"ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე "გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ წერილზე" - კვირის პალიტრა

"ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა" - რას ამბობს მამუკა ხაზარაძე "გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ წერილზე"

წერილის ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს იმ წერილთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც მისი მტკიცებით, მას გიორგი გახარიამ მისწერა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ექსპერტიზის შედეგად დასტურდება თუ არა წერილზე გიორგი გახარიას ხელმოწერის ნამდვილობა, ხაზარაძემ უპასუხა, რომ ამაზე მისი ადვოკატი ისაუბრებს.

ხაზარაძემ იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა ამასთან დაკავშირებით საქმეს აღძრავს და ძიებას დაიწყებს. მისივე თქმით, ეს წერილი მიუთითებს საქართველოში არსებულ მართვის მახინჯ ფორმაზე.

"თქვენ იცით, რომ ჩვენმა ადვოკატმა წერილის ექსპერტიზის პასუხი ჩამოიტანა. პირველი ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დამთავრდა, რასაც ადვოკატები გაამჟღავნებენ და იტყვიან. ასევე, გრძელდება სხვა ტიპის ექსპერტიზა და შესაბამისად, იმედია, რომ პროკურატურაში საქმე აღიძვრება. მათ საფუძველი ჰქონდათ, რომ ეს საქმე თებერვალში აღეძრათ, რაც არ გააკეთეს. ჩათვალეს, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაწერილი სახუმარო წერილი. ვფიქრობ, ეს სერიოზული წერილია, რომელიც მიუთითებს, რამდენად მახინჯი და კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან და თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე ამ სახელმწიფოში. ჩვენ ამას გამოვავლენთ და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება.

იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში შეიძლება, რომ ნებისმიერი საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული, მითუმეტეს, რომ ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენერალურ პროკურორებად და მინისტრებად დანიშვნა. ეს არის ქვეყნის მართვის მახინჯი ფორმა, რომელიც უნდა შეიცვალოს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით კი, ექსპერტიზის შუალედური შედეგი გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.

ადვოკატი ექსპერტიზის შუალედურ შედეგს არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან და მთლიანად საქმესთან დაკავშირებით, 11 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება და იქ ისაუბრებს.

"ინტერპრესნიუსი"