ბინების საქმე ანუ დააკავებენ თუ არა გვარამიას - კვირის პალიტრა

ბინების საქმე ანუ დააკავებენ თუ არა გვარამიას

"ხელისუფლება პროკურატურას იარაღად იყენებს, რათა არ დაუშვას ნიკა გვარამიას ახალი არხის მაუწყებლობის დაწყება"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას პროკურატურა ტელევიზიისთვის საზიანო ქმედებების გამო ბრალს უმძიმებს. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, მას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავებიან. რატომ ადანაშაულებს ბრალდებულის მხარე პროკურატურას პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში, ამ თემაზე ნიკა გვარამიას ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს ვესაუბრეთ.

- ახალი ბრალი ძალიან ბუნდოვანია და ვერ გავიგე, რას ედავებიან. ერთადერთი, რაც ვიცი, ბრალი დაუმძიმდა ფულის გათეთრების მუხლით, რომელზეც ბრიფინგზე არ ყოფილა საუბარი, მაგრამ ბრალის დადგენილებაში აღმოჩნდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურა მითითებებს იღებს და საქმეშიც ახალი დადგენილებები ჩნდება. ბრალდება აშკარად შეთითხნილია. ხელისუფლება პროკურატურას იარაღად იყენებს, რათა არ დაუშვას ნიკა გვარამიას ახალი სატელევიზიო არხის მაუწყებლობის დაწყება და გამართულად ფუნქციონირება.

- ფულის გათეთრებაში რას გულისხმობს პროკურატურა, რა სქემით მოქმედებდა ნიკა გვარამია? - ბრალის დადგენილებაში განმარტებები მითითებული არ არის. მხოლოდ ის წერია, რომ თურმე გვარამიამ, როცა ფული ასესხა "ინტერმედიას" და მერე სანაცვლოდ აიღო ბინები, რომლებიც გაყიდა, ეს ფულის გათეთრების ელემენტებია.

- ჰქონდა კი გვარამიას ამხელა თანხა? - დიახ. გვარამია 2010 წლიდან მუშაობდა კერძო სექტორში და მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდა. გარდა ამისა, ფულის სესხებამდე ცოტა ხნით ადრე გაყიდა თავისი ბინა, რომელიც მაშინ შეიძინა, როცა არ იყო "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული.

- "ინტერმედიას" რამდენი ასესხა? - 510.000 ლარი.

- კომპანიამ გვარამიას ამ თანხის სანაცვლოდ გადაუფორმა ბინები?

- დიახ, ორი ბინა და შემდეგ ორივე გაყიდა.

- რამდენი აიღო ამ ბინებში?

- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით სესხის ანალოგიური. თუმცა, ბუნებრივია, სესხი უპროცენტო ვერ იქნება. მეწარმე სუბიექტს არ შეუძლია სესხის უპროცენტოდ აღება. საბოლოოდ მცირე თანხა დაემატა.

- თვითონ კომპანიას რაში დასჭირდა ამხელა თანხა, როცა ხელშეკრულების მიხედვით, "ინტერმედიას" უფრო მეტი მოგება ჰქონდა, ვიდრე "რუსთავი 2"-ს? - ასე არ არის. სალია და ნიჟარაძე რას ამბობენ ერთია და მეორეა რეალობა. ტელევიზიას ყოველთვის სჭირდებოდა ფული. მაუწყებლობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სესხი გაფორმდა იმიტომ, რომ "რუსთავი 2"-ს მიეღო თანხა და მუშაობა არ შეფერხებულიყო. "ინტერმედიამ", თავის მხრივ, ეს თანხა ტელეკომპანიაში გადარიცხა.

- ანუ გვარამიასგან ისესხა და ჩარიცხა ტელეკომპანიის ანგარიშზე და ეს არ არის ეჭვის საფუძველი? - "ინტერმედიას" "რუსთავი 2"-თან ჰქონდა ვალდებულება და შესაბამისად, ამ თანხას კომპანიის ანგარიშზე თუ გადარიცხავდა, გასაკვირი რა არის? თითქმის ყველა კომპანიას სჭირდება სესხი.

- რატომ დასჭირდა "ინტერმედიას" ეს თანხა, ვერ ყიდდა რეკლამებს? - სატელევიზიო-სარეკლამო ბაზარი სეზონურია. როცა ბაზარზე რეკლამის ნაკლები მოთხოვნაა, შემოსავალიც მცირდება. ტელევიზიას იგივე მუდმივი ხარჯი რჩება და არა სეზონის შესაბამისი. ტელევიზიის თანამშრომლები ხელფასს ყოველთვე იღებენ.

- რომელ სეზონზე შეექმნა "ინტერმედიას" პრობლემა? - ეს პრობლემა ყოველთვის არსებობს არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

- ელოდებით გვარამიას დაკავებას? - ვერაფერს გამოვრიცხავთ. როგორც გითხარით, პროკურატურა პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, რა დავალებასაც მისცემენ, იმას შეასრულებს.

- ანუ თადუმაძის უწყება პატიმრობას მოითხოვს?

- ჯერჯერობით უცნობია, რას მოითხოვს. გვარამიას ბრალი უკვე წარდგენილი აქვს, გირაოც შეფარდებული. ახლა ბრალი დაზუსტდა და შეიძლება პროცესი არც დაინიშნოს. ამიტომ არ ვიცით, როდის გაიმართება ან გაიმართება თუ არა აღკვეთის სხდომა.

- ამ ვითარების გამო ემუქრება თუ არა საფრთხე "მთავარ არხს"? - არხს არ შეექმნება პრობლემები. იმ შემთხვევაში, თუ გვარამიას დააპატიმრებენ, არხი მაინც გავა ეთერში და იქნება ყველაზე ძლიერი ტელეკომპანია, შექმნის კარგ ახალ ამბებს და პოლიტიკურ ტოქშოუებს.