"ქართველების, აფხაზებისა და ოსების ეთნორესურსი ნადგურდება" - კვირის პალიტრა

"ქართველების, აფხაზებისა და ოსების ეთნორესურსი ნადგურდება"

"ბაღაფშის ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, სამძიმარიც კი შეიძლება ვუთხრათ"

"თრუსოს ხეობის თავზე შავი ღრუბელი მოგროვდა"

რამდენად მართებულ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისათვის და რა ხდება იმ მიწა-წყალზე, რომელიც საქართველოს დროებით მოჰგლიჯეს? - ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

- ყველაზე მტკივნეული ის კი არ არის, რომ დავმარცხდით, არამედ ის, რომ 1990 წლიდან დაწყებული ყველა ომში დავმარცხდით და ამის შედეგად ერს არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდა. პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს ამ ფაქტის ნიველირებასა და ისე წარმოჩენას, რომ შარშან განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. იმ ჯარისკაცების ეკრანზე გამოჩენა, რომელთაც მხედრული მოვალეობა პირნათლად შეასრულეს და იომეს, ძალიან კარგია, მაგრამ ეს მთელი ერის განწყობას ვერ შველის. როდესაც მოქალაქეები გამუდმებით სვამენ კითხვას, რა გვეშველებაო, სწორედ ეს არის მათი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამომხატველი. ამ კითხვას მხოლოდ სოციალური შეჭირვების გამო არ სვამენ. ხალხი, რომელსაც ეს კითხვა უჩნდება, დამარცხებული, შერცხვენილი და უმწეოა.

ქართველი ერი გრდემლსა და უროს შორის მოექცა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა უჭირს. ჩემთვის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებისთვის საქართველოსა და ქართველი ერისთვის ბრძოლა არ დამთავრებულა. ხელისუფლებისთვის კი არ დამთავრებულა ბრძოლა რუსეთთან. დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მთავარი საქართველო და ქართველი ხალხი კი არა, ტერიტორიაა. მათ სურთ, საქართველო იყოს მათი გავლენის თუ კონტროლქვეშ და აქ ბაზები განათავსონ. ასევე არ აინტერესებს ოსი და აფხაზი ხალხი რუსეთს. მისთვისაც ტერიტორიაა მთავარი. ასეთ ვითარებაში კი ჩვენი - ქართველების, აფხაზებისა და ოსების ეთნორესურსი ნადგურდება. თუ არ შენარჩუნდა ის ეთნორესურსი, რაც არსებობს ამ რეგიონებში, ამ ტერიტორიებს სხვები დაეპატრონებიან. ამის დამადასტურებელი ნიშანი უკვე ჩანს აფხაზეთში. 10-12 წელიწადში იქ აფხაზები აღარ იქნებიან და ეს მიწა დაკარგული იქნება ჩვენთვისაც და მათთვისაც. ჯერჯერობით ამხელა საფრთხე არ ემუქრება ქართველ და ოს ეთნოსს, მაგრამ თუ პროცესები ძველებურად გაგრძელდა, ეს საფრთხე რეალური გახდება.

