"ხაზარაძე დავას სტრასბურგში გააგრძელებს" - კვირის პალიტრა

"ხაზარაძე დავას სტრასბურგში გააგრძელებს"

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დავას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ. რა ბრალდებებს წაუყენებს ხაზარაძე ხელისუფლებას და სარჩელს დაურთავს თუ არა ცნობილ მუქარის წერილს, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ხაზარაძის ადვოკატს ზვიად კორძაძეს ესაუბრა.

- ეს საქმე უკვე გასცდა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებს. პროკურატურამ რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა ბრიტანეთს. იმავდროულად, საქმეში უკვე დაგროვდა იმ ოდენობის მასალა, რომლითაც შეგვიძლია სტრასბურგს მივმართოთ. ამიტომ საქმეში ჩაერთო ორი კვალიფიციური და აღიარებული ადვოკატი: სტივენ ქეი, რომელიც დედოფლის იურისტის საპატიო ტიტულის მფლობელია. ის დაიცავს ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინტერესებს საზღვარგარეთ. მეორე ჩვენი კოლეგაა ვინსენტ ბერგერი, ფრანგი ადვოკატი, ევროპის კოლეჯის საპატიო პროფესორი, ევროპის ადვოკატთა საბჭოსა და სამართლის საზოგადოებების ექსპერტი. წლების განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო ევროსაბჭოს ექსპერტი.

ასე რომ, ნებისმიერი აქ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არ დაგვაკმაყოფილებს, სტრასბურგში გასაჩივრდება. ამ ეტაპზე გვაქვს აღკვეთის ღონისძიებები და ანგარიშებზე ყადაღის დადება. ველოდებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნული ბანკის წინააღმდეგ შევიტანეთ. მოგეხსენებათ, ეს საქმე თიბისი ბანკის მიმართ შეწყდა, მაგრამ მამუკა და ბადრი აგრძელებენ დავას. საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ უცნაური მოტივით, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომ გადაეყენებინა ისინი სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობიდან, და აკრძალვა, რომ არანაირი დაფინანსება მათ და მათი ოჯახის წევრებს არ მიეღოთ, თითქოსდა არ ლახავს მათ უფლებებს... ეს ყველაფერი გაიგზავნება ევროპულ სასამართლოში.

- დაურთავთ საქმეს ცნობილი მუქარის წერილსაც, რომელიც ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიამ გაუგზავნა?

- ამ წერილის ავთენტურობის შესახებ პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ ჯერ სარჩელზე ვმუშაობთ და რას დავურთავთ საქმეს, გადაწყვეტილი არ არის.

- ადვოკატ სტივენ ქეის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ხაზარაძისა და ჯაფარიძის პოლიტიკური დევნაა და არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპებს... - ჯერ შესწავლის სტადიაზე ვართ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.

- მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება ხელისუფლებასთან? - არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, არც მიმდინარეობდა და არც ვაპირებთ. საქმე სამართლებრივ სივრცეშია. ბანკირებისთვის იმაზე უფრო დიდი ბრალდება, რასაც ფულის გათეთრება ჰქვია და ამის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებების შეფარდება, არ არსებობს. ამიტომ ჩვენ სასამართლოს ველოდებით.

ბოლო ვითარებამ ცხადყო, რომ ფულის გათეთრება ორი მიზეზით აირჩიეს: პირველი - ის ხანდაზმული არ არის და მეორე - ფულის გათეთრების მუხლი იძლევა საშუალებას, რომ ზედმეტი დასაბუთების გარეშე დააყადაღონ ანგარიშები და ქონება.