"საოკუპაციო ძალებმა ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორეს ამონტაჟებენ" - კვირის პალიტრა

"საოკუპაციო ძალებმა ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორეს ამონტაჟებენ"

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საგუშაგოების მოწყობას ორ ლოკაციაზე აგრძელებენ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, ვაჟა ლომიძის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ლოკაციებზე ხის ფარდულები დადგეს.

"ფაქტია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორესაც ამონტაჟებენ. ეს ადგილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, სადაც ამჟამად ახალი პოსტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ადგილი სოფელ წაღვლისა და ყობის სიახლოვეს მდებარეობს. ყობის დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრშია. ეს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას აზარალებს და დაძაბულობას ქმნის", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ხაშურის მუნიციციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ვაჟა ლომიძემ.

ადგილობრივი მოსახლეობა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების აღნიშნულ ქმედებებს და საგუშაგოების განთავსებას მორიგ პროვოკაციად აფასებს.

"ორ საგუშაგოს აკეთებენ. ბუნებრივია, შემაშფოთებელია ეს ფაქტი, თუმცა, მოსახლეობა პანიკაში არ არის. ვცხოვრობთ აქ ჩვეულებრივ, ვფიქრობთ, რომ პროვოკაციის მიზნით აკეთებენ. შესაძლოა, ტყით სარგებლობა და გადაადგილება შეგვეზღუდოს, რაც ნამდვილად არ იქნება მარტივი", - განაცხადა სოფელ ჩორჩანას მცხოვრებმა ნანა მულაძემ.

"ინტერპრესნიუსი"