"გახარიასგან შესაძლოა კარგი სახელმწიფო მოღვაწე დამდგარიყო, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მის ზურგს ამოეფაროს, ტალახში ის ამოსვაროს და მერე გადააგდოს" - კვირის პალიტრა

"გახარიასგან შესაძლოა კარგი სახელმწიფო მოღვაწე დამდგარიყო, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მის ზურგს ამოეფაროს, ტალახში ის ამოსვაროს და მერე გადააგდოს"

"როგორ შეიძლება გახარიამ "ნაციონალური მოძრაობა" დაამთავროს, როდესაც სწორედ მათ ხარჯზე აპირებენ გამარჯვებას?!"

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს. 8 სექტემბერს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილმა მინისტრთა კაბინეტმა და სამთავრობო პროგრამამ 98 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. მთავრობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ცვლილებები განხორციელდა ძალოვან ბლოკშიც. პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია; თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი; სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - ქეთევან ციხელაშვილი.

რა ტიპის მინისტრთა კაბინეტი შემოგვთავაზა მმართველმა გუნდა და რას უნდა ველოდოთ ახალი კონფიგურაციის შედეგად, ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, მოცემულობა ასეთია; დღეს ხელისუფლების ერთადერთი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა. სახელმწიფოებრივი დღის წესრიგი რეალურად არ არსებობს. "ქართულმ ოცნებამ" ძალაუფლების შესანარჩუნებლად მარტივი, უკვე ნაცადი სქემა აირჩია", შეანრჩუნდეს ორპოლუსიანობა, შეიქმნას ილუზია, რომ თითქოს ქვეყანაში მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალა "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაა". ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრები არ შეიქმნას. ამ ამოცანის შესასრულებლად გიორგი გახარია ყველაზე ოპტიმალურ ფიგურად მიიჩნიეს. იმისთვის რომ ორპულუსიანობა უზრუნველყო, ტემპერატურა აწიო და ესკალაცია მოახდინო საჭიროა პირი, ვინც საზოგადოების ერთი ნაწილისთვის გმირია, მეორე ნაწილისთვის კი ანტიგმირი. გახარია არ არის პერსონა, ვის მიმართაც საზოგადოება ნეიტრალურად არის განწყობილი. ზუსტად ამ ტიპის დაპირისპირებაზე უნდა გაათამაშოს ეს საარჩევნო წელი ხელისუფლებამ. ძალიან სამწუხაროა, რადგან ჩვენ ხელისუფლებას შულერული თამაშებისთვის კი არა, სახელმწიფოებრივი საკითხების, ხალხის პრობლემების გადასაწყვეტად ვქირაობთ. გახარიას საკმაოდ კარგი მენეჯერული თვისებები აქვს და მისგან შესაძლოა კარგი სახელმწიფო მოღვაწეც დამდგარიყო, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა მის ზურგს ამოეფაროს, ტალახში მთლიანად ის ამოსვაროს და მერე გადააგდოს.

- როგორ გგონიათ, ფასადურად თუ მაინც განხორციელდება ის პროექტები რაც უკვე დეკლარირებულია? - ჩვენ დღეს დეკლარირებული პროექტების განხორციელება კი არა სისტემური ცვლილება გვჭირდება. ერთეული პროექტები ყოველთვის ხორციელდება, მაგრამ სისტემურად არაფერი იცვლება, სოციალური რისკები არ მცირდება, პირიქით, იზრდება, სამომხმარებლო კალათა ყოველდღიურად მძიმდება, შემოსავლების ინდექსაცია კი არ ხდება. ადამიანებს შემოსავალი იგივე აქვთ, პირველადი მოხმარების პროდუქტები კი მუდმივად ძვირდება. შესაბამისად სიღარიბის ზღვარს მიღმა უფრო და უფრო მეტი ადამიანი რჩება, ანუ ტენდენცია არის დეგრადაციისკენ... აქედან გამოსვლის გზებზე არავინ არაფერს გვეუბნება, მხოლოდ ლოზუნგების მოსმენა გვიწევს.

- მამუკა ბახტაძემ გვითხრა და გიორგი გახარიამაც გაიმეორა, რომ თითქოს სოციალური პრობლემები, ლარის გაუფასურება უარყოფითი მოლოდინების შედეგია. მათ ასევე თქვეს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლარიზაციის თავიდან ასარიდებლად. პრემიერად იმ პირის დანიშვნა, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში აქციები იმართება, ასევე მინისტრთა კაბინეტში ერთხელ უკვე გაშვებული, კორუმპირებული ნათესავების ლობირებაში დადანაშაულებული პირის დაბრუნება უარყოფით მოლოდინებს რამდენად შეამცირებს? - რა თქმა უნდა ვერ შეამცირებს. რისკების შესამცირებლად ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სხვა დანარჩენებს რომ თავი დავანებოთ, არის სტაბილურობა და სიმშვიდე. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ხელისუფლება აქცენტს დაპირისპირებაზე აკეთებს. ამის ერთერთი მაგალითი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების გამოყენებაც გახლავთ. თიბისი ბანკის პრეცენდენტი ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის ძალიან ცუდი ნიშანია. ასეთ მოცემულობაში, როგორია სოციალური პრობლემების მოგვარების მოლოდინი გვქონდეს?

გახარიამ დაკარგული ტერიტორიების, ომის გარეშე დაბრუნების თემაზეც გააკეთა აქცენტი. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ პრობლემის მოგვარების საბაბით ახალმა მინისტრთა კაბინეტმა საგარეო ვექტორის შეცვლას შეეცადოს?

ომის გარეშე ტერიტორიების დაბრუნება გახარიას მოგონილი "ველოსიპედი" არ არის, ეს თემა უკვე დიდი ხანია განიხილება. სხვა საკითხია, რამდენად სწორად მიუდგება ხელისუფლება ამ საკითხს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას ამ თემასთან დაკავშირებით მწყობრი გეგმა არ აქვს, უბრალოდ ცდილობს, კარგ შემთხვევაში დააკონსერვოს არსებული ვითარება, ცუდ შემთხვევაში კი საზოგადოებას ყალბი იმედები შეუქმნას და ილუზიებში აცხოვროს. რაც შეეხება საგარეო ვექტორებს, ფაქტია, რომ "ოცნება" ძალიან გაიბლანდა თამაშებში, აქეთ რუსეთს უპაჭუნებენ თვალებს, იქით დასავლეთს. შედეგად რუსეთიც გაუგებრობაშია და დასავლეთიც, ვეღარ გაიგეს რა გზას ადგას საქართველო. დასავლეთმა და რუსეთმა კი არა, ჩვენ, ქართველებმა ვეღარ გავიგეთ, საით მივდივართ. "ოცნება" დეკლარირებულად აცხადებს დასავლეთს, მაგრამ მეორე მხრივ სახელისუფლებო პროპაგანდა ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ რუსეთის ბაზრისა და რუსი ტურისტების გარშე ქვეყანა თავზე დაგვექცევა. აი, ასეთ პარადოქსულ და აბდაუბდა პოლიტიკას ატარებენ.

- რამდენად გულწრფელი გეჩვენებათ გახარია, როდესაც ის "ნაციონალურ მოძრაობას" ეუბნება, რომ "დაამთავრებს"?

- ეს ცარიელი სიტყვებია და სხვა არაფერი. ჯერ ერთი, როგორ უნდა "დაამთავრო" პოლიტიკური ძალა, რომელმაც ბოლო არჩევნებში, საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ, კინაღამ დაამარცხა მმართველი გუნდი? მერე კიდევ, პრემიერობის კანიდადტს, რომელიც დღეს უკვე პრემიერია ასეთი ფრაზეოლოგიით საუბარი არ შეეფერება. და ბოლოს, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ბოლო დროს "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის გაზრდა სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა?! იქნებ გახარიამ ჯერ საკუთარ გუნდში მოიკითხოს და აღმოაჩინოს "ნაციონალური მოძრაობა". "ნაციონალებს" დარჩათ რაიმე მანკიერება, რაც "ოცნებამ" არ გადმოიბარა? ჩვენ პირადად მიშა სააკაშვილის ჯინი კი არ გვჭირდა, მის მანკიერ სისტემას ვებრძოდით. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება გახარიამ "ნაციონალური მოძრაობა" დაამთავროს, როდესაც სწორედ მათ ხარჯზე აპირებენ გამარჯვებას?! გახარიას დავალება და ამოცანა "ნაციონალების" დამთავრება კი არა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების არშექმნის უზრუნველყოფაა. ასე, რომ გახარიას რიტორიკა მხოლოდ იმ მხარდამჭერების გულის მოსაფხანად არის გამიზნული, რომლებიც დღემდე თავგადაკლულად მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას და ვერ ხვდებიან, რომ დღეს სამართლიანობის აღდგენა აბსტრაქციად იქცა.

- როგორ გგონიათ, რამდენად წარმატებულად გაართმევს თავს თავის მთავარ დავალებას მინისტრთა ახალი კაბინეტი, რომელსაც თქვენ წინასაარჩევნო შტაბი უწოდეთ? - ჯერ ძნელი სათქმელია. თუ მათ "ოციოცამდე" მოახერხეს ორპოლუსიანობის შენარჩუნება (ეს მათი ერთადერთი შანსია), მაშინ აქვთ გამარჯვების შანსები. მაგრამ თუ ალტერნატიული პოლიტიკური ჯგუფები გაჩნდა, თუნდაც მცირე, მაშინ, ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდებათ ერთპიროვნული ძალაუფლების შენარჩუნება.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)