ინაშვილი დევიდ კრემერს: "ბოდიში მომიხადეთ" - კვირის პალიტრა

ინაშვილი დევიდ კრემერს: "ბოდიში მომიხადეთ"

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი დევიდ კრემერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ინაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, 2 დღის განმავლობაში გიგა ბოკერია და მისი თანაპარტიელები "პატრიორტთა ალიანსის" შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ამიტომ მას აქვს უფლება ამ სიცრუეზე უპასუხოს.

ინაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს ჰკითხა, "არის თუ არა დემოკრატია ადამიანის წამება, რასაც სააკაშვილი - ბოკერიას გუნდი წლების განმავლობაში აკეთებდა".

თავისი გამოსვლის დასასრულს, ინაშვილმა დევიდ კრემერს მიმართა და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

"თქვენ ბოდიში უნდა მომიხადით, ბატონო კრემერ! იმიტომ, რომ თქვენ გადააბიჯეთ და შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტის წევრს და ბოდიში მომიხადეთ",- მიმართა ინაშვილმა კრემერს.

შეგახსენებთ, რომ ხმაური და დაპირისპირება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What?, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის გამოჩენას მოჰყვა. პანელის წამყვანმა დევიდ კრემერმა ინაშვილს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ამავეს ითხოვდნენ ინაშვილისგან კონფერენციის ორგანიზატორებიც. სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

ინციდენტზე ისაუბრა დევიდ კრემერმაც და აღნიშნა, რომ ამაში პოლიტიკური არაფერი ყოფილა.

"არ ვიცოდი, ვინ იყო მიკროფონიანი ბიჭი, არ ვიცოდი, ვინ იყო ქალი, რომელიც მოვიდა და რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ის "პატრიოტთა ალიანსიდანაა" და ასევე, ვიცე-სპიკერია. ვიფიქრე, რომ რაც მათ გააკეთეს, ძალიან უხეში იყო და შლიდა კონფერენციას. მათ შეუძლიათ დასწრება, მაგრამ ეს უნდა გააკეთონ ისე, როგორც დანარჩენმა სხვებმა, რაც ნიშნავს დარეგისტრირებას და მონაწილეობის მიღებას წყნარად, სანამ მათ სიტყვით გამოსვლისთვის დაუძახებენ. არაფერი პოლიტიკური ამაში არაა, მხოლოდ ვიფიქრე, რომ ის, რაც მოხდა, დაუჯერებელი უხეშობაა", - განუცხადა კრემერმა "ინტერპრესნიუსს".

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო