"სჯობს, გამოძიების კითხვებს უპასუხოს, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს, ვიდრე..." - რას პასუხობს ვოლსკი ჯაფარიძეს - კვირის პალიტრა

"სჯობს, გამოძიების კითხვებს უპასუხოს, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს, ვიდრე..." - რას პასუხობს ვოლსკი ჯაფარიძეს

თუ განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა? თუ უნდა, მე კრედიტი მომცეს და შემდეგ ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის ბრალდებებს.

ვოსლკის თქმით, სჯობს ჯაფარიძე-ხაზარაძემ ბრალდების მხარის კითხვებზე გასცეს პასუხები, ვიდრე იმაზე ისაუბრონ, მიაყენა თუ არა ვოლსკიმ მათ შეურაცხყოფა.

ვოლსკის თქმით, "ფაქტია, რომ ეს ფანდია და თავიდან მოშორება უნდა მათ მთავარი კითხვების".

"ყოველთვის ვამბობდი, რომ პოლიტიკა თუ საზოგადოებრივი მოძრაობა არ არის თავშესაფარი მაშინ, როცა 17 მილიონის აორთქლებას გედავებიან. პასუხი ამაზე უნდა გასცე და არა ის, რომ ედავო ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში შენს წინააღმდეგ გალაშქრებას აბრალებ. როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, საკითხებზე პასუხები უნდა გქონდეს და არა ყურადღების მიქცევის ახალი ფანდი. თუ განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა? უნდა, კრედიტი მომცეს და შემდეგ ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო და იქიდან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის თუ სხვა ქველმოქმედებისთვის? რა უბედურებაა? რა გადაწყვიტა? - ამით ყურადღებას მიიქცევს და პოლიტიკურ ველზე პოზიციებს გაიძლიერებს? განცხადებები გააკეთოს იმაზე, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს, როგორი სქემით მოახერხეს გაცემა ისე, რომ მომსახურება არ იყო უზრუნველყოფილი კრედიტზე, როგორ მიიღეს საკუთარ ანგარიშზე და როგორ გადაიყვანეს, გადარიცხეს ოფშორულ ზონაში. ყოველთვის ვამბობ, სასამართლო გაარკვევს ყველაფერს, მაგრამ ვინაიდან ბრალდებაა, პასუხი ამას უნდა გასცე და არა გია ვოლსკის თუ სხვას ედავო იმისთვის, რომ ღირსება შეგილახეს, რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფაქტია, რომ ეს ფანდია და თავიდან მოშორება უნდა მთავარი კითხვების. ედავებიან და პასუხი უნდა გასცეს. ამბობს, რომ ვინაიდან პოლიტიკაშია, აბრალებენ და აბსურდებს იგონებენ. ეს არ არის შეურაცხყოფა? თუ პოლიტიკურ ველზე ხარ, კეთილი ინებე და პასუხი გაეცი იმ საკითხებს, რაზეც გედავებიან და არა ის, რომ პირიქით, აბსურდული ბრალდებები მოიგონოს," - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს მას ფინანსური სანქცია, 221 952 ლარის ოდენობით დაეკისროს.

"ინტერპრესნიუსი"