ხოტბა ვანოს! - კვირის პალიტრა

ხოტბა ვანოს!

ვანო მერაბიშვილი არ არის მხოლოდ ძლევამოსილი შს მინისტრი. ის სახელმწიფოს ხერხემალია. ვანო რომ არ იყოს, სადღაც სარდაფებიდან ზომბებივით ამოცოცდებიან პოლიციის მსახვრალ ხელს გადარჩენილი ძველი ბიჭები და ხუთოსნების დაჩმორებას დაიწყებენ;

რუსები არა მარტო მთელ სამხედრო-საჰაერო ფლოტს გააჯაშუშებენ,  არამედ მეეზოვეებსაც გადაიბირებენ და  ქალაქი ნაგავში დაიხრჩობა. პატრულის თანამშრომლებს თვალის დახამხამებაში გამოეზრდებათ ღიპუცები და ქრთამის აღებას დაიწყებენ. ვანო ხომ ყველგან არის - აი, ამ ჩემს ლეპტოპში, ტელეფონის ყურმილში, მეზობლად მცხოვრები აგენტის მზერაში... მანდატური ვანოსია, მაშველი ვანოსია, მესაზღვრე ვანოსია. ხანდახან ეჭვი მეპარება, მეც ხომ არა ვარ ვანოსი.

აი, ასეთი ძლევამოსილი ვინმეა ჩვენი შს მინისტრი. მაგრამ მასაც აქვს ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ნაკლი - ხალხში არ უნდა გამოჩნდეს. როგორც კი ვხედავთ მის  კეთილ თვალებს, გვესმის მისი საოცარი ლექსიკა და საუბრის მანერა - შიში სადღაც ქრება. წარმოუდგენელია, რომ ასეთი კაცი ბოროტებას სჩადიოდეს. უამრავჯერ გვინახავს ვანოსნაირი სუბიექტი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში, ჟალუზების დისტრიბუციის ბიზნესში, რესტორნის მომარაგებაში. ერთი სიტყვით, ვანო არანაირ პიეტეტს არ იწვევს. გინდა, შენობით” მიმართო, მხარზე ხელი დაჰკრა და  -”ვანო, შე ძველო, როგორა ხარო, - უთხრა.

მით უმეტეს, არაბუნებრივი იყო "იმედის" სპეცრეპორტაჟის წამყვანის, ნოდარ მელაძის  შიშნარევი კდემა მერაბიშვილის მიმართ. არა, მოწიწება მინახავს, ფარისევლობაც და მაამებლობაც, მაგრამ ნოდარმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მისი მიხრა-მოხრა, სახის გამომეტყველება, ხმის ტემბრი და ინტონაცია  მეუბნებოდა ერთ რამეს: ჩვენ ვხედავთ, როგორ ეახლა თვალუწვდენელ სიმაღლეზე მყოფ მოღვაწეს  ქვეშევრდომი. მელაძე მთელი გადაცემის განმავლობაში ერთადერთ  კითხვას უსვამდა რესპონდენტს: - ბატონო ვანო, რატომ ხართ ასეთი კარგი?” ეს აღტაცება ვანოს პერსონით წითელ ხაზად გასდევდა  რეპორტაჟს. სადაც უნდა ყოფილიყო ვანო:

კომპიუტერული ანიმაციის სტუდიაში, ტირში, პოლიციის ახალ შენობაში - ნოდარ მელაძე თვალებში შესციცინებდა. ჟურნალისტს უხაროდა, რომ ასეთი დიდი კაცის სიახლოვეს იყო. როგორ ახერხებდა, არ ვიცი, მაგრამ ხანდახან წამყვანი პატარავდებოდა და ტანმორჩილ მერაბიშვილთან შედარებითაც კი უჩინარი ხდებოდა.

განხილული თემები ფანტასტიკის სფეროდან გახლდათ. რთულია, წარმოიდგინო, რომ ჟურნალისტი, რომელიც მოიხელთებს შს მინისტრს, არ დასვამს შეკითხვებს გირგვლიანის, გამცემლიძის, რობაქიძის საქმეებზე (მით უმეტეს, რომ პირველთან დაკავშირებით სტრასბურგში სასამართლო უკვე გადაწყვეტილების მისაღებადაა გასული), მაგრამ მელაძე მხოლოდ "სატოპკეებს" უწევდა მერაბიშვილს.

მაგალითად, ჰკითხა, რამდენი აქვს ხელფასი, რაზეც ვანომ მიუგო, რომ არ ახსოვს, მაგრამ  ჯამაგირის ძირითად ნაწილს ბანკში ინახავს (ეს, ალბათ, იმის სადემონსტრაციოდ იყო საჭირო, რომ ვანო არ განკარგავს  ფინანსურ ნაკადებს და საერთოდ, ბევრი ფული არ აქვს). მეორე ეპიზოდში ვიხილეთ, რომ კანონმორჩილმა საჭესთან მჯდომმა ვანომ  ღვედი გადაიჭიმა, მაგრამ შემდეგ კადრებში გამოჩნდა, რომ მაინც ღვედაშვებული მართავდა მანქანას. კარგად ვიცი - არც ერთი ჟურნალისტი ასეთ რამეს არ გამაზავდა, მელაძემ კი გაატარა.

მოკლედ, ეს არ იყო რეპორტაჟი, არც რაიმე სხვა ჟანრის გადაცემა. ეს გახლდათ ტელენოველა "ხოტბა მერაბიშვილს!" აქ მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა: შეიძლება პიარი გაუკეთო რომელიმე ჩინოსანს, შეიძლება შეაქო, იყო სუბიექტური, მიკერძოებული, ტენდენციური, მაგრამ სახე არ დაკარგო, ფეხქვეშ არ გაეფინო, სიამოვნებისგან არ ცახცახებდე, რომ ასეთი ბედნიერება გეღირსა.

ვიცი, არ მოითხოვდა ჩვენი ვანო ასეთ რამეს. ახალგაზრდაა ჯერ ნოდარიკო, უამრავი რეპორტაჟი და გადაცემა აქვს გასაკეთებელი და ნუ დახარჯავს მთელ რესურსს ვანოზე. მიშა რომ წავა (გვპირდება, 2013 წელს ასე ვიზამო), ვანო აღარ იქნება მინისტრი, ნოდარიკომ კი კვლავ ტელევიზიაში უნდა იმუშაოს (თუ, რა თქმა უნდა, სადმე პრესცენტრის შეფად არ დააწინაურებენ), ამიტომ ნუ გამიბრაზდება ძალიან.

შალვა რამიშვილი