"სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს ხაზარაძის ჩასაძირავად. ასევე მოიქცევა ბიძინა ივანიშვილიც..." - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს ხაზარაძის ჩასაძირავად. ასევე მოიქცევა ბიძინა ივანიშვილიც..."

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წარდგენას ქართველი საზოგადოება მოუთმენლად ელოდა. თუმცა მისი პრეზენტაციის დღესვე პოლიტიკური გუნდის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, პრეზენტაცია სუსტი იყო, თუმცა შეცდომების გამოსასწორებლად დროც აქვთ და რესურსიც...

- იმ მოლოდინის გათვალისწინებით - იმ ამომრჩეველს ვგულისხმობ, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ფავორიტი არა ჰყავს - ხაზარაძის, და ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალის, შემოსვლა არაჩვეულებრივი მოცემულობაა. სხვა თემაა, რა ფესვს ჩააგდებს მასში ხაზარაძე. დაწესებული სანქციების მიუხედავად, მას მაინც ექნება ფინანსური რესურსი და ასევე დასავლეთის მხარდაჭერა. ამის დასტურია უცხოელი დიპლომატების (მართალია, არამოქმედის) შეფასებები, თუმცა ამერიკის სახელმწიფო ლიდერების განწყობას ასახავენ, მაგალითად გამოდგება დენიელ ფრიდის, მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერის ინტერვიუები. ხათუნა ლაგაზიძე ისინი კატეგორიულად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების მუშაობას, შევარდნაძის დროსაც კი არ მახსენდება ასეთი მწვავე განცხადებები. ამერიკელი დიპლომატები ლამის ქართული ოპოზიციის ტერმინოლოგიით ლაპარაკობენ. მათ კრიტიკას ამერიკის ხელისუფლებაც რომ აჰყვეს, ჩვენი ხელისუფლების საქმე წასულია. ნებისმიერ შემთხვევაში, ხაზარაძის ჯოკერი დასავლეთის განწყობაც არის.

- ქართულ პოლიტიკაში როგორია მისი სტარტი? - სწორ სვლად შეიძლება ჩაითვალოს მისი თუ მისი მომხრეების ილია ჭავჭავაძესთან ანალოგიები - საბანკო და შემდეგ საზოგადოებრივი მოღვაწეობა, თუმცა, ამის მიუხედავად, ხელისუფლებისთვის დიდი ფორაა ის, რომ ხაზარაძე ბანკირი იყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი ბანკების "ტყვეობაშია" და სოციალურად დაუცველი ნაწილის მისთვის მიქსევა ძალიან ადვილია. უმძიმესი ბრძოლა ელის როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან. მით უფრო, რომ უკვე ვნახეთ სააკაშვილის გამოხმაურებებიც.

- რა შუაშია ხაზარაძე პორტთანო, თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა. - სააკაშვილისთვის პროპორციული არჩევნები პრობლემაა, რადგან იმ ამომრჩეველში, რომელმაც 2018 წელს ვაშაძეს მისცა ხმა, "ნაციონალების" მხარდამჭერი მხოლოდ ნაწილი