ერთ ამბავს მოგიყვებით: აფხაზეთის ომის დროს ჩვენს წინააღმდეგ ყაბარდოელების მობილიზაციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელები და გზის მაჩვენებლები იყვნენ ძმები ტაჰირ და ასმან ბაჟოვები, იმ ესკადრილიის წევრები, რომელსაც ავღანეთის ომის დროს საბჭოთა კავშირის გმირი, შემდგომ რუსეთის ვიცე-პრეზიდენტი რუცკოი ხელმძღვანელობდა. ამავე ესკადრილიაში იყო სოხუმელი ქართველი სლავიკ ჯაბუა, ძმები ბაჟოვების მეგობარი, მაგრამ აფხაზეთის ომის დროს ისინი სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. სლავიკ ჯაბუა ომში დაიღუპა. როდესაც ბაჟოვებს გაუგიათ, ჩვენი მეგობარი ფრონტის მეორე მხარეს იბრძოდა და დაიღუპაო, ბრძოლისთვის თავი გაუნებებიათ. ბაჟოვები დღეს კრასნოდარში მუშაობენ. კრასნოდარის გუბერნატორმა ტკაჩოვმა მათ დაავალა იმ ყაბარდოელებისა და ადიღელების მობილიზება, რომლებსაც აფხაზეთში ცხოვრება უნდათ. ძმებმა ბაჟოვებმა თავი ვალდებულად ჩათვალეს, ეს ქართული მხარისთვის შეეტყობინებინათ, რაც ნამდვილად ვაჟკაცური საქციელია. ადიღელებს მოუთხოვიათ, თუ აფხაზეთში გადმოვალთ, მიუსერაში დაგვასახლეთო, რაზეც რუსებისგან კატეგორიული უარი მიუღიათ. მიუსერა რუსებისთვის საუკეთესო ლუკმაა და როგორ გაიმეტებენ? ადიღელებს გულრიფშის რაიონი გამოუყვეს, ოღონდ ზღვისპირა ზოლი კი არა, სიღრმეში, მთისკენ. სხვათა შორის, გულრიფშის რაიონს განეკუთვნება კოდორის ხეობაც. ოჩამჩირის რაიონის მიტოვებული ქართული სოფლები კი კაზაკებისთვის არის გათვალისწინებული. რაც შეეხება სოხუმსა და გაგრას, რუსები ამ ტერიტორიას არავის დაუთმობენ. არის ტერიტორიები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ნათესებისთვის გამოიყო. მაგალითად, ნიჟნი-ნოვგოროდის ადმინისტრაციას სოფელ ილორის მიმდებარე ტერიტორია აუღია, სათბურები გაუშენებიათ, რათა იქ მოწეული მოსავლით ნიჟნი-ნოვგოროდი მომარაგდეს.

- მიწების სხვათათვის გადაცემას ბაღაფში არ ეწინააღმდეგება?

- ბაღაფშს არავინ არაფერს ეკითხება. ის რუსულ პრესაში უკვე ანტიაფხაზურ განცხადებებს აკეთებს, რაკი ბოლო ომში რუსეთმა დაგვიცვა, ვალდებული ვართ, პატივი ვცეთო. ასეთი რამის თქმა აქამდე ბაღაფშს არ უკადრებია. სტრატეგიული ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაიდო, იმდენად კაბალურია, რომ აფხაზების აღშფოთება მოჰყვა. ერთ-ერთ ხელშეკრულებას, რომელიც საზღვარზე აფხაზი მესაზღვრეების ნაცვლად რუსების ჩაყენებას ითვალისწინებდა, დიდი ხმაური მოჰყვა აფხაზეთის პარლამენტში ლამის ომი გაიმართა. ისეთმა ნაციონალისტმაც კი, როგორიცაა აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი მამა გურამ გუმბა, თავი შეიკავა (სულ სამმა დეპუტატმა შეიკავა თავი) ამ ხელშეკრულების მხარდაჭერისაგან. სხვებმა კი იხელმძღვანელეს მოტივით, - ხელშეკრულებას მედვედევმა მოაწერა ხელი და ხომ არ ვაწყენინებთო. ხელშეკრულების თანახმად, აფხაზ მესაზღვრეებს არანაირი ფუნქცია აღარ აქვთ. საგულისხმოა ისიც, რომ აფხაზ სახელმწიფო ჩინოვნიკებს არათუ რუს მესაზღვრეებთან, არამედ იმ ობიექტებთან მიახლოების უფლებაც არა აქვთ, რომელთაც რუსი მესაზღვრეები იცავენ. რუსმა მესაზღვრეებმა და ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებმა დანაშაულიც რომ ჩაიდინონ, მათ ვერავინ დააპატიმრებს.

საინტერესოა კიდევ ერთი პუნქტი, - აფხაზეთი ვალდებულია, ბინა და მიწა მისცეს იმ მესაზღვრეებს, რომლებიც თადარიგში გავლენ. ხელშეკრულებაში არ წერია, რომ ეს პუნქტი მხოლოდ აფხაზეთში მომსახურე მესაზღვრეებს ეხება. და ასეთი ხელშეკრულება აფხაზეთის პარლამენტში გავიდა! მოკლედ, აფხაზებს აფხაზეთში არავინ აღარაფრად აგდებს. ცხადია, ყველამ არ წაუყრუა ამ ფაქტს. პარლამენტში ისეთი ამბავი ატყდა, რომ რუსეთი იძულებული გახდა, უკან გაეთხოვა ხელშეკრულება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, ვაითუ, ამან უარესი ექსცესები გამოიწვიოსო. ამას მოჰყვა ოტობაიაში აფხაზი მესაზღვრეების აჯანყება, რომელთაც დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. იქ შს მინისტრი ოთარ ხეცია და რუსლან ქიშმარია ჩავიდნენ, რასაც ჰაერში სროლა მოჰყვა. დღეს აფხაზი სეპარატისტები მხოლოდ ერთი პოსტიდან მოხსნეს. სხვა პოსტებზე, ჯერჯერობით, დროებით ისევ დაუშვეს შერეული აფხაზურ-რუსული კონტინგენტი. ხვალ-ზეგ ამ პოსტებზე აფხაზები აღარ იქნებიან.

აფხაზები ხვდებიან, რომ ძალზე მძIიმე დღეში ჩაიგდეს თავი, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ხედავენ. მით უმეტეს, საქართველოდანაც არ ჩანს ნიშანი, რომ მათთვის რაიმე შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ბაღაფშის ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, სამძიმარიც კი შეიძლება ვუთხრათ. ერთი მხრივ, ოპოზიცია აუმხედრდა, მეორე მხრივ კი რუსეთისგან არის არნახული ზეწოლა. მეეჭვება, ამას ბაღაფშმა გაუძლოს.

- გალის მოსახლეობას აიძულებენ, აფხაზური პასპორტები აიღოს და აფხაზეთის მოქალაქეებად ჩაეწეროს.

- ეს შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. არ გამოვრიცხავ, რომ ბაღაფშს ამ შემთხვევაში ამოძრავებდეს მიზანი, გაზარდოს თავისი მომხრე მოსახლეობა აფხაზეთში. ახალი კანონით ნებისმიერ რუს მოქალაქეს შეუძლია აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. რეალური საშიშროებაა, რომ აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტი აფხაზი არ იყოს. ამიტომაც ცდილობს ბაღაფში მის მიმართ ლოიალურად განწყობილი გალის მოსახლეობის მდგომარეობის შეცვლას. ბაღაფშის არჩევისას კანონის დარღვევით მონაწილეობდნენ არჩევნებში გალელები, რადგან არ ჰქონდათ აფხაზეთის პასპორტები და ბაღაფშს ფორმა #9-ის საფუძველზე მისცეს ხმა.

დღეს აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა დისკრიმინირებულია. Oოქტომბრის რევოლუციამდე მოსახლეობის აღრიცხვის დოკუმენტში იყო გრაფები: ქართველი, მეგრელი, სვანი. საბჭოთა დროს ეს გრაფები გაუქმდა და 2003 წლის არჩევნებში ისევ გაჩნდა. 2003 წლის აღწერით გალის რაიონში არის 27 ათასი ქართველი და 1400 მეგრელი. სინამდვილეში, ყველა მეგრელია, მაგრამ მხოლოდ 1400-მა კაცმა დაასახელა თავი მეგრელად. ეს ტენდენცია გრძელდება კოდორშიც. გამუდმებით გაისმის სეპარატისტებისგან მოწოდება, კოდორის ხეობის სვანები უკან დაბრუნდნენ და ყველა პირობას შევუქმნითო. ქართველებს მათ განგებ არ უწოდებენ.

ვფიქრობ, კოდორშიც უნდა დაბრუნდნენ ქართველები და აფხაზეთის მოქალაქეობაც უნდა მიიღონ გალის მცხოვრებლებმა.

- და ეს ღალატად არ ჩაეთვლებათ?

- თბილისში ამას ღალატად აღიქვამენ, მაგრამ სამომავლოდ აფხაზეთში დასაბრუნებლად გამოგვადგება. ეს იქნება ქართული რესურსი აფხაზეთში. ეს ხალხი არ უნდა მივატოვოთ. თუ კოდორშიც არ დაბრუნდნენ, იქ ჩრდილოკავკასიელებს ჩაასახლებენ და კოდორიდან მათ განდევნას საუკუნე დასჭირდება.

რატომ არაფერს ამბობს ხელისუფლება იმაზე, რომ გალის რაიონის ნაწილი ტუაფსესა და ოჩამჩირეს შორის არის გადანაწილებული? ძირძველ ქართულ სოფელ ოქუმში ახალგაზრდობა ქართულად აღარ ლაპარაკობს. არ იციან მშობლიური ენა და არც ის იციან, რა ხდება საერთოდ საქართველოში. ეს უპატრონოდ, ღვთის ანაბარად მიტოვებული ქართული ეთნოსია. ერთმა მოსწავლემ, რომელიც გალის რაიონის გადანაწილებული ტერიტორიიდან ჩავიყვანეთ ბათუმში, გვითხრა, არ ვიცოდი, თუ საქართველოში ამსიმაღლე სახლები იყოო. Gგადაულახავ პრობლემად იქცა აფხაზეთში "დედაენისა" და ქართული სახელმძღვანელოების შეტანა. მე ვიცი, როგორც უნდა შევიტანოთ აფხაზეთში ქართული წიგნები. თუ ვინმე დაინტერესდება, გამომეხმაუროს და მომაწოდოს ქართული წიგნები.

ვიღაცას თბილისში ხელს აძლევს, რომ საქართველოში ბევრი ლტოლვილი იყოს და ამით ფული იშოვოს. აბა, სხვა რა დატვირთვა ჰქონდა გზის პირას ლტოლვილთა დასახლებების გაშენებას?

- სამხრეთ ოსეთში გახშირებული პროვოკაციები, კოკოითის პრეტენზია თრუსოს ხეობაზე რას მოასწავებს?

- შესაძლოა, კოკოითის ეს პრეტენზია მართლაც გახდეს კონფრონტაციის საბაბი. - სამხრეთ ოსეთის ავტონომია უმნიშვნელოვანეს ხეობებს კეტავს. მამისონის უღელტეხილი საბჭოთა რუკების მიხედვით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარში შედის. ასევე უცნაურად არის შეჭრილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი საჩხერის რაიონში, პერევთან. ამ პრინციპითაა შედგენილი რუკა აღმოსავლეთის მიმართულებითაც, - თრუსოს ხეობის მიმდებარე ტერიტორია სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაშია, ასევე მლეთის მარცხენა კალთაც. კოკოითის ჯერ ბორჯომ-ბაკურიანი უნდოდა, ახლა თრუსო მოითხოვა. არადა იქ ერთი ოსიც აღარც ცხოვრობს, შარშან, აგვისტოში, ყველა გავიდა, მაგრამ თუ ლარსის გადასასვლელი გაიხსნება, ყველა უკან დაბრუნდება. მათ საქართველოს გარდა რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ და მათი დაბრუნებით ახალი დილემა გაგვიჩნდება. საგულისხმოა, რომ თრუსოს ხეობის მცხოვრებთ ვლადიკავკაზში ფული დაურიგეს დანგრეული სახლ-კარის აღსადგენად, მაშინ, როცა სახლები უვნებელია. ეს იცის ფულის გამცემმაც და ამღებმაც, მაგრამ ამით ხალხს აქეზებენ, უკან დაბრუნდითო. ასე რომ, თრუსოს ხეობის თავზე შავი ღრუბელი მოგროვდა და თუ დაიკავეს ოსებმა, საქართველოს სამხედრო გზა გადაიჭრება და ყაზბეგის რაიონი საქართველოს მოსწყდება.

- რუსულ სამხედრო ელიტაში გახმიანებული მოსაზრება მეორე საომარ კამპანიაზე, რამდენად არის საფრთხის შემცველი?

- არის ვარაუდი, რომ კამპანია 12-დან 15 აგვისტომდე დაიწყება. სამხედრო დაპირისპირება დღეს მხოლოდ კოკოითის სჭირდება, რადგან ძალიან რთულ მდგომარეობაშია აგვისტოს ომის "გმირებთან" ურთიერთობის გაფუჭებისა და კორუფციის გამო. კოკოითის გამუდმებით ტანჯავს ეჭვი, რომ ალბერტ ჯუსოითით ჩაანაცვლებენ და ამიტომაც შეაჩერებინა ცხინვალის მიმართულებით გაზსადენის მშენებლობა, რომელსაც ჯუსოითი ხელმძღვანელობდა. კოკოითის მიმართ იმდენად ცუდი დამოკიდებულებაა, რომ სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევი უკვე კოკოითის ზურგს უკან მართავს მოლაპარაკებებს მის მოწინააღმდეგეებთან.

კოკოითიმ შიშის გამო დაითხოვა მთავრობაც. ყოფილი პრემიერი მოსკოვიდან იმ მისიით მიავლინეს ცხინვალში, რომ გაეკონტროლებინა ტრანშები, რომელთაც რუსეთი გაიღებდა სამხრეთ ოსეთისთვის, კოკოითიმ კი მოინდომა თავად გაეკონტროლებინა ტრანშები. ბუცალოვმა უმოქმედობა ვერ აიტანა და ცხინვალიდან წავიდა ვითომ ავადმყოფობის გამო. ამით ისარგებლა კოკოითიმ და მას მთელი მთავრობა მიაყოლა. როგორც ჩანს, ლუდვიგ ჩიბიროვის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის ექსპრეზიდენტი) კლანი ისევ ძლიერდება. ახალ პრემიერად ჩელიაბინსკელი რუსი ბროვცევი დაინიშნა, რომელიც ლუდვიგ ჩიბიროვის ვაჟის უახლოესი მეგობარია. ბროვცევი მანამდე სამშენებლო ბიზნესში იყო და გროზნოს აღდგენაში მონაწილეობდა. როგორც ჩანს, ახლა მას ცხინვალის აღდგენა დაევალა.

ბოლო დღეებში ისევ გაიყვანეს ცხინვალიდან ბავშვები, თუმც კოკოითის ოფიციალურად არ გამოუცხადებია ევაკუაცია. პარალელურად იარაღის ჩაბარების კამპანიაც წამოიწყო. ამასობაში ახალგორში ჩეხოევი და ბარანკევიჩი (კოკოითის მთავრობის ექსმინისტრი) კოკოითისთან საბრძოლველად ემზადებიან და მომხრეებს რაზმავენ.

- მედვედევის ცხინვალში ჩასვლის მიზანი რა იყო?

- მედვედევი ცხინვალში "ნაბუკოს" პროექტზე ხელმოწერის დღეს ჩავიდა. ეს იყო ერთგვარი დემარში, - სამხრეთ კავკასიაში, სადაც "ნაბუკოს" პროექტის მილსადენმა უნდა გაიაროს, სიტუაციას მე ვაკონტროლებო. სამხრეთ ოსეთი "ნაბუკოს" მილსადენიდან დაახლოებით 40 კილომეტრშია. ჯავაში დგას რუსული შორსმსროლელი არტილერია, რომელიც კონტროლს თბილისსაც უწევს და მილსადენსაც.

- დეოკუპაციის მიზნით ხელისუფლების ნაბიჯებს როგორ შეაფასებთ?

- როდესაც ხელისუფლება ლაპარაკობს ბაიდენის ვიზიტსა და მის მხარდაჭერაზე, მინდა ვთქვა, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აქ სააკაშვილის ან ქართველი ხალხის მხარდასაჭერად კი არა, იმისთვის ჩამოვიდა, რომ ეს ტერიტორია სჭირდება. ჩვენი პოზიცია გარკვეულწილად რუსეთის ხელისუფლების შეცდომებმა გაამყარა. "ნაბუკოს" პროექტი, ფაქტობრივად, მკვდარი იყო, მაგრამ რუსეთის აგრესიას მსოფლიომ "ნაბუკოს" გაცოცხლებით უპასუხა.

ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება ყველაზე უკეთ მოიქცევა, თუკი მშვიდად იქნება და სააკაშვილი ნაკლებს ილაპარაკებს საქართველოდან 58-ე არმიის დამარცხებასა და გაგდებაზე. ვიცი, რომ ცხინვალის რეგიონში ქართველი ძალოვნები ძალის დემონსტრირებას ახდენენ (ამ საკითხზე მეტს არ ვილაპარაკებ), მაგრამ საჭიროა ამის გაკეთება? შესაძლოა, ეს გამართლებულიც იყოს, მაგრამ ძალზე სახიფათო თამაშია.