"აფხაზეთსა და ცხინვალზე უარს არ ვიტყვით" - როგორ ეხმაურებიან საქართველოში ნატო-ს ყოფილი გენმდივნის განცხადებას
"აფხაზეთსა და ცხინვალზე უარს არ ვიტყვით" - როგორ ეხმაურებიან საქართველოში ნატო-ს ყოფილი გენმდივნის განცხადებას
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. როგორც რასმუსენმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საკითხავია, რა არის უფრო სარისკო - ამჟამინდელი მდგომარეობა თუ ახალი საუბრების დაწყება ნატო-ს შესაძლო წევრობაზე.

"ვფიქრობ, თქვენ უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ
ოსეთის გარეშე. ეს საქართველოს გადასაწყვეტია და შემდეგ უნდა შეატყობინოს ნატო-ს და მიმართოს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თქვენ რას იტყვით? თუ საქართველო იტყვის, კარგი, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ნატო-ს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ჩვენ მზად ვართ, მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად
აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პუტინი ვერ დაადებს ვეტოს საქართველოს წევრობას ნატო-ში. ეს საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

რასმუსენის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში.

ირაკლი სესიაშვილი, უმრავლესობის წევრი:
"რაც შეეხება რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, საუბარია ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე - ანუ შეუძლია თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი თავისი ტერიტორიული მთლიანობით გახდეს, მაგრამ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხოს, ისე როგორც ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში მოხდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებულია და საქართველო ნატოს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად"

პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი:
"თუ რასმუსენმა მეხუთე პუნქტი ახსენა, მაშინ ვეთანხმები მის მოსაზრებას. დიახ, დისკუსები უნდა დაიწყოს. დისკუსიები უნდა დავიწყოთ იმაზე, თუ რა ფორმით უნდა მიგვიღონ ნატო-ში. თუ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს", ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, კარგიც კი არის. ამ შემთხვევაში ყველა დამშვიდდება, მათ შორის ნატოც, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვითხოვთ ალიანსისგან შეიარაღებულ მხარდაჭერას, მხოლოდ მშვიდობიანი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ რასმუსენმა ახსენა მეხუთე პუნქტი, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ვღებულობთ, მაგრამ მეხუთე პუნქტი არ შეეხება აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" - ეს ჩემთვის მისაღები პოზიციაა. ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოება უნდა მივიდეს კონსენსუსამდე, გვინდა თუ არა ჩვენ ნატო-ში გაწევრიანება ისე, რომ მეხუთე პუნქტი არ შეეხოს აფხაზეთსა და ცხინვალს და უკვე ნატო-ში გაწევრიანებულმა საქართველომ განაგრძოს მუშაობა გაერთიანებისთვის და ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთებისთვის. მთავარია ეჭვ ქვეშ არ დადგეს შერიგების საკითხი და დიალოგი არ შეწყდეს"

გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
"ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერცერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა, რაც არავის გამოადგება. დარწმუნებული ვარ, ემოციურად ყველა ასეა განწყობილი, რომელ პოლიტიკურ ფლანგზეც არ უნდა იდგნენ. თუ ეს ამას უპირისპირდება, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამ საკითხის მეორე მხარე არსებობს, როცა ვამბობთ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მოლაპარაკებებით მოვაგვარებთ. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს, მხარს უჭერს და ჩვენთან ერთად იღწვის, რომ ეს სამართლიანობა აღდგეს"

ოთარ კახიძე, "ევროპული საქართველოს" წევრი:
"ეს ინიციატივა ძალიან საინტერესოა, რადგან ჩვენი მეგობარი ქვეყნების ნაწილისთვის, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოს ნატო-ში ინტერაციის საკითხთან დაკავშირებით და თვლის, რომ რუსეთთან ომის საფრთხე ახლავს ამ პროცესს, შეიძლება ეს მოდელი მისაღები გამოსავალი აღმოჩნდეს...
როცა ჩვენი ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა კვლავ ძალაში დარჩება, ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს უპირობოდ, მაგრამ ამავე დროს, ტოტალური თავდაცვის მუხლი გავრცელდება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. ეს არის ძალიან საინტერესო გამოსავალი.

რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობამ ამაზე უნდა იფიქროს, აქამდეც ნაფიქრი უნდა ჰქონდეს. არაღიარების პირობებში ეს არის გარანტია, რომ ჩვენ მივიღებთ უსაფრთხოების ქოლგას და გარანტია იმისა, რომ საქართველო განვითარდება ნახტომისებურად, ჩვენთან ჩაიდება თავისუფალი კაპიტალი, ინვესტიციებისთვის იქნება ძალიან მიმზიდველი გარემო"

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

LLC
11 სექტემბერი 2019 10:37
Erti ram chadia rom ruseti mitacebuli teritoriebis dabrunebas arcert variantshi ar ganihilavs. Jer nacebs shemdeg qocebs manamde ki shevardnazes shvadashbagvari midgoma qondat am sakithtan tumca rusetis pozicia rcheboda ucvleli.
Ase rom gahdeba saqartvelo natos cevri tu ar gahdeba ruseti arcert shemthvevashi ar cava datmobaze. Am mocemulobashi ertaderti koziri rac qartvelebs gaachniat aris dasavletis ucvleli mhardachera ase rom kithva sheizleba amgvarad daisvas miigebs ki saqartvelo met mhardacheras mashin roca is natoshi gacevriandeba? Vfiqrob rom pasuhi dadebiti unda iyos.
დათო
10 სექტემბერი 2019 18:29
ააა აი ეხლა გამოჩნდება თეთრი და შავი. დისკუსია ფაქტიურად დაიწყებულია.ვინც რასმუსენს არ ეთენხმება დადოს ალტერნატივა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?