მილიონებად შეფასებული ფერწერული ტილოები, ბინები ისრაელსა და რუსეთში - რა ქონებას ფლობს უმდიდრესი დეპუტატი, რომელიც პარლამენტს ტოვებს - კვირის პალიტრა

მილიონებად შეფასებული ფერწერული ტილოები, ბინები ისრაელსა და რუსეთში - რა ქონებას ფლობს უმდიდრესი დეპუტატი, რომელიც პარლამენტს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" თავად დაუდასტურა.

პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტის დატოვების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება.

შოთა შალელაშვილი პარლამენტში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას "ქართული ოცნებიდან" სიით მომდევნო კანდიდატი სავარაუდოდ, ლევან მგალობლიშვილი ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ შალელაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, ვინც პარლამენტში სწორედ ბიზნესიდან მივიდა. იგი 2014-2015 წლებში შპს "სავინიონის" დირექტორი იყო; 2009 – 2014 წლებში შპს "სანტრეას", 2005 – 2009 წლებში "ტრანსსერვისის" , 2002 – 2005 წელში შპს "ოპალლის", 2000 – 2002 წლებში "დაგრეგოს", 1995 – 1999 წლებში "ინტერის", 1993 – 1995 წლებში კი მრავალდარგობრივი კომპანია "სოფას" გენერალური დირექტორი.

რაც შეეხება მის ქონებასა და ფინანსურ მდგომარეობას, 2018 წლის 25 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შალელაშვილი ფლობს ისრაელში მდებარე 650 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 50%-იან წილს, 4 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; ასევე მის საკუთრებაშია 155 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა რუსეთში; 259.12 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში და დაბა კულაში მდებარე 600 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები MERCEDES S-500, NISSAN TEANA, MERCEDES GL-450, AUDI S8, ასევე Mercedes-Maybach S 560, რომელიც 2017 წელს 153 ათას ევროდ შეიძინა. მის საკუთრებაშია 3 მილიონ დოლარად შეძენილი 4 ფერწერული ტილო და 270 000 ევროდ შეძენილი 3 მაჯის საათი.

რაც შეეხება შალელაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 6 257 285,61 დოლარი; 40 043,34 ევრო, 2 092,67 ლარი და 17 346,97 შეკელი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 10 000 დოლარი და 1 000 შვეიცარული ფრანკი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობისას 48 158 ლარი შეადგინა. გაგრძელება