ე.წ. საზღვარზე შექმნილ მდგომარეობაზე ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა - კვირის პალიტრა

ე.წ. საზღვარზე შექმნილ მდგომარეობაზე ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას მიმართა თხოვნით, შეიმუშავონ ერთობლივი პოზიცია ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით. "სპუტნიკის" ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

„სამხრეთ ოსეთის პარლამენტი სთხოვს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას, გაიმართოს პარლამენტთაშორისი კონსულტაციები ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც ხელს შეუწყობს დეესკალაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, “ - ნათქვამია მიმართვაში.

გარდა ამისა, ე.წ. დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ევროკავშირი, რომელიც დამკვირვებელთა მისიით არის წარმოდგენილი მოლაპარაკებათა პროცესში, უარს აცხადებს აღებული ვალდებულებების შესრულებაზე იმ გარანტიათა უზრუნველყოფის საკითხში, რომელიც ძალის გამოუყენებლობის პრინციპს უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"