"მტერთან ჭკვიანური, ცივი გონებით საუბარი ერთადერთი საშუალებაა - ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, ომის გარდა" - კვირის პალიტრა

"მტერთან ჭკვიანური, ცივი გონებით საუბარი ერთადერთი საშუალებაა - ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, ომის გარდა"

ოკუპაციასთან ბრძოლას სჭირდება რეალური საქმე და არა პოპულისტური გამოხტომები, ამ საქმეს კი ჩვენ გარდა არავინ გააკეთებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

მისი თქმით, მტერთან ჭკვიანური, ცივი გონებით საუბარი ერთადერთი საშუალებაა არსებულ ფორმატებში ყველა იმ ინსტრუმენტის გამოსაყენებლად, რომელიც გვაქვს. ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ფორმატები, რომლებიც დღეს გვაქვს, მათ შორის ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის, „ამოწურული არ არის“.

"ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე ძირითადი გამოწვევა არის ოკუპაცია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის 20%-ია ოკუპირებული, რომ საქართველოს განვითარების, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20%-ია ოკუპირებული, რომ ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20%-ია ოკუპირებული და ამაში არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოების. ეს არის ყველაზე დიდი მუხრუჭი საერთოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ცივი გონებით, უაღრესად პრინციპულები, რომ პირველ რიგში, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ღირსება, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომელიც საუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს და რა თქმა უნდა, დავიცვათ იმ მოქალაქეების ინტერესი, რომელიც დღეს ჩვენი საზოგადოების დევნილების ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ აქ ერთმნიშვნელოვნად ვეცდებით, რომ მოვახერხოთ სადამკვირვებლო მისიის, მათი სრული მანდატის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად, ომის გარდა, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ.

"მტერთან უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად, ომის გარდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების რომელ ფრთას წარმოადგენენ, თითოეული ჩვენი სიტყვა, თითოეული ჩვენი განცხადება, ქმედება შეიძლება აისახოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე იმ ადამიანების, რომლებიც საოკუპაციოს ხაზის მიღმა, გასწვრივ ცხოვრობენ. პროვოკაციული, პოპულისტური, უპასუსხიმგებლო ქმედებები, ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა დავასრულოთ თუ გვაინტერესებს, თუ ამოვდივართ ქვეყნის და ამ ადამიანების ინტერესებიდან,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"