"ხაზარაძეს დასავლეთის მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ბანკირის იმიჯის შეცვლა და "გამოსწორება" სოციალურად დაუცველ ფენაში რთულია" - კვირის პალიტრა

"ხაზარაძეს დასავლეთის მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ბანკირის იმიჯის შეცვლა და "გამოსწორება" სოციალურად დაუცველ ფენაში რთულია"

"ნურანაირი ჭორებს ნუ აყვებით. არავისთან არ ვითანამშრომლებთ. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებისთვის, ამას ვაცხადებთ მთელი სერიოზულობით. ამ მოძრაობაში, ამ პარტიაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავიანთ სფეროებში, სხვადასხვა დისციპლინებში და ინდუსტრიებში. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ჩვენ ღია ვართ მედიისთვის. ყველასთან ვისაუბრებთ, მთელ სპექტრს გავესაუბრებით, მაგრამ დამოუკიდებლად, ახალი ძალებით მივალთ არჩევნებზე", -  ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.

"ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება, ლიდერების პარტია, ეს არის იქნება მამუკა ხაზარაძის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ", - განაცხადა ხაზარაძემ. რა ტიპის მოძრაობა იქნება "ლელო" და რა პერპექტივები აქვთ პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება: რამაზ საყვარელიძე

- ჩემთვის ნიშანდობლივი და საყურადღებო იყო, რომ მამუკა ხაზარაძემ ორიენტირი არ აიღო რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებაზე და დამოუკიდებლად ბრძოლა გადაწყვიტა. ვფიქრობ, ეს ძალიან ჭკვიანური, აბსოლუტურად გამართლებული პოზიციაა, რადგან საქართველოში პარტიებს არ აქვთ ისეთი ავტორიტეტი, რომ მათთან საქმიანობით ხალხი მოიზიდო, პირიქით. თავის დროზე ელისაშვილმა თქვა უარი პარტიების მხადაჭერაზე, როდესაც მერის არჩევნებში მონაწილეობდა. ამან მას საკმაოდ კარგი შედეგი მოუტანა. ანალოგიურ სტრატეგიად აღვიქვი ხაზარაძის ეს განცხადება, რომ ის რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ორინტაციას არ აიღებს და ეცდება დამოუკიდებლად შევიდეს პარლამენტში მაქსიმალურად მაღალი შედეგით და მერე უკვე იმის მიხედვით იქნება ორიენტირებული ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალაზე, ქვეყანას როგორც გამოადგება.

- მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "ლელოს" არ ეყოლება ერთი ლიდერი, რომლის ხელშიც ძალაუფლება სრულად კონცენტრირდება. მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამ წუთამდე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ლიდერის, ანუ ერთი პირის ხელში ძალაუფლების კონცეტრირებაა, რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ეს დანაპირები?

- ეს ჯერ მხოლოდ განზრახვაა. მე არ მახსოვს, რომ პარტიის შექმნის დროს, რომელიმე ლიდერს ეთქვას, რომ ის შეეცდება გახდეს ერთპიროვნული მმართველი. ყველას აქვს ტენდენცია, რომ მისი პარტია თუ მოძრაობა სახალხოა. უბრალოდ მერე უჭირთ ხოლმე ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა. ზოგჯერ ლიდერს სწორედ გარემოცვა არ აძლევს დანაპირების შესრულების საშუალებას. ვნახოთ, მამუკა ხაზარაძე როგორ გაართმევს თავს ამ რთულ საქმეს.

- თქვენი აზრით, ხაზარაძის მიერ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადები პოპულისტურია თუ ხედავთ ამის ლოგიკურ შესაძლებლობას?

- პირადად მე ნამდვილად ვხედავ ამის ლოგიკურ შესაძლებლობას. მამუკა ხაზარაძის ცენტრალური იდეა ბიზნესის ხელშეეწყობაა. ძლიერი ბიზნესი თავისთავად შექმნის სამუშაო ადგილებს. სამუშაო ადგილები კი ახალგაზრდებსაც დაანახვებს აქ დარჩენის და განვითარების პერსექტივას და ემიგრანტებსაც გაუჩენს დაბრუნების სურვილს.

- ამერიკელი დიპლომატები ხშირად ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ინტიტუტების მშენებლობა რაღაც დონემდე მიიყვანა... შემდეგ ჰქონდათ იმედი, რომ ამ საქმეს ბიძინა ივანიშვილი დაასრულებდა... რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების იმედები ახლა ხაზარაძეზე დამყარდეს?

- ეჭვიც არ მეპარება, ხაზარაძეს დასავლეთის მხარდაჭერა ექნება. მას საკმაოდ ინტენსიური კონტაქტები აქვს და დასავლეთში. იქ კი ბიზნესში სანდო ადამიანს კარგი თავლით უყურებენ. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც საქართველოს მოსახლეოის ხმარდაჭერაა.

- საქართველოს მოსახლეობის განწყობასთან დაკავშირებით თქვენ რა მოლოდინები გაქვთ? - რთული ამოცანაა ხაზარაძისა და ზოგადად მისი ჯგუფის წინაშე. იმიტომ, რომ ბიზნესიდან, მით უფრო საბანკო ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული პერსონები საზოგადოებაში პოპულარობით არც ერთ ქვეყანაში არ სარგებლობენ. ბანკირის იმიჯის შეცვლა და "გამოსწორება" სოციალურად დაუცველ ფენაში რთულია, თორემ ინტელგინციასა და ბიზნესწრეებში ხაზარაძეს იმიჯზე ზრუნვა და პოპულარობის მოპოვება ნამდვილად არ სჭირდება. იქ მას ყველა კარგად იცნობს.

- ბიძინა ივანიშვილიც ბიზნესიდან მოვიდა, მაგრამ მან ძალიან მარტივად შეძლო სოციალურად დაუცველ საზოგადოებაში ჭარბი ნდობის მოპოვება...

- დიახ, ივანიშვილიც ბიზნესიდან მოვიდა და ამ ხრივ ის საინტერესო ფენომენია, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლამდე მას მთელი ოცი წლის განმავლობაში ქველმოქმედის ამპლუაში იცნობდნენ. მას განსხვავებული პოზიციები ჰქონდა. ნახეთ, ბადრი პატარკაციშვილიც ქველმოქმედი იყო, მაგრამ მას არ ჰქონდა ივანიშვილის მსგავსად დიდი მასშტაბები და შედეგიც ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, პოლიტიკაში მაშინ შემოვიდა, როდესაც სააკაშვილსა და საზოგადოების შორის დაპირისპირების პიკი იდგა, არჩევნებზე ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. დღეს საზოგადოებასა და ივანიშვილს შორის ისეთი დაპირისპირება ნამდვილად არ არის, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში იყო... თუმცა მამუკა ხაზარაძეს განსხვავებული ტაქტიკა აქვს არჩეული და შესაძლოა ამან მას მეტი დივიდენდი მისცეს.

- რას გულისხმობთ? - ხაზარაძემ უარი თქვა ხელისუფლებასთან მკვეთრად დაპირისპირებაზე, ასევე უარი თქვა ოპოზიციასთან ალიანსზე და ნეიტრალური ფლანგი დაიჭირა. ამით საზოგადოებას უთხრა, რომ ის იმოქმედებს ისე, როგორც ქვეყანას გამოადგება.

- როგორ გგონიათ, 20201 წლის არჩევნებისთვის მისი ელექტორატი მხოლოდ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იქნება თუ "ქართული ოცნებისა" და "ნაციოანლური მოძრაობისთვისაც" მოახერხებს ამომრჩველის წართმევას? - გადაუწყევტელი ელექტორატი თავისთავად ხაზარაძეს დაუჭერს მხარს და მგონია, რომ "ნაციონალურ მოძრაობისა" და "ქართული ოცნებაზე" იმედგაცრუებული, ნაწყენი ხალხიც მის მხარდამჭერებში აღმოჩნდება.

ხათუნა ბახტურიძე სპეციალურად საიტისთვის