"გავხდით ქვეყანა, რომელიც საკუთარ საგარეო პოლიტიკას აწყობს იმის მიხედვით, რა რეაქცია ექნება კრემლს, როგორ განწყობაზეა პუტინი" - კვირის პალიტრა

"გავხდით ქვეყანა, რომელიც საკუთარ საგარეო პოლიტიკას აწყობს იმის მიხედვით, რა რეაქცია ექნება კრემლს, როგორ განწყობაზეა პუტინი"

"ქართულ სახელმწიფოს ახლა სჭირდება აგრესიული საგარეო პოლიტიკა"

რა გამოწვევების წინაშე დადგება ქვეყანა და შეძლებს თუ არა გახარიას გუნდი ოკუპაციის პრობლემების მეტ-ნაკლებად მოგვარებას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს ესაუბრა.

- არ ვფიქრობ, რომ რამე განსაკუთრებული სიახლე გვაქვს მთავრობის ამ შემადგენლობით. შესაბამისად, მნიშვნელოვან ძვრებსა და რეფორმების აფეთქებას არ ველოდები. ერთადერთი ვალდებულება, რაც ამ მთავრობას აქვს ამ ერთი წლის განმავლობაში, იქნებ როგორმე უზრუნველყოს სამოქალაქო მშვიდობა, რათა არჩევნებამდე მივიდეთ.

- ოკუპაციის თვალსაზრისით რთული ვითარება გვაქვს და თქვენი აზრით, ამას აცნობიერებს მთავრობის ეს შემადგენლობა? - სამწუხაროდ, ეს არ არის ის თემა, რომელიც ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა აქტიურიც უნდა იყოს ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, როგორ იქცევი, მაგრამ არა გადამწყვეტი. ოფიციალური თბილისი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ეს არ არის ამ მთავრობის ბრალი.

ყველაზე დიდი პრეტენზია, რაც მაქვს ჩვენს ხელისუფლებასთან, არის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის შენელება, მოკრძალებული პოზიცია. ამ საქმეში ერთადერთი გარანტია, რომ ვითარება არ დამძიმდეს, არის ჩვენი პარტნიორების აქტიურობა და მათი მკვეთრი პოზიციონირება, რაც შეუძლებელს გახდის პრობლემების გაუარესებას. ამ თვალსაზრისით ხელისუფლება ცუდად მუშაობს.

ხელისუფლების მთავარი პრობლემა ის არის, რომ საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით ახალი პრეზიდენტის შემდგომ, მთლიანად აწყობილია რუსულ შიშზე. თინა ხიდაშელი

ჩვენ გავხდით არა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის მატარებელი სახელმწიფო, არამედ ქვეყანა, რომელიც საკუთარ საგარეო პოლიტიკას აწყობს იმის მიხედვით, რა რეაქცია ექნება კრემლს, როგორ განწყობაზეა პუტინი.

როგორც კი სხვა ქვეყნის თვალებით შეხედავ შენი ქვეყნის მომავალს, იქ უკვე სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების პრობლემა გაქვს.

- რა არის საჭირო, რომ რუსულ შიშზე აღარ ვიფიქროთ?

- რა სჭირდება ქართულ სახელმწიფოს, ამ კითხვაზე პასუხი ხელისუფლების მუშაობამ უნდა მოგვცეს. ქართულ სახელმწიფოს ახლა სჭირდება დამოუკიდებელი, აგრესიული საგარეო პოლიტიკა, რომელიც არა გვაქვს.

- ევროპას არ სცალია ჩვენთვის, მას თავისი პრობლემები აქვს და აგრესიული პოლიტიკის წარმოება როგორ წარმოგიდგენიათ? - პრობლემები ყველა ქვეყანას ყველა ვითარებაში აქვს. არ არსებობს სრულყოფილი სახელმწიფო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკა უნდა გაჩერდეს. ეს არ არის არც პასუხი და არც გამოსავალი. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ბრექსითთან დაკავშირებით რა როგორ მოხდება, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ ექნება. ყველა ხელისუფალს, ვინც ყოფილა ბრიტანეთის ხელისუფლებაში, პროქართული საგარეო ორიენტირი ჰქონდა და ეს გამოსაყენებელია. ამერიკაში დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთად არიან და იქ პოლიტიკური ხედვა, ნარატივი არ იცვლება. ამ ნარატივში შენ როგორ იაქტიურებ და რამდენად მოახერხებ სარგებლიანად გამოყენებას, ქართული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ამოცანაა.

ვაშინგტონთან ყველაზე ნაკლები პრობლემა გვაქვს. ჩვენ ძალიან კარგი ელჩი გვყავს, აქტიური და მოტივირებული, მაგრამ მარტო ერთის აქტიურობა ვერ იქნება გადამწყვეტი, თუკი ოფიციალური თბილისი არ შეუწყობს ხელს, ის კი არაფერს აკეთებს...

მთლიანად ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მინისტრების შეცვლა არაფერს მოგვცემს. ჩვენ ხომ რეალურად მთავრობა არა გვყავს, ისეთი მინისტრები, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. საერთოდ, მინისტრებად პოლიტიკოსები არა გვყავს, სირცხვილად ითვლება, მინისტრს პოლიტიკოსი ერქვას. სანამ ასე იქნება, არაფერი შეიცვლება.

- ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევრისა და ყოფილი დიპლომატის დეივიდ კრამერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ბორდერიზაციაზე მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს. - არა ვარ ხელისუფლებაში, რომ რეცეპტები გამოვწერო. ამიტომ ისიც არ ვიცი, საოკუპაციო ხაზებზე რა ხდება. ტელევიზიით რასაც ვიგებ, მხოლოდ ეს არის, ეს კი საკმარისი არ არის ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

- ჩორჩანაში განვითარებულ პროცესებზე რას ფიქრობთ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება დახმარებას ისევ რუსეთს სთხოვს. - ცხინვალში პოლიტიკური წრე და ელიტა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მათ სთხოვენ დახმარებას. სანამ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს მხარს უჭერს, მანამდე იმოქმედებენ თამამად.

- ჩორჩანას მოვლენების შემდგომ რუსეთთან დაძაბულობა ხომ არ არის მოსალოდნელი? - არ ველოდები ფართომასშტაბიან დაძაბულობას. ეს თავად რუსეთსაც არ აძლევს ხელს, არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ სადმე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები წამოიწყოს. მას ისედაც დიდი პრობლემები აქვს ყირიმში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უფრო მეტად სირიის ფრონტზე. დასავლეთთან მორიგი კონფრონტაცია ნამდვილად არ აწყობს. მისი ამოცანა მარტივია - თავში წამორტყმების პოლიტიკით აჩვენებს, რომ იქ არის და როგორც უნდა, ისე მოიქცევა. მის თავზე ხელაღებულ მოქმედებებს ქმედით წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. კრამერი ხშირად ამბობს, ერთ დილით შეიძლება გაიღვიძოთ და აღმოჩნდეს, რომ აგერ მოსულა რუსეთიო.

პატარ-პატარა ნაბიჯებით შესაძლებელია მართლაც დიღომში ვიხილოთ ტანკი, თუკი უფრო მეტად არ ვიაქტიურებთ. ნამდვილად სახიფათო პროცესია, თუმცა, არა 2008 წლის ტიპის მოვლენა, რომ რუსეთი უცებ შემოვარდეს ტანკებით.

- ეფექტიანად როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როცა ჯერ ევროსაბჭოში აღუდგინეს რუსეთს უფლებამოსილება და ახლა "დიდ რვიანშიც" ეპატიჟება ტრამპი? - ევროსაბჭოში რუსეთის უფლებამოსილების აღდგენაზე შეუძლებელია რაიმე პოზიტიური ითქვას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროსაბჭოს ოკუპაციასთან დაკავშირებული პოზიცია არ შესცვლია. ამიტომ უნდა ვიმუშაოთ იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც გვაქვს. არა ვართ იმ მდგომარეობაში, რომ დღის წესრიგს ჩვენ ვადგენდეთ, სამაგიეროდ, შეცვლილი რეალობების გათვალისწინებით პოლიტიკური ტაქტიკური ამოცანების გადალაგება სწრაფად შეგვიძლია.