აფხაზური კონიაკის გემო - კვირის პალიტრა

აფხაზური კონიაკის გემო

ჩვენი ოთხდღიანი ურთიერთობა ისე დასრულდა, მათთვის ერთხელაც არ გვიკითხავს, სურთ თუ არა ქართველებთან ერთად ცხოვრება. არც კონფლიქტის მიზეზებზე გვისაუბრია. არ გვიცდია იმის გარკვევა, რომელი იყო ჩვენ შორის მართალი და რომელი - მტყუანი. გვაინტერესებდა, როგორ ცხოვრობენ ისინი აფხაზეთში,  რა პრობლემები აქვთ. ვსაუბრობდით პროფესიულ საკითხებზე. ვცდილობდით, ერთმანეთი გაგვეცნო და ერთმანეთისთვის გაგვეგო.

ქართველი და აფხაზი ჟურნალისტები სტამბოლში ევროსაბჭომ შეგვყარა. სემინარის თემა კონფლიქტების გაშუქება იყო. ბევრი რამ გავიგეთ, მაგრამ ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის სემინარის მთავარი შედეგი აფხაზი და ქართველი ჟურნალისტების შეხვედრა იყო.

სტამბოლში რომ მივდიოდით, ყველა ჩვენგანი თავისთვის ფიქრობდა, რაზე ისაუბრებდა აფხაზ კოლეგებთან. წინასწარ ერთმანეთში არ მოგვილაპარაკია, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველანი ერთ დასკვნამდე მივედით: მთავარი არა ურთიერთობების გარკვევა, არამედ დამყარება იყო.

პირველ დღეს ჩვენმა აფხაზმა კოლეგებმა ცალკე მაგიდასთან ისადილეს. ჩვენც ჩვენთვის ვიყავით. ერთმანეთს ვაკვირდებოდით. სემინარებზე მხოლოდ ზოგად საკითხებზე ვმსჯელობდით, არც აფხაზები ცდილობდნენ მტკივნეული თემები წამოეჭრათ, განსაკუთრებით - ახალგაზრდა თაობა. თუმცა მათ დელეგაციაში  იყვნენ ძველი გვარდიის წარმომადგენლებიც, რომლებისთვისაც მსჯელობის მთავარი თემა  ქართველების უსამართლობა იყო. ეს განსაკუთრებით სემინარის უხუცეს მონაწილეზე, ბატონ ბორის ტუჟბაზე ითქმის. შეიძლება ითქვას, იგი ერთადერთი იყო, ვინც ურთიერთობის გარკვევას შეეცადა.

ბოლოს არგონავტებსაც კი გადასწვდა და მედეას ძმის, აფსირტეს უგულებელყოფისათვის გვისაყვედურა. ნაწყენი იყო იმის გამოც, რომ როდესაც ოთხმოციან წლებში ინგლისელმა მეცნიერმა ტიმ სევერინმა არგონავტების მარშრუტი გაიმეორა, თურმე ქართველებმა აფხაზეთამდე არ მივუშვით, ქართველებმა სევერინს აფხაზეთი დაუმალესო. მოკლედ, ყოველთვის ასე გვჩაგრავდითო და ა. შ.

აფხაზი ჟურნალისტების ახალ თაობას უკვე ეტყობოდა, რომ ისტორიულ საკითხებზე კინკლაობა დიდად აღარ აინტერესებდა. საბოლოოდ ბატონი ბორისიც მიხვდა, რომ კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო და ასეთ თემებზე ლაპარაკს თავი დაანება. ბოლო დღეს კი  ქართველ ჟურნალისტებთან თითქოს თავს იმართლებდა, ამ თემებზე იმიტომ ვილაპარაკე, რომ პრობლემა არსებობს და ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთო. როდესაც ბატონ ბორისს ვუსმენდი, მივხვდი, რომ თავის დროზე, სანამ ერთად ვიყავით, აფხაზებს ჩვენგან ყველაფერი ბავშვებივით სწყინდათ.

აფხაზურ დელეგაციაში იყო კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებმაც დისტანცია შეინარჩუნეს, მაგრამ უმრავლესობა ჩვენთან ურთიერთობას არ გაურბოდა. ამას ხელი შეუწყო ევროსაბჭოს მიერ შემუშავებულმა ფორმატმაც, - შერეულ ჯგუფებში დაგვანაწილეს და ყველას ერთი დავალება მოგვცეს. აფხაზები და ქართველი ჟურნალისტები ერთ საქმეს ვაკეთებდით და ვეჯიბრებოდით არა ერთმანეთს, არამედ სხვა ჯგუფებს, რომლებშიც ასევე აფხაზი და ქართველი ჟურნალისტები ერთად მუშაობდნენ და უკვე მეორე დღეს, სადილზე, ცალ-ცალკე მაგიდებზე კი არა, არამედ შერეულად ვისხედით.

მთავარი და მწვავე კითხვა, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში წამოიჭრა, ასეთი იყო: აინტერესებს თუ არა აფხაზ მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს რა ხდება საქართველოში? ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები, დიდ სურვილსა და მზადყოფნას გამოვთქვამდით, აფხაზეთში ჩავსულიყავით და იქაურ ყოფაზე რეპორტაჟები მოგვემზადებინა. ვწუხდით, რომ ამის საშუალება არა გვაქვს. როდესაც აფხაზ კოლეგებს შევთავაზეთ, ჩვენ მათზე მოგვემზადებინა რეპორტაჟები, ხოლო მათ - ჩვენზე, რომ საქართველოში სიხარულით ვუმასპინძლებდით, საკმაოდ ცივი პასუხი მივიღეთ:

აფხაზეთში არავის აინტერესებს, რა ხდება საქართველოში, შესაბამისად, თუ ამ თემაზე რეპორტაჟებს მოვამზადებთ, მას არც მაყურებელი და არც მკითხველი არ ეყოლებაო. მათი განმარტებით, ვიდრე საქართველოსგან საფრთხე ელოდათ, აფხაზებს აინტერესებდათ საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მაგრამ 2008 წლის შემდეგ, რაც აფხაზეთი რუსეთმა აღიარა, იქ რუსეთის ჯარი ჩადგა და ქართული საფრთხეც აღარ არსებობს, საქართველო აღარ აინტერესებთ. თავიდან ეს ძალიან გვეწყინა. ზოგი ჩემი კოლეგა ამტკიცებდა, ეს აფხაზების პოზაა, სინამდვილეში ძალიანაც აინტერესებთ, რა ხდება ენგურს აქეთო. შეიძლება ასეც არის, მაგრამ ვფიქრობ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ  ეს სიმართლეა.

ჩვენ დღეს აფხაზებისთვის მხოლოდ მტრული სახელმწიფო ვართ და ამიტომაც ვაინტერესებთ იმდენად, რამდენადაც ჩვენგან საფრთხეს მოელიან, ხოლო თუ საფრთხე არ არის, მტერი სახელმწიფო არც აინტერესებთ. ამ ხნის განმავლობაში ვერაფრით მოვახერხეთ, ისინი სხვა მხრივ დაგვეინტერესებინა. სააკაშვილი ძალიან კი ცდილობს ენგურს აქეთ მიმდინარე მშენებლობით მოხიბლოს, მაგრამ აფხაზები ჯერ მხოლოდ ფსოუს იქით მიმდინარე მშენებლობებზე ლაპარაკობენ (სოჭში ოლიმპიადისთვის დიდი სამზადისია).

არადა, ჩვენმა სემინარმაც ცხადყო, რომ არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებმაც შეიძლება აფხაზები დააინტერესოს. ის აფხაზი კოლეგები, რომლებიც პირველ დღეს ამტკიცებდნენ, რა გვესაქმება, რა ხდება ენგურს აქეთო, სემინარის ბოლოს უამრავ კითხვას გვისვამდნენ საქართველოში მასმედიის მდგომარეობის შესახებ. როგორც ჩანს, მედიას ხელისუფლებასთან იქაც იგივე პრობლემები აქვს, როგორიც ჩვენთან. როდესაც მედიის პრობლემებზე ვსაუბრობდით, უკვე ყველანი ერთ მაგიდასთან ვისხედით და აფხაზურ კონიაკსაც ერთად შევექცეოდით, თან ერთმანეთთან დაახლოებისა და შეხვედრის სადღეგრძელოს ვსვამდით. არადა, აქამდე არც კი ვიცოდი, აფხაზური კონიაკი თუ არსებობდა. სტამბოლში პირველად გავსინჯე და მგონი, არა უშავდა.

მე არა ვარ ილუზიებს აყოლილი ადამიანი, ამიტომ დიდ იმედს ამ შეხვედრაზე სულაც არ ვამყარებ, მაგრამ ფაქტია: ოთხდღიანი ურთიერთობა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მეგობრობის ძაფები გაბმულიყო. შეიძლება გულითადი მეგობრები არ გავხდით, მაგრამ უცხოებიც აღარ ვართ, უკვე ვიცით, ერთმანეთს როგორ დაველაპარაკოთ.

ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, ვინც ამ შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა, იმედი აქვთ, რომ პროექტს გააგრძელებენ. ამის იმედი ჩვენც გვაქვს და საერთოდ, არა მარტო ჟურნალისტები, სხვა პროფესიის ადამიანებიც თუ შეხვდებიან ერთმანეთს, კარგი იქნება. საერთო პროფესია, საერთო ინტერესები და საერთო პრობლემები საერთო ენას უფრო მარტივად გვაპოვნინებს. თუ კონიაკიც იქნება, მთლად უკეთესი.