"ხელისუფლება ნამდვილად სწავლობს, ოღონდ "ნაცმოძრაობისგან"... ნეტავ მარტო ხელისუფლება ან ოპოზიცია იყოს ჩვენი პრობლემა! თვითონ ჩვენ რა ვისწავლეთ?!" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ნამდვილად სწავლობს, ოღონდ "ნაცმოძრაობისგან"... ნეტავ მარტო ხელისუფლება ან ოპოზიცია იყოს ჩვენი პრობლემა! თვითონ ჩვენ რა ვისწავლეთ?!"

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსა და მის საზღვრებგარეთ მოვლენები ძალიან სწრაფად და მოულოდნელად იცვლება. ამ პროცესებს თან ახლავს შეცდომები, რისკები და გამოწვევები, რის შესახებაც "კვირის პალიტრას" მწერალი კოტე ჯანდიერი ესაუბრება:

- ცხინვალის რეგიონის გამყოფ ადმინისტრაციულ ხაზთან მიმდინარე პროცესები ქვეყნისთვის წლების წინ დაწყებული თავსატეხის გაგრძელებად იქცა. საზოგადოების ნაწილის, მათ შორის ხელისუფლებაში მყოფი პირების თქმით, ახლა სააკაშვილის დროს დაშვებული შეცდომების შედეგს ვიმკით. რა შეიძლება მოჰყვეს საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას და რამდენად ადეკვატურად მოქმედებს ხელისუფლება?

- სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკაც და დიპლომატიაც იმისთვის არსებობს, რომ ადამიანური თუ მატერიალური დანაკარგების გარეშე მიღწეული იყოს შეძლებისდაგვარად მაქსიმალური შედეგი. საქართველოს მსგავსი გეოსტრატეგიული, დემოგრაფიული, ეთნიკურ-რელიგიური და ეკონომიკური მოცემულობის ქვეყნებისთვის უპირველესი ეგზისტენციური ამოცანაა საგარეო რისკების მინიმალიზაცია. პოლიტიკა, რომელიც შეუდარებლად ძლიერ ქვეყანასთან კონფრონტაციაზე, მილიტარისტულ რიტორიკასა და პროვოკაციებში შეჯიბრებაზეა აგებული, სამხედრო კონფლიქტით მთავრდება და ანტისახელმწიფოებრივი და, ჩემი აზრით, დანაშაულებრივია.

ეს ანბანური ჭეშმარიტება საქართველოში თავდაყირაა დაყენებული. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობა, ეროვნული ინტერესებისა და დასავლელი პარტნიორების ღალატად ცხადდება. ამ ლოგიკით კრემლის აგენტია ყველა, ვინც უშვერი სიტყვებით არ იგინება, ვინც რუსეთთან დიალოგის ახალ ფორმებსა და ფორმატებზე ფიქრობს, ვინც მარიხუანას ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება, ვინც ტრადიციულ ფასეულობებს აღიარებს, პუტინისტია ყველა მღვდელი და მთლიანად მრევლი, რადგან ისინი მართლმადიდებლები არიან. სამაგიეროდ, "პუტინ ხუილოს" ძახილი და ვინმე ქაცარავას სახიფათო განცხადებები კონფლიქტის გამყოფ ხაზთან ზოგისთვის ლამის პატრიოტიზმის ნიმუშად და ვაჟკაცობის ეტალონადაა მიჩნეული... საბედნიეროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე არ ფიქრობს. ამიტომაც გაჩნდა ნაპრალი პოლიტიკურ კლასსა და მოქალაქეთა უმრავლესობას შორის. ადამიანები ინსტინქტურად გრძნობენ ასეთი კვაზიპოლიტიკის მოსალოდნელ შედეგებს: ახალ მსხვერპლს, ახალ ტერიტორიულ დანაკარგებს, ქაოსს, ეკონომიკურ კატასტროფას... მათ კარგად ახსოვთ ურაპატრიოტ პოლიტიკანთა საოჯახო ნივთებით დატვირთული მანქანების ქარავნები სადახლოსა და წითელი ხიდის გამშვებ პუნქტებთან 2008 წლის აგვისტოში. რაც შეეხება ხელისუფლების ადეკვატურობას, დიდ გაუგებრობასა და ბუნდოვანებასთან უნდა გვქონდეს საქმე.

დღეს ასეთი სურათია - ხელისუფლება და დიპკორპუსი მოვლენებს მისდევენ კუდში. ხელისუფლება ინფორმაციას აწვდის დასავლელ პარტნიორებს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და რეაგირებას სთხოვს. ისინიც ხათრს გვიწევენ, აკეთებენ შეშფოთებულ განცხადებებს და ხან ყასიდად, ხან კი შედარებით მწვავედ რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას სთხოვენ. რუსეთი ერთ ყურში უშვებს და მეორიდან ატარებს მათ შეგონებებს და ასე გრძელდება უსასრულოდ.

ყველასთვის ცხადია, რომ ჟენევის ფორმატი აბსოლუტურად ფორმალური, უეფექტო მექანიზმია დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. საჭიროა ახალი ფორმატების მოძიება, არასტანდარტული იდეები, თამამი ინიციატივები, ბოლოს და ბოლოს, ახალი კვალიფიციური ხალხი.

მცირე გადახვევას გავაკეთებ: 1905 წელს იაპონიასთან სამარცხვინოდ წაგებული ომის შემდეგ რუსეთმა ერთი კაცის, სერგეი ვიტეს ძალისხმევით ბრწყინვალე დიპლომატიურ გამარჯვებას მიაღწია და სამხედრო გზით მიღწეული შედეგები იაპონიამ აშშ-ში გამართული მოლაპარაკების მაგიდასთან დათმო. ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული სახელმწიფო ინტერესების კარგად მცოდნე ვიტემ გამოიყენა ამ ქვეყნების აშკარა თუ ფარული მისწრაფებები და შეძლო საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის ფოკუსირება იაპონიის ინტერესის საწინააღმდეგოდ. ცხადია, ამერიკაც, საფრანგეთიც და ბრიტანეთიც სინამდვილეში არა რუსეთის, არამედ საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებს იცავდნენ, თუმცა ვიტეს მოქნილი ინტელექტის წყალობით ისე გამოვიდა, რომ სუპერსახელმწიფოებმა მიაღწიეს თავიანთ ლოკალურ მიზნებს, რუსეთი გადაურჩა სრულ კრახს, ყველაზე დაზარალებული კი იაპონია აღმოჩნდა. სხვათა შორის, იმპერატორი ნიკოლოზ II ვერ იტანდა ვიტეს და ერთ დროს ყველაზე წარმატებული ფინანსთა მინისტრი სახელმწიფო სამსახურსაც კი ჩამოაშორა, მაგრამ როდესაც დადგა კრიტიკული მომენტი, მან კვლავ უხმო შერისხულ მოხელეს და იმპერიის ბედი ჩააბარა... ცხადია, საქართველო და რუსეთის იმპერია სხვადასხვა მასშტაბის მოთამაშეები არიან, მაგრამ ვიტეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ჩვენი დიპლომატიური აქტივობა უფრო ღრმად გააზრებული უნდა გახდეს...

- დამეთანხმებით, პოლიტიკურად იმაზე ცხელი ზაფხული იყო, ვიდრე მოველოდით. დავიწყოთ "თV პირველის" მფლობელ ვატო წერეთლის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის პროკურატურაში დაბარებით. საზოგადოების ნაწილი ამას თავისუფალ მედიაზე იერიშს უწოდებს, სხვებს მიაჩნიათ, რომ ეს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის გაგრძელებაა და პროკურატურამ სწორად წამოსწია ეს საქმე. თქვენი აზრით, აქვს თუ არა ამ საქმეს პოლიტიკური მოტივი? - ამ კითხვაზე პასუხი მე არა მაქვს და არც შეიძლება მქონდეს, აი, პროკურატურა კი ნამდვილად ვალდებულია ისე ჩაატაროს გამოძიება, რომ საზოგადოებას კითხვები არ დარჩეს, მაგრამ მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე ამისი დიდი იმედი არა მაქვს. რაც შეეხება "თV პირველზე" შეტევას, სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, ტელეარხმა სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს ან მაუწყებლობა შეწყვიტოს იმის გამო, რომ მფლობელის მამა ეკონომიკურ დანაშაულშია ეჭვმიტანილი.

- ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ანაკლიის პროექტს. ცნობილია, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის მისი აშენება, რაც ეჭვს, რომ ხელისუფლება ხელოვნურად აფერხებს მას, უფრო ამძაფრებს. - რუსეთის ინტერესებში საერთოდ არ შედის რაიმე სახის წინსვლა საქართველოში, კეთილდღეობა ან სტაბილურობა. იმავეს ვიტყოდი რევანშისტულად მომართულ "ნაცმოძრაობაზეც". თუმცა ამის გამო არავის შეუჩერებია დიდი ინფრასტრუქტურული ან ენერგეტიკული პროექტები, ელექტრომობილების ქართულ-ჩინური ქარხნის მშენებლობა ქუთაისში და ა.შ.

ჩემი აზრით, ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში რომ იყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ის ან უკვე აშენებული იქნებოდა, ან საქართველოში უკვე სხვა ხელისუფლება იქნებოდა. რაც ახლა ხდება, უფრო ბიზნესინტერესების დაჯახების, არც მთლად კეთილსინდისიერი ლობირებისა და ბნელი კულუარული ბრძოლების ხილული ზედაპირია.

სამწუხაროდ, ამ პროცესებში რაღაც ფორმით პროკურატურაც არის ჩაბმული. აბა, რა უნდა იფიქრო, როდესაც პროკურორი საჯაროდ, თავისი პირით ამბობს, რომ 11 წლის წინ მომხდარ ფინანსურ დარღვევას თაღლითობის მუხლს ვეღარ მიუყენებენ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო და სწორედ ამიტომ მიუყენეს ფულის გათეთრების მუხლი, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ ზღუდავს? შე დალოცვილო, იმისათვის, რომ ვინმეს ფულის გათეთრება დასდო ბრალად, ჯერ მინიმუმ შავი ფულის არსებობა უნდა დადგინდეს. თუკი ფული ოფიციალურად თBჩ ბანკიდან იქნა ნასესხები, რომელ შავ ფულზეა ლაპარაკი?

- მამუკა ხაზარაძემ სექტემბრიდან მისი "საზოგადოებრივი მოძრაობის" გააქტიურება დააანონსა და ხელისუფლების გასაგონად მნიშვნელოვან დეტალს გაუსვა ხაზი, გეშინოდეთ, უმეტესობა ახალგაზრდები გვყავსო. რას და როგორ შეცვლის ხაზარაძის გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ ველზე? - მივესალმები ნებისმიერი არარევანშისტული პოლიტიკური ძალის გამოჩენას ჩვენს ერთობ დაბინძურებულ პოლიტიკურ სივრცეში. რას შეძლებენ მამუკა და ბადრი პოლიტიკოსების ამპლუაში, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა კვალიფიციური, კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდა კადრების შემოყვანა უკვე დიდი საქმე იქნება.

- რამდენად აქვს მას პოტენციალი, მთავარი ოპოზიციური ძალები, "ნაციონალები" და "ევროპული საქართველო" უკანა ფლანგზე გადასწიოს? - ეს ძალიან კარგი იქნებოდა ქვეყნისათვის, რომელიც ვეღარ ვითარდება "ქართული ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" უალტერნატივო ბინარული ოპოზიციის, გაუთავებელი დაპირისპირებისა და უაზრო ლაძღვა-გინების გამო. მათ ერთმანეთი სჭირდებათ, რათა არ დაკარგონ არსებული პოზიციები, ჩვენ კი საქართველოს განვითარება გვჭირდება.

მამუკა ხაზარაძის მოძრაობა მარტო ვერ შეძლებს ამ მოჯადოებული წრის გარღვევას, მაგრამ ის შეიძლება კრისტალიზაციის ცენტრი აღმოჩნდეს "არანაცური" ოპოზიციისათვის.

- პოლიტიკურად ცხელი ზაფხული საკადრო ცვლილებებით დაგვირგვინდა: გადადგა პრემიერი მამუკა ბახტაძე და მის ადგილას შს მინისტრი გახარია დაასახელეს. მისი პოსტი გომელაურს ჩააბარეს, თავდაცვა კი - ირაკლი ღარიბაშვილს. რამდენად სწორია ძალთა ამგვარი გადანაწილება? - გახარია მთელ სამთავრობო ელიტაში ყველაზე უნარიანი, მოქნილი და პრაგმატიკოსი ლიდერია. თუმცა თვალდათხრილი პროტესტანტების ხატება მისი პოლიტიკური იმიჯის ნაწილი გახდა და, სამწუხაროდ, საეჭვოა მან ეს დამღა ჩამოიშოროს. ჩემი აზრით, გახარიას დანიშვნით ხელისუფლებამ ძალისა და სიმტკიცის დემონსტრირება მოახდინა. ხშირად კითხულობენ, არის თუ არა ეს დანიშვნები პოლიციური სახელმწიფოსკენ გადადგმული ნაბიჯი? არ ვიცი. ერთში კი დარწმუნებული ვარ, საქართველოში ვერავინ შეძლებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებას. იმედია, ეს ყველას, უპირველესად კი ახალ პრემიერ-მინისტრს კარგად ესმის.

უფრო მთავარი კი ის მგონია, რას გამოვხატავთ - შიშველ ემოციებს თუ ანალიზზე დაფუძნებულ აზრებს. "პუტინ ხუილო" აზრი არ არის, არც "მოდი, დავამხოთ ეს ხელისუფლება". ეს უბრალოდ რევანშისტული ლოზუნგია. როგორ შევცვალოთ პოლიტიკურ ძალთა განლაგება პროპორციული არჩევნებისა და ბუნებრივი ბარიერის პირობებში, ეს არის საფიქრალი! თუ გონების ნატამალი შეგვრჩენია, ამ მიმართულებით უნდა წარვმართოთ აზრიც, დისკუსიაც და ქმედებაც და არა რევოლუციად მონათლული რევანშისტული გადატრიალებისკენ.

- გახარიას გადადგომას სამი თვეა ითხოვენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები. ეს საკადრო ცვლილებები საპროტესტო მუხტის გაძლიერებას არ შეწყობს ხელს? - ცხადია და ეს არ შეიძლება არ იცოდეს ხელისუფლებამ. თუ ასეა, მაშინ რატომ გადადგეს ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის გამაღიზიანებელი ნაბიჯი? ძნელი სათქმელია. იქნებ სპეციალურად სურთ ვითარების დუღილის უმაღლეს წერტილამდე მიყვანა, რათა გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს? ამ შემთხვევაში არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება, ძველი სისტემა კი ისევ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველისა და დღეს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას გვიქადის. ეს "ნაცმოძრაობასაც" აძლევს ხელს და ისინი პროცესების მაქსიმალურ რადიკალიზაციას შეეცდებიან. ამის შესახებ უკვე არაორაზროვნად განაცხადა ქალბატონმა რულოვსმა. ამიტომ "არანაცური" ოპოზიციის მთავარი ძალისხმევა დღეს საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის გარღვევისკენ უნდა იყოს მიმართული.

- გრჩებათ თუ არა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება თუნდაც წინამორბედის შეცდომებზე რაიმეს სწავლობს? - ხელისუფლება ნამდვილად სწავლობს, ოღონდ, "ნაცმოძრაობისგან". "ნაცებისა" არ იყოს, საზოგადოების აზრის გათვალისწინება მათაც სისუსტის გამოვლინებად მიაჩნიათ, ჭკვიანს მორჩილი ურჩევნიათ, კომპეტენციას კი პირადი ერთგულება. ასეთი ვნებების ტყვეობაში ყოფნა რითაც მთავრდება, უკვე ვნახეთ. რა ისწავლა ოპოზიციამ ინგლისურენოვანი სლენგის გარდა? არაფერი, გარდა კიდევ უფრო შეურიგებელი სიძულვილისა საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს ქვეყნის გადარჩენის შესახებ, ვინც დამღუპველი ურაპატრიოტული ლოზუნგებისა და "გულანთებული" უაზრობის ნაცვლად ცოდნაზე დამყარებულ, აწონ-დაწონილ პოლიტიკას ელის პოლიტიკოსებისაგან.

პატრიოტულად განწყობილი მოქალაქეებისათვის სერიოზული პრობლემაა ჯვარ-კომბლებითა და ტაბურეტებით მოსიარულე ნაცზონდერებზე არანაკლებ აგრესიული ხალხი, რომელიც დისკრედიტაციას უწევს პატრიოტიზმის ცნებას, ადამიანთა გულწრფელ რელიგიურ გრძნობებს და მარადიულ ფასეულობებს, რომელთა სახელითაც მოქმედებს.

ისე, ნეტავ მარტო ხელისუფლება ან ოპოზიცია იყოს ჩვენი პრობლემა! თვითონ ჩვენ, ქართველმა საზოგადოებამ რა ვისწავლეთ, ან რა დასკვნები გამოვიტანეთ ჩვენი გუშინდელი, გუშინწინდელი ან კიდევ უფრო ადრინდელი შეცდომებისგან?

100 წლის წინ არჩილ ჯორჯაძე მწარე ირონიით წერდა: "თუ თქვენ იმდენად გულუბრყვილო ბრძანდებით, რომ "ქართველობა" არც გეთაკილებათ, არც გეზიზღებათ, იცოდეთ, შავრაზმელთა გუნდში უნდა ჩაირიცხოთ, ნაციონალისტის სამარცხვინო სახელი უნდა ატაროთ და წყვდიადი და ბნელეთია მაშინ თქვენი ხვედრი და თუ გამოხვედით მოედანზე და შესძახეთ: - ამხანაგებო! წარსული მძულს, აწმყო მეზიზღებაო, იცოდეთ, თქვენი მომავალი უზრუნველყოფილია, შარავანდედით შეიმკობით, ქუჩაზე გავლის დროს თქვენზე მიათითებენ და იტყვიან: აი, ჩვენი მხსნელი, აი, თავისუფლების მოციქული და "ნაციონალისტთა" ამომგდებიო".

რა შეიცვალა მას მერე ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში, სახელმწიფოებრივ აზროვნებაში ან ერთმანეთთან დამოკიდებულებაში? ვშიშობ, ბევრი არაფერი.