო შსს-ს ან სუს-ის შეცდომა იყო. მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. მეტი უნდა გვემუშავა - როცა შედის კომპანია, უწვავენ ექსკავატორს, უწვევენ ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა შესულიყო და დაეცვა. თავიდან სპეცდანიშნულების რაზმი არ შეუყვანიათ, შევიდა 30-35 კაცი და შემდეგ სიტუაცია რომ დაიძაბა, ანალოგიურად მეც იგივეს გავაკეთებდი - სპეცდანიშნულების დანაყოფს შევიყვანდი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე დასმული შეკითხვის პასუხად.

"ინტერპრესნიუსი"