პროვოკაცია #17 - კვირის პალიტრა

პროვოკაცია #17

"საოკუპაციო რეჟიმმა ჩორჩანასა და წნელისს შორის მაღლობი დაიკავა, ე.წ. საზღვრის ნიშანი განათავსა და საგუშაგო ჩვენს ტერიტორიაზე გადმოიტანა"

ე. წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ წნელისიდან დასავლეთით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან სიმაღლეზე "სასაზღვრო პოსტის" აშენება დაიწყეს. მათვე აღადგინეს სასაზღვრო ნიშანი და აღმართეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშაც. გარდა ამისა, მათ რუსეთის ფედერაციას საზღვრების დაცვაში დახმარება სთხოვეს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები უკანონო ბორდერიზაციას იმისთვის იყენებენ, რომ გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და დაძაბონ სიტუაცია. უკანონო ბორდერიზაციის გამო შეშფოთებას არ მალავს ევროკავშირიც, რომელმაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. "კვირის პალიტრა" უსაფრთხოების საკითხების ექსპერტს დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

- რუსეთი კვლავ აგრძელებს პროვოკაციებისა და ახალ-ახალი პრობლემების შექმნის პოლიტიკას საქართველოში. რა მიზანი აქვს მას და რატომ გამწვავდა პროცესები მაინცდამაინც ახლა?

- ვითარება ახლა არ გამწვავებულა, ამას სისტემატური ხასიათი აქვს, რაც ღია წყაროებში განთავსებულ ინფორმაციაშიც ჩანდა. უბრალოდ, ამ თემამ დღეს წინ წამოიწია. ეს არის ერთი სადაზვერვო-ოპერაციული ციკლის მიმართულება, რომელიც, ალბათ, იმ გეგმის ნაწილია, რაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ე.წ. სამეცნიერო ლაბორატორიებსა და ოპერატიულ სამსახურებში დაიგეგმა. ევროპულ სტრუქტურებსა და ნატოსთან დაახლოებაა იმის მიზეზი, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ ან ირიბად მიაწოდოს მესიჯები, თავი შეიკავოს ამ მიმართულებით ქმედებებზე.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ის ცნობით, ახალი ბლოკპოსტი განთავსებულია კაპრების სერზე, 944,8 მეტრის სიმაღლეზე. ამ პუნქტს რუკაზე მინიჭებული აქვს #17 და მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვარზე. ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ის ცნობით, ეს საზღვარი აღნიშნულია 1922 წლის დეკრეტში სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შექმნის შესახებ, რომელიც გამოსცა ახალგასაბჭოებული საქართველოს მარიონეტულმა მთავრობამ

ვითარების გამწვავება იმის შედეგიც არის, რომ გარკვეულ მიმართულებებში საქართველოს წინსვლა აქვს და ამის გამო რუსეთი შედარებით მაღალი კოეფიციენტით ქმნის პრობლემას.

- რუსეთის ასეთ გააქტიურებას ხომ არ შეუწყო ხელი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმაც? ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლება სხვა პროვოკაციებთან ერთად ამ გაუთავებელ უკანონო ბორდერიზაციას ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის იყენებს? - რაც ხდება, პოლიტიკური და სამხედრო-სადაზვერვო საქმიანობის ნაზავია. ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომლებიც დაინტერესებული არიან, საქართველოს ხელისუფლება დაუსაბუთებლად იყოს კომპრომეტირებული და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, მაღალი ალბათობით რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ინტერესებთან თანხვედრაშია.

- განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩორჩანასა და წნელისს შორის მაღლობის დაკავებამ, ე.წ. საზღვრის ნიშნის განთავსებამ და საგუშაგოს ჩვენს ტერიტორიაზე გადმოტანამ. რისკენ გვიბიძგებს დე ფაქტო ხელისუფლება და რით შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს? - ეს ჩვენი კურსის შეცვლის მცდელობაა. ყველა ვექტორი აღებულია იმისკენ, რომ აქცენტი გაკეთდეს ერთ - ჩრდილოეთის მიმართულებაზე. პოლიტიკური პარტიები სადაზვერვო სამსახურებისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენია, რათა ისეთი კანონმდებლობა იქნეს მიღებული, რომელიც საქართველოს ინტერესებს დააზიანებს.

ასე რომ, გასაკვირი არაფერია, საზოგადოებრივი აზრის შექმნაში პოლიტიკური პარტიები დიდ როლს ასრულებენ. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ამ პროცესში მასმედიის საშუალებები არიან ჩართული.

- რუსეთი ყოველდღიურად გვიმტკიცებს თავის ყოვლისშემძლეობას. კიდევ რა პროვოკაციებს უნდა ველოდოთ მისგან? - მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ეფექტი ექნება ისეთ პროვოკაციაზე წამოგებას, რომელიც სამხედრო მოქმედებების ინსპირირებას გამოიწვევს. ეს იქნება ყველაზე კარგი შედეგი კონფლიქტით დაინტერესებული მხარისათვის, რათა მან შეიარაღებული ძალები ან მთლიანად განათავსოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ან უფრო მასშტაბურად შემოვიდეს, რაც ჩვენ უკვე ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში.

ამ პროვოკაციას უნდა ველოდოთ და კიდევ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი ტერიტორიები, რომლებიც ეთნიკური და რელიგიური კუთხით შეიძლება უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ იქნეს გამოყენებული. მარტო აფხაზეთი და ოსეთი არ არის ე.წ. წითელ ზონაში არსებული ტერიტორიები, ჩვენ გვაქვს ტერიტორიათა ერთობა, რომელშიც შეიძლება სხვადასხვა სახის კონფლიქტური ვითარება შეიქმნას.

- ბიბილოვის ცნობილი ულტიმატუმის შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახლა რუსეთის დუმას საზღვრის დაცვის თხოვნით მიმართა... - ეს ორი ტერიტორია - აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი ბუფერული ზონაა.

ამ ტერიტორიებზე სეპარატისტული რეჟიმები რუსეთის სპეცსამსახურების შექმნილია - ისინი აკონტროლებენ მათ. ლოგიკურად მათი ყველა განცხადებაც რუსეთის სპეცსამსახურებში მოფიქრებული და გათვლილია იმაზე, რომ ამ განცხადებებს საერთაშორისო ასპარეზზე პროპაგანდისტული დატვირთვა ჰქონდეს - შეიქმნას საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის საწინააღმდეგო განწყობა.

- ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა დეივიდ კრამერმა ჩვენს ხელისუფლებას მიანიშნა, მეტი ყურადღება გაამახვილოს ბორდერიზაციაზე. ფაქტობრივად, გვითხრა, თქვენი პრობლემა თავად მოაგვარეთ, საერთაშორისო საზოგადოებრიობის იმედი ნუ გექნებათო. - ხელისუფლებამ ამაზე უნდა იფიქროს და დარწმუნებული ვარ, ფიქრობს, მაგრამ ნებისმიერ ურთიერთობაში არსებობს ბალანსი და საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.

ყველაზე დიდი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ 1921 წლის თებერვალში დამოუკიდებლობა დავკარგეთ, ის არის, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა და აშშ-მა ზურგი შეაქციეს საქართველოს. ასე რომ, თუ ევროპული სახელმწიფოები და აშშ ისევ იმ გზას დაადგებიან, მაშინ მაღალი ალბათობით უნდა ველოდოთ ფართომასშტაბიან ანექსიას.

აუცილებელი არ არის ეს ყველაფერი საომარი მოქმედებებით მოხდეს, ეს შეიძლება იყოს სამხედრო გადატრიალება, არჩევნებში უხეშად ჩარევა და ა.შ. სხვადასხვა მეთოდოლოგიით შეეცდებიან მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებს გაატარებს.

- ევროკავშირი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რუსეთს კი მოუწოდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ეს რისი მომცემია? - ნუ გვგონია, რომ რომელიმე ქვეყანა ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისთვის თავს მოიკლავს. ეს განწყობა უნდა დავივიწყოთ და უნდა გვქონდეს ისეთი მყარი პოზიციები, რომ უცხო სახელმწიფოებს გაუჩნდეთ ინტერესი საქართველოს რეალურად მხარდასაჭერად.

შეიძლება არსებობდნენ მეგობარი სახელმწიფოები, მაგრამ მეგობარი სპეცსამსახურები არ არსებობენ, ამიტომ თუ ევროპული სახელმწიფოების ან ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებში არ შევდივართ, ჩათვალეთ, რომ სერიოზული პრობლემა გვაქვს.

როდესაც დიდ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკებსა და ეკონომიკურ გაერთიანებებზეა ლაპარაკი, გასათვალისწინებელია, რომ ისიც სახელმწიფოთა ერთობის ნაწილია. რა განწყობაც აქვთ ამ სახელმწიფოებს და მათ სადაზვერვო სამსახურებს, ყველაფერი ამის შესაბამისად ხდება.

- რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ, არა პოსტ-ფაქტუმ, არამედ წინმსწრებად? მაინც როგორ უნდა შევუქმნათ რუსეთს დისკომფორტი და ვაიძულოთ პოლიტიკური ფასის გადახდა? - უნდა ჩამოგვიყალიბდეს მყარი იდეოლოგია, რომელიც პატრიოტიზმსა და ქვეყნის სიყვარულს ემყარება. უამისოდ ქვეყნის გადარჩენა შეუძლებელია, საგარეო მიმართულებაში კი აუცილებელია სადაზვერვო-პროპაგანდისტული მუშაობა. ეს ორი მიმართულება იქნება ჩვენი წარმატების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ჩვენი ქმედება კრახით დასრულდება. ერთობისა და საერთო-სტრატეგიული ინტერესების თანხვედრის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოებს შეუძლიათ დიდი, სასიკეთო გავლენა მოახდინონ ჩვენს უსაფრთხოებაზე. ამას რომ არ აკეთებდნენ, კარგა ხნის წინ ვიქნებოდით სრულად ანექსირებული.