"ღარიბაშვილის და გახარიას მთავრობაში ყოფნა არის ნიშანი იმისა, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ პოლიტიკურ მიდგომებს ამკაცრებს" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილის და გახარიას მთავრობაში ყოფნა არის ნიშანი იმისა, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ პოლიტიკურ მიდგომებს ამკაცრებს"

მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების თაობაზე ბოლო თვეების განმავლობაში მითქმა-მოთქმა არ შეწყვეტილა, შესაბამისად, არავინ გაუოცებია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის წასვლას, თუმცა მან საზოგადოების გაკვირვება მაინც მოახერხა მას მერე, რაც გადადგომის თაობაზე ინფორმაცია "ფეისბუკის" საშუალებით აუწყა ქვეყანას. ვინ იქნებოდა მომავალი პრემიერი? მედიაში ორი კანდიდატი სახელდებოდა - მაია ცქიტიშვილი და გიორგი გახარია, რომელსაც 20-21 ივნისის მოვლენებამდეც ხშირად ასახელებდნენ პრემიერობის კანდიდატად, თუმცა გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ფონზე გაბედავდა თუ არა ივანიშვილი საკუთარი ფავორიტის წარდგენას? - ეს იყო ამ პროცესის მთავარი კითხვა, რომლის პასუხი უკვე ყველამ ვიცით - გახარია პრემიერ-მინისტრია! მთავრობაში კიდევ ორი სიახლეა. შს მინისტრის პოსტი დაიკავა ვახტანგ გომელაურმა, ირაკლი ღარიბაშვილი კი მთავრობას უკვე თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაუბრუნდა.

რითია განპირობებული გახარიას პრემიერად შერჩევა, რას ელის "ქართული ოცნება" განახლებული მინისტრთა კაბინეტისგან და რას უნდა ელოდოს საზოგადოება?

სანდრო თვალჭრელიძე

გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- ჩემი აზრით, გუნდში კარგა ხნის განმავლობაში მიდიოდა ბჭობა იმის თაობაზე, ხისტი თუ რბილი პოლიტიკით უნდა ემოქმედა მომავალ არჩევნებამდე "ქართულ ოცნებას". კულუარებიდან გამოსული ინფორმაცია, რომ ლაპარაკი იყო ორ კანდიდატურაზე - ცქიტიშვილსა და გახარიაზე, სწორედ ამაზე მიანიშნებს. მაია ცქიტიშვილს არ ვიცნობ, არ ვიცი, როგორია მისი მმართველობითი უნარ-ჩვევები, მაგრამ მისი განცხადებებიდან გამომდინარე, გახარიასგან განსხვავებით, ის ყოველთვის უფრო ფრთხილი და მოზომილი ჩანდა. შესაბამისად, ეს არჩევანი ნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ძალიან ხისტი პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება, სხვა საკითხია და ამას დრო გვიჩვენებს. "ქართული ოცნების" სიხისტისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია ღარიბაშვილის მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნებაც. პარლამენტში პირველივე გამოსვლისას გახარიამაც და ღარიბაშვილმაც მკაცრი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი. ვნახოთ, ეს მათ საქმიანობაზე როგორ აისახება. სამთავრობო ცვლილებებს ველოდი გაცილებით ადრე. როგორც ჩანს, ყოყმანობდნენ, თუმცა საბოლოოდ ფსონი მაინც ხისტ პოლიტიკაზე დადეს.

- თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს ეს ხისტი პოლიტიკა, გაცილებით რეპრესიული და სააკაშვილის მმართველობის სტილს მიმსგავსებული, თუ უფრო მეტად ორიენტირებული სახელმწიფო სტრუქტურების გამართულ მუშაობასა და სახელისუფლებო ვერტიკალის გაძლიერებაზე?

- ვფიქრობ, იმოქმედებენ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" იმედი აქვთ, რომ ძლიერი ხელით მართვა მათი გამარჯვების წინაპირობად იქცევა. სავარაუდოდ, შეეცდებიან, ყველა მიმართულებით იმოქმედონ ხისტად და ე.წ. კანონის უზენაესობის დაცვით, ანუ მცირე გადაცდომისთვისაც - სახელისუფლებო ვერტიკალში თუ მის გარეთ - მიიღებენ გაცილებით მკაცრ ზომებს. ჩემი აზრით, ბიზნესსა თუ მედიასთან დაკავშირებით უფრო მკაცრ, გარკვეულწილად რეპრესიულ პოლიტიკასაც გაატარებენ, ოღონდ არა იმ მასშტაბისას, როგორსაც ატარებდა "ნაციონალური მოძრაობა". საქმე ის არის, რომ არც "ქართულ ოცნებას" აქვს ამის რესურსი და საზოგადოებაც მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.

- გახარიას პრემიერობა ნიშნავს იმასაც, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო მის გარშემო მუდმივად იქნება დაძაბულობა და საზოგადოების ნაწილი მისდამი რადიკალურად იქნება განწყობილი....

- ჩემი აზრით, გუნდში აუცილებლად გააანალიზებდნენ ამ ვითარებას.

"ქართულ ოცნებაში" კარგად იციან, რომ ეს აქციები კვლავაც გაგრძელდება, მაგრამ ჩემი აზრით, ანალიზის შედეგად დაასკვნეს, რომ ამ ტიპის აქციებს არც მმართველობითი და არც ფულადი რესურსი არა აქვს, შესაბამისად, მისგან საფრთხე არ ემუქრებათ. პირიქით, მიიჩნიეს, რომ ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან დაძაბულობის შენარჩუნებით ისინი მუდმივად მოახერხებენ, ქვეყანაში არსებული პრობლემები სხვას გადააბრალონ...

თუმცა ზნეობრივად და მორალურად არასწორი მგონია ხელისუფლების გადაწყვეტილება. არაერთგზის ვთქვი, რომ გახარიას ადგილაზე მე აუცილებლად გადავდგებოდი ივნისშივე, მით უფრო - არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას და თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილის ჯინაზე არ გადავდგამდი ასეთ ნაბიჯს. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია საზოგადოების განწყობა, მისი მოსმენა, ვიდრე ძალაუფლება და ხელისუფლებაში ყოფნა.

გახარიას დიდი ხანია ამზადებდნენ პრემიერობისთვის... ჰოდა, მიიყვანეს საქმე ბოლომდე. გახარიას უნდა ესმოდეს, რომ იოლი პრემიერობა არ ელის.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად