"მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის "მოქალაქეობა" და აქაური პენსია დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში ვცხოვრობ და ახლა ცხინვალის "მოქალაქეობა" როგორ მივიღო?" - კვირის პალიტრა

"მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის "მოქალაქეობა" და აქაური პენსია დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში ვცხოვრობ და ახლა ცხინვალის "მოქალაქეობა" როგორ მივიღო?"

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო და მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ 88 წლის დათა ვანიშვილს გაესაუბრა.

ვანიშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს ბარიერების გამო შექმნილ პრობლემებზე შესჩივლა და ასამბლეის პრეზიდენტს დახმარება სთხოვა.

"გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ. 88 წლის კაცი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ლარზე პურსაც კი ვერ ვყიდულობ ამ ტერიტორიაზე. მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის "მოქალაქეობა" და აქაური პენსია ჩვეულებრივ დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში ვცხოვრობ და ახლა ცხინვალის "მოქალაქეობა" როგორ მივიღო? სახლში მოხუცი ავადმყოფი მეუღლე მყავს, ვეხვეწები, რომ საშუალება მომცენ გორში წავიყვანო ექიმთან, მაგრამ არც ამის უფლებას მაძლევენ. მეუბნებიან, ცხინვალში ან ლენინგორში წაიყვანე საავადმყოფოშიო. ამ მთებზე როგორ ვატარო ავადმყოფი ქალი, შესაძლოა, გზაში დაემართოს რამე. გორი კი აქვეა, მაგრამ ამ მავთულხლართების იქით არ გვიშვებენ. აქ ბევრი დელეგაცია მოდის, მელაპარაკებიან, ვუყვები ჩემს მდგომარეობას, მაგრამ არაფერი იცვლება. იქნებ, დაგვეხმაროთ და რამის გაკეთება შეძლოთ, რომ ეს ვითარება შეიცვალოს",- მიმართა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო