ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის უჩივის - "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის უჩივის - "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს

თიბისი ბანკის დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს მას ფინანსური სანქცია, 221 952 ლარის ოდენობით დაეკისროს, - ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, რომ ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ბრძოლის დანახვა იოლად შეიძლება სხვადასხვა სამთავრობო პირების საჯარო გამოსვლებში და მათ ქმედებათა ჯაჭვში, რომელიც ერთ წელზე მეტია გრძელდება. ფაქტია, რომ პროკურატურას მიღებული აქვს ჩვენზე შემოტევის დავალება, რის შედეგადაც შეითხზა სრულიად აბსურდული ბრალდება და დაგვიწესდა ბრუტალური რეპრესიული ხასიათის შეზღუდვები.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლების და ქართული ოცნების მთავარი სახეები, არღვევენ წესიერების ელემენტრულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში თავად გვევლინებიან. გზადაგზა, ჩვენი რეპუტაციის კიდევ უფრო შესალახად ახალ ისტორიებს და არარსებულ "ფაქტებს" ახმოვანებენ და საზოგადოების აზრის არასწორ ფორმირებას ცდილობენ. ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს. ბატონი ვოლსკი პროკურატურის მიერ დადგმულ ბრალდებასაც არ სჯერდება და მათ საამებლად ახალ "ფაქტებს" იგონებს. ამიტომ საჭიროდ ვთვლით ჩვენი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო გია ვოლსკის წინააღმდეგ მივმართოთ სასამართლოს სარჩელით და მოვთხოვოთ მას ამ განცხადებების საჯარო უარყოფა. ასევე მოვითხოვთ პირადად გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელსაც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩავდებთ. ვინ იქნება შემდეგი დრო გვიჩვენებს. ​ თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგენთ განცხადების ერთ-ერთ ლინკს: http://bit.do/e8aJc", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "სჯობს, გამოძიების კითხვებს უპასუხოს, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს, ვიდრე..." - რას პასუხობს ვოლსკი ჯაფარიძეს

"ინტერპრესნიუსი"