"ვერ მიაღწევენ, რომ ვიღაცამ გაგვიჩინოს კომპლექსი, რომ თავდამსხმელებსა და შტურმში მონაწილეებს პოლიციამ წინააღმდეგობა არ გაუწიოს" - კვირის პალიტრა

"ვერ მიაღწევენ, რომ ვიღაცამ გაგვიჩინოს კომპლექსი, რომ თავდამსხმელებსა და შტურმში მონაწილეებს პოლიციამ წინააღმდეგობა არ გაუწიოს"

"პოლიციას და შსს-ს ვერავინ ვერ გაუჩენს კომპლექსს რომ სახელმწიფომ თავისი ინსტიტუტები დაიცვას ფიზიკური ძალადობისგან," - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ საქართველოში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება. მისი თქმით, ამისთვის არსებობს არჩევნები, პარლამენტი და მიკროფონი. გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში მიკროფონს აღარ გამორთავენ.

"ვერ მიაღწევენ, რომ ვიღაცამ გაგვიჩინოს კომპლექსი, რომ თავდამსხმელებსა და შტურმში მონაწილეებს პოლიციამ წინააღმდეგობა არ გაუწიოს, რომ ხვალ და ზეგ ვიღაც შემოვარდეს ან აქ, ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში.

მხოლოდ და მხოლოდ მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებმაც შეძლეს და ღირსეულად დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, ჩვენ უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ იმ დაშავებული ადამიანების წინაშე, რომელთა ჯანმრთელობაც დაზარალდა. ჩვენი ვალია მათზე ზრუნვა და ჩვენ მათზე ვიზრუნებთ არა ტყუილებით, არა სიმართლის დაფარვით, არა მოგონილი ისტორიებით, არამედ ნამდვილად ვიზრუნებთ. ეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომელსაც შევასრულებთ.

პოლიციას და შსს-ს ვერავინ ვერ გაუჩენს კომპლექსს, რომ სახელმწიფომ თავისი ინსტიტუტები დაიცვას ფიზიკური ძალადობისგან. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება! ამისთვის არსებობს არჩევნები, პარლამენტი და მიკროფონი, რომელსაც იმედია, რომ ამ შენობაში მაინც აღარ გამორთავენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"