"დღეს ბიუჯეტი სახელმწიფო რეკეტით ივსება" - კვირის პალიტრა

"დღეს ბიუჯეტი სახელმწიფო რეკეტით ივსება"

"ჩვენ ბრძოლის ველზე ბოლომდე დავრჩებით"

"თუ ცვლილებები გვინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ქუჩის პოლიტიკა დასრულდა"

"საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებასთან პოლიტიკურ მოლაპარაკებას საერთაშორისო უზრუნველყოფა სჭირდება და ჩემი ვიზიტით სწორედ საერთაშორისო მხარდაჭერა მოვიპოვე", - განგვიცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელსაც  აშშ-ში დავუკავშირდით:

- ჩემი ვიზიტის  მიზანი იყო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ანალიტიკური ცენტრების ექსპერტებისა და ჩვენი მხარდამჭერებისთვის აგვეხსნა "თავისუფალი დემოკრატების" შეხედულებანი უახლოესი ორი წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. ვთქვით, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური პროცესი საარჩევნო გარემოს შეცვლაა, რაშიც თეთრმა სახლმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა, კონგრესმა და სენატმა უპირობოდ დაგვიჭირეს მხარი. ითქვა, რომ მხარს დაუჭერენ საარჩევნო გარემოს ცვლილებას, ამისათვის გაგვიწევენ ექსპერტულ და ფინანსურ დახმარებასაც და რაც მთავარია, მათი პოლიტიკური ხედვა სრულიად დაემთხვა ჩვენსას:

რომ მხოლოდ შეცვლილ საარჩევნო გარემოში, ჯანსაღი კონკურენციით იქნება შესაძლებელი პოლიტიკური ძალების   მონაწილეობა არჩევნებში და მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება საქართველოში. მქონდა ხანგრძლივი, დეტალური საუბრები საქართველოს სავალალო ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მცდარი და უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

- რას გულისხმობთ მცდარ ეკონომიკურ პოლიტიკაში?

- მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესს ხელისუფლება ავიწროებს, ბიუჯეტი სახელმწიფო რეკეტით ივსება, რაც განვითარების ყველა საშუალებას უსპობს ბიზნესს. კონკრეტული მაგალითებიც განვიხილეთ და პირდაპირ გეტყვით:

აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამიერიდან ყურადღებით დააკვირდება პროცესს და ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ბიზნესის შევიწროება.

- თქვენგან განსხვავებით, ოპოზიციის ნაწილს საარჩევნო გარემოზე ხელისუფლებასთან დიალოგი დროის დაკარგვად მიაჩნია.

- საარჩევნო გარემოზე მოლაპარაკება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია, რომელიც მომავალი არჩევნების ბედს გადაწყვეტს. ამ არჩევნებით გახდება ნათელი აშშ-ისა და საზოგადოდ, მსოფლიოსთვის, იქნება თუ არა საქართველო დემოკრატიული ქვეყანა, მსოფლიო თანამეგობრობის წევრი. ჩვენი მოქალაქეები არჩევანის გარანტირებულ უფლებას ელოდებიან, რათა ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს.

პოლიტიკური პროცესების განვითარების სხვა გზას არათუ არ ვხედავ, დაუშვებლადაც მიმაჩნია. რა თქმა უნდა, სკეპტიციზმისა და უიმედობის საფუძველი გვაქვს, მაგრამ ასე ხომ 20 წელია ვართ? საქართველო თავისი პოლიტიკისა და ეკონომიკის გადასარჩენად იბრძვის და პოლიტიკოსების ვალია, ბრძოლა მინიმალური დანაკარგით... დარწმუნებული ვარ, ნამდვილად გავიმარჯვებთ 2012-2013 წლებში.

- სალომე ზურაბიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ყოფნას დიპლომატიურ საქმიანობაში დაბრუნება არჩია. თქვენი იმედი რით საზრდოობს?

- ჩვენს გუნდს არ სჩვევია პრობლემებისგან გაქცევა. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ მოქალაქეების წინაშე, რომ ბრძოლის ველზე ბოლომდე დავრჩებოდით. დავრჩებით და შედეგსაც მივაღწევთ. მჯერა, რომ  საქართველოში შეიძლLება საარჩევნო გარემოს შეცვლა, რადგან თავად ჩვენი საზოგადოებაა დემოკრატიული. მათ სჭირდებათ იარაღი დემოკრატიისთვის ბრძოლაში და ეს არის საარჩევნო ბიულეტენი.

- თქვენ ფუნდამენტური ცვლილებების წინა პირობად საარჩევნო გარემოს შეცვლა მიგაჩნიათ, ზოგი კი გამოსავალს ხედავს სახალხო კრებაში, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართება.

- 25 ნოემბერს არეულობას არ ველი. პროტესტის გამოხატვა და დემონსტრაცია თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და არა მგონია, ეს დიდი არეულობის საწინდრად უნდა იქნეს აღქმული, მაგრამ თუ ცვლილებები გვინდა, ვაღიაროთ, რომ საქართველოში ქუჩის პოლიტიკა დასრულდა. ახლა გონივრული პოლიტიკის დროა, რომელშიც რვა პოლიტიკური ძალა ვართ ჩართული. შედეგს მოლაპარაკებით მივიღებთ და არა ქუჩაში გამოსვლებით.

ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი, გამბედაობასთან ერთად, კომპრომისზე წასვლით გამოსავლის გამონახვაცაა. მე ასეთ პოლიტიკურ ძალებს ვცემ პატივს და მათთან ერთად ვაპირებ ქვეყანაში ცვლილებებს. ამას ზოგი დაეთანხმება და ჩვენთან იქნება, ზოგიც სხვა გზას იპოვის.

მე და ჩემმა თანაგუნდელებმა თანამდებობები დავტოვეთ, რადგან დავრწმუნდით, რომ სააკაშვილის მმართველობის სტილი დამღუპველი იყო ქვეყნისთვის. ჩვენ გამოსავლის ძიების სურვილით ვართ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, ეს გზა გაამართლებს და დემოკრატიული არჩევნებით შევცვლით ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს კრიზისისკენ მიაქანებს.

- ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში გიორგი თარგამაძეს შეხვდით. რატომ გახდა აუცილებელი თქვენი შტატებში შეხვედრა?

- რომ შევხვედროდი, დასამალი რა არის, მაგრამ ეს ინფორმაცია არასწორია. ჩვენ "რვიანის" ფორმატში იმდენად ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, არა მგონია, სალაპარაკოდ ქვეყნის გარეთ გამხდარიყო საჭირო შეხვედრა.