სად ვიხილავთ ქვეყნის ყოფილ "ხერხემალს" - კვირის პალიტრა

სად ვიხილავთ ქვეყნის ყოფილ "ხერხემალს"

ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობის ვადა იწურება. ის ციხეს 20 თებერვალს დატოვებს, დიდი ალბათობით, ამით პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსაც დაასრულებს და აქტიურ საქმიანობას შეუდგება.

"ნაციონალური მოძრაობა" თუ "ევროპული საქართველო"? სად წავა ქვეყნის ყოფილი "ხერხემალი", უახლოეს მომავალში გამოჩნდება. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მერაბიშვილი პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს.

"მერაბიშვილი პოლიტიკურ აქტიურობას გააგრძელებს"

გიორგი ჩივიაშვილი: - 20 თებერვალს ვანო მერაბიშვილი სრულად მოიხდის სასჯელს, მას ვეღარ მიუსჯიან იმაზე მეტს, რამდენიც მოიხადა. ამიტომ ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებული ის სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, რომლის პროცესებიც სასამართლოში ისევ გრძელდება. როგორც ვიცი, ბატონი ვანო პოლიტიკურ აქტიურობას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ, სად, როგორ, ვისთან, ნამდვილად არ ვიცი.

- ვინ ინახულა დეპუტატებიდან ყველაზე მეტჯერ მერაბიშვილი? - კიდევ გიმეორებთ, გარდა იმისა, რომ მერაბიშვილი გამოდის ციხიდან 2020 წლის 20 თებერვალს, სხვა რამის თქმა დღეს არ შემიძლია.

"ვინც დღეს "ევროპულ საქართველოშია", მერაბიშვილი მათთან მეგობრობდა"

მერაბიშვილის პოლიტიკური მომავლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ "ნაცმოძრაობაშიც". პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ეს თავად მერაბიშვილის გადასაწყვეტია, ხოლო თუ რას ფიქრობენ "ევროპულ საქართველოში" მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალზე, "კვირის პალიტრა" პარტიის წევრს, დავით დარჩიაშვილს ესაუბრა.

- იმედია, 20 თებერვალს ვანო ნამდვილად დატოვებს ციხეს. ივანიშვილის დამოკიდებულება მერაბიშვილის მიმართ გაცდენილია სამართლებრივ მხარეს. ყველა მეთოდი გამოიყენეს, რომ ის აშკარად პოლიტიკური ნიშნით დევნილი გამხდარიყო. აქამდე სწორედ ივანიშვილის კაპრიზის გამო არ გაათავისუფლეს.

- ანუ არ გამორიცხავთ, რომ მას ახალი ბრალდებებიც წაუყენონ? - არაფერს გამოვრიცხავ, ივანიშვილი გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან და პირად საკუთრებად გადააქცია საქართველო თავისი სამართალდაცვითი ინსტიტუტებით და ყველა სახელმწიფო დაწესებულებით.

რაც შეეხება მერაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს, არ გამოვრიცხავ, რომ დასჭირდეს დრო რეაბილიტაციისთვის. როგორც ვიცი, ციხეში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. თუმცა ის პოლიტიკური ფიგურაა და, ალბათ, გააგრძელებს აქტიურობას.

- მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ გააგრძელებს... - მის ადვოკატს ზუსტად ეცოდინება, რადგან მისი ნახვის მეტი საშუალება აქვს. პირადად მე 2016 წლის მერე არ მინახავს.

- 2016 წელს "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირება უკვე მომწიფებული იყო და რა პოზიცია ჰქონდა მას ამასთან დაკავშირებით? - მაშინ პარტიაში კამათი და უთანხმოება იყო, რამაც ბოლოს გაყოფამდე მიგვიყვანა. მე რაც არ მომწონდა, მერაბიშვილიც იმ აზრზე იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის გაყოფის მომხრე იყო.

- ამბობენ, რომ ის "ევროპულ საქართველოს" შეუერთდება. - ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა, მაგრამ ვიმეორებ, გაყოფაზე მისი აზრი არ ვიცი. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერ გეტყვით.

- "ევროპულ საქართველოში" ხომ უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე "ნაცმოძრაობაში"?

- დიახ. ვინც დღეს "ევროპულ საქართველოშია", მერაბიშვილი მათთან მეგობრობდა ჯერ კიდევ 2003 წლამდე, შევარდნაძის პერიოდში, თუმცა არა მარტო ბოკერიასთან, უფრო ადრე მიხეილ სააკაშვილთანაც.

- მან თავის დროზე უარი განაცხადა "ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ მდივნად დარჩენაზე და საგანგებო წერილიც კი გამოგზავნა... - საპატიმროდან ამ თანამდებობაზე ყოფნა და ქმედითი როლის შესრულება შეუძლებელი იყო, ახლა რა გზას აირჩევს, ძნელი სათქმელია. პირველი შეხვედრები, ალბათ, ექნება მეგობრებთან, რომლებიც დღეს "ევროპულ საქართველოში" არიან.

- რას ფიქრობდა მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე? მისი კოლეგების გაღიზიანებისა და გუნდის დაშლის ერთ-ერთ მიზეზი ხომ სააკაშვილი გახდა? - მაშინ განხეთქილება იყო მთელ რიგ კონკრეტულ საკითხებზე: წარსულის შეფასებაზე, საარჩევნო სიების რეფორმირებასა და მერე უკვე პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე. აზრთა სხვადასხვაობა იყო იმაზეც, შეიძლებოდა თუ არა სააკაშვილი დარჩენილიყო პარტიის თავმჯდომარედ მაშინ, როცა არ იმყოფებოდა საქართველოში.

- და რას ამბობდა მაშინ მერაბიშვილი? - როგორც ვიცი, მომხრე იყო, რომ პარლამენტში შესულიყვნენ ის დეპუტატები, რომლებიც სიის მიხედვით მოხვდნენ. სხვათა შორის, სააკაშვილი თავიდან კი იყო წინააღმდეგი, მაგრამ ბოლოს დაეთანხმა ამ აზრს.

რაც შეეხება სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარედ დარჩენა-არდარჩენას - ჩვენ, ვინც "ევროპულ საქართველოში" წავედით, ვფიქრობდით, რომ მიუხედავად სააკაშვილის დიდი ისტორიული როლისა პარტიისა და ქვეყნის აღმშენებლობაში, ის ვეღარ იქნებოდა პარტიის თავმჯდომარე და ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის არჩევა გვინდოდა, მაგრამ ბოლოს მეორე აზრმა მოიპოვა უმრავლესობა, ამიტომ ჩვენ პარტია დავტოვეთ. მერაბიშვილის აზრი ამის შესახებ არ ვიცი, მაგრამ გავბედავ და ვიფიქრებ, რომ ალბათ, იზიარებდა ჩვენს აზრს, მაგრამ ისიც შეიძლება, მისთვის უფრო ღირებული იყო ერთიანობის შენარჩუნება და კომპრომისი ამ საკითხზე, ვიდრე ის, რაც სწორი იყო, ის გაკეთებულიყო.