ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა - რას ამბობს სუს-ის წარმომადგენელი? - კვირის პალიტრა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა - რას ამბობს სუს-ის წარმომადგენელი?

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა 13 სექტემბერს გაიმართება.

როგორც ანთაძემ საგუშაგოებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული არ არის.

"განხილვის საგანი მხოლოდ ერთი საკითხი იყო, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები და ასევე ის უკანონო ქმედებები, რომელიც ხორციელდება გუშინდელი დღიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგინეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და განვუმარტეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილზე სტაბილურობა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. ასევე ხაზი გავუსვით იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რაც უკანონოდ წარიმართება აღნიშნულ ტერიტორიაზე, ეს არის უსაფრთხოების გარემოსთვის დამაზიანებელი. კიდევ ერთხელ პრინციპულად მოვითხოვეთ, რომ ამგვარი ქმედებისგან ყველამ შეიკავოს თავი და ამგვარი ქმედებები აღიკვეთოს. პოზიციები კვლავ დიამეტრალურად განსხვავებულია. შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. შევთანხმდით, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება სიტუაციის ნორმალიზაციისთვის. ამის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს", - განაცხადა ანთაძემ.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი საგუშაგოს თემაზეც იყო და ამ საკითხზე მხარეების პოზიცია კვლავ რადიკალურად განსხვავებულია.

"შეხვედრის შესაბამის მონაწილეებს გავაცანით და ავუხსენით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და ასევე ის გარანტიები, რაც შეიძლება ჩვენ გავცეთ. გარანტიებში იგულისხმება, რომ აღნიშნული სტანდარტული საგუშაგო არის საპოლიციო საგუშაგო, რომელიც დაკომპლექტებულია სტანდარტული საპოლიციო პირადი შემადგენლობით და შეიარაღებით, განსხვავებით იმ სრულიად არაპროპორციული მოქმედებებისა, რასაც ადგილი აქვს მდინარე ლოპანის წყლის მოპირდაპირე ნაპირზე. ასევე, დიდხანს ვისაუბრეთ იმაზე და შევეცადეთ დაგვერწმუნებინა შეხვედრის მონაწილეები, რომ უსაფრთხოების გაჯანსაღება არანაირად არ შეიძლება იყოს დამაზიანებელი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ვითომდაც არსებული შიში არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

"ინტერპრესნიუსი"