რუსეთის დუმამ ცხინვალის მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც "1920 წელს ოსების გენოციდის აღიარებას“ ითხოვს, სამუშაო ჯგუფი შექმნა - კვირის პალიტრა

რუსეთის დუმამ ცხინვალის მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც "1920 წელს ოსების გენოციდის აღიარებას“ ითხოვს, სამუშაო ჯგუფი შექმნა

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, ოსების გენოციდის შესახებ განცხადებას დუმის სამუშაო ჯგუფი განიხილავს. ჯგუფს დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიკტორ ვოდოლაცკი უხელმძღვანელებს.

მისი თქმით, რუსეთის დუმის საბჭომ განიხილა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვა „1920 წელს ქართველი ნაციონალისტების მიერ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსების გენოციდის აღიარების შესახებ და მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“.

„მიღებულია გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რათა მართებულად შევისწავლოთ ეს საკითხი. შემდეგ სამუშაო ჯგუფი შეიტანს საკუთარ წინადადებებს, რადგან თემა, რომელიც წარმოადგინეს კოლეგებმა სამხრეთ ოსეთის პარლამენტიდან, ძალიან სერიოზულია“ - განაცხადა ვოლოდინმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატებს არ შეეძლოთ გვერდი აევლოთ ცხინვალის პარლამენტართა მიმართვისთვის.

„მათ აქვთ მტკიცებულებები, ფაქტები, რომლებიც მათ მოჰყავთ მიმართვაში. ამიტომ, სწორად მიგვაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფმა მოიზიდოს ისტორიკოსები, ისინი, ვისაც შეუძლია უფრო კონკრეტულად ახსნას ეს ვითარება“, - განაცხადა დუმის სპიკერმა.

მანვე დასძინა, რომ მოთხოვნილი იქნება ინფორმაცია როგორც სამხრეთ ოსეთისგან, ისე იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მხრიდანაც იქნება კომუნიკაცია ამ საკითხის განხილვისას.

„ვისურვებდით, რომ ქართულმა მხარემ წარმოადგინოს მასალები, რაც გააჩნიათ, რათა ობიექტურად შევაფასოთ ეს ვითარება. ბრალდება ძალიან სერიოზულია. ის უნდა ეფუძნებოდეს, რა თქმა უნდა, არგუმენტებს, ობიექტურ მოვლენებს. მას შემდეგ, რაც სამუშაო ჯგუფი შეკრებს საჭირო მასალებს და შეიმუშავებს წინადადებებს, ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით ამ საკითხს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ მაქსიმალურად ობიექტურები ვიქნებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში ყველას ესმოდეს, რომ თუკი ასეთი ვიტარება იყო სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხთან მიმართებაში, სწორი იქნებოდა ამის აღიარება და ჩვენი კოლეგების მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აქ ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, რა არგუმენტაცია, რა მასალები იქნება წარმოდგენილი“ - განაცხადა ვოლოდინმა.

"ინტერპრესნიუსი"