გახარიას გუნდი პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა ახალ კაბინეტს კენჭს დღეს უყრის - კვირის პალიტრა

გახარიას გუნდი პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა ახალ კაბინეტს კენჭს დღეს უყრის

პარლამენტი დღეს, 8 სექტემბერს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. პარლამენტის სხდომა 10:00 საათზე დაიწყო.

დადგენილი პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა, შემდეგ კი კომიტეტებს, ფრაქციებს და ცალკეულ დეპუტატებს მიეცათ სიტყვით გამოსვლის საშუალება.

მიმდინარე კვირას მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებსა და ფრაქციებთან შეხვედრის ფარგლებში მოუსმინეს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.

რადიკალიზაციის მაღალი დონე არის კრიტიკული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სამთავრობო პოგრამის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ 20 ივნისის ღამის მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას მოდელირებული სიმართლით სურს პარლამენტზე შტურმს „სხვა სახელი დაარქვას“.

„მინდა ვისაუბრო შიდა უსაფრთხოებისა და შიდა რისკების თაობაზე და აქ ერთმნიშვნელოვნად ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რადიკალიზაციის მაღალი დონე არის კრიტიკული გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომელზეც არის პოლიტიკური კონსენსუსი ყველა პოლიტიკური ძალის, რომ შემდეგი საპარლამენტი არჩევნები უნდა იყოს პროპორციული, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საპარლამენტო დემოკრატია რადიკალიზაციის ასეთ მაღალ დონესთან უბრალოდ არ არის თავსებადი. რადიკალიზაციის ასეთი მაღალი ხარისხით საპარლამენტო დემოკრატიაში განსაკუთრებით პროპორციულ სისტემაზე დაფუძნებულზე, ძალზე რთული იქნება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს პოზიტიური დღის წესრიგი. აქ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არის საბაზისო პრინციპები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სხდომის პარალელურად, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არ დამტკიცდეს მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომლის ხელმძღვანელად გიორგი გახარიას კანდიდატურაა წარდგენილი.

მათი თქმით, გახარიას გაპრემიერება რუსული პოლიტიკის ნაწილია და ის კრემლის დავალებებს შეასრულებს.

აქციის მონაწილეები პროტესტს საყვირებით გამოხატავენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.