"და რა მივიღეთ ჩვენ ქართველების გადარჩენის სანაცვლოდ? ისინი ყოველთვის ბუნტს აწყობენ!" - რატომ სძულს ჟირინოვსკის ქართველები? - კვირის პალიტრა

"და რა მივიღეთ ჩვენ ქართველების გადარჩენის სანაცვლოდ? ისინი ყოველთვის ბუნტს აწყობენ!" - რატომ სძულს ჟირინოვსკის ქართველები?

ვლადიმირ ჟირინოვსკი: "რუსეთიდან უნდა გაძევდეს ყველა ქართველი, ვინც კი ჩვენთან არალეგალურად იმყოფება"

გაზეთ «Петербургский дневник»-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმირ ჟირინოვსკის, რომელიც სანკტ-პეტერბურგზე და მის დამაარსებელზე - პეტრე პირველზე საუბრობს, იხსენებს იმდროინდელ ისტორიულ მოვლენებს და ა.შ.

ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შესაძლებლობას ეხებოდა.

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ვლადიმირ ჟირონოვსკის საქართველოს მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. 1970 წელს, მოსკოვის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ლეიტენანტ-თურქოლოგი ვლადიმირი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მიავლინეს, თბილისში, თურმე თავისი "ზაპოროჟეცით", ანაპისა და სოხუმის გავლით ჩამოვიდა და როგორც ამტკიცებს,  საქართველოზე მისი არასასიამოვნო მოგონებებიც თურმე ამ "ზაპოროჟეცს" უკავშირდება, ამბობს, მანქანა თბილისში კინაღამ მომპარესო, ასევე ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, ქართველებს საბჭოთა ხელისუფლება არ მოსწონდათო. თვითონაც არ მოსწონდა ქართული ენა, ამიტომაც ორ წელიწადში თურმე მხოლოდ სამი სიტყვა ისწავლა. მოკლედ, იმჟამინდელმა ლეიტენანტმა საქართველოს მიმართ სიძულვილი გულში ჩაიდო და როცა მოგვიანებით პოლიტიკოსობა დაიწყო, როცა რუსეთის მთავარი ლიბერალ-დემოკრატი გახდა, ანტიქართულ განცხადებებს განუწყვეტლივ აფრქვევს. ამ ინტერვიუშიც იგი თავის ტრადიციას არ ღალატობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საჭიროდ თვლით თუ არა პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას ჩვენს მეზობელ საქართველოსთან?

- საქართველოში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები ეროვნულ საკითხში, 102 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების შედეგს წარმოადგენს. ვლადიმირ ლენინი უპირატესობას ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას ანიჭებდა. იგი ყოველთვის წერდა, რომ "საბჭოთა კავშირში მყოფ ყოველ ხალხს საკუთარი სახელმწიფოს შექმნის უფლება უნდა ჰქონდესო" და მუდამ ხაზს უსვამდა - "მეფე ჟანდარმია" და "რუსეთი ხალხების საპყრობილეს" წარმოადგენსო. ესე იგი, გამოდის, რომ ჩვენ სხვა ხალხებს ვჩაგრავდით!

თუმცა იგივე საქართველოს ჯერ კიდევ ივანე მრისხანე იცავდა ირანისა და თურქეთისაგან! 1783 წელს მეფე ერეკლე თურქებისაგან დაცვას ეკატერინეს სთხოვდა, მაგრამ შემდეგ თვითონ გაიქცა ოსმალებთან - ამგვარად, მან ქართველი მაზეპას როლი შეასრულა. 1801 წელს ალექსანდრე პირველმა საქართველო თავის ქვეშევრდომობაში მიიღო და სპარსეთისაგან გადაარჩინა. საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა ტიფლისისა და ქუთაისის გუბერნიების სახით. იქ ცხოვრობდნენ ქართველები, რუსები, აფხაზები და ათობით სხვა ხალხი...

და რა მივიღეთ ჩვენ ქართველების გადარჩენის სანაცვლოდ? ისინი ყოველთვის ბუნტს აწყობენ! 1917 წელს საქართველომ პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, 1956 წელს სტალინის კულტის კრიტიკის გამო ბუნტი მოაწყეს... 1989 წელსაც...

ამჯერად ქართველები მხოლოდ ავიამიმოსვლის და "ბორჯომის" აკრძალვას არ უნდა დასჯერდნენ. საჭიროა ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტა საქართველოსთან, უნდა შეჩერდეს ელექტროენერგიის მიწოდება, აიკრძალოს ფულადი გადარიცხვები რუსეთიდან, ტოტალურად უნდა შემოწმდეს რუსეთში მყოფი ქართველ მეწარმეთა საქმიანობა და გაძევდეს ყველა ქართველი, ვინც კი ჩვენთან არალეგალურად იმყოფება. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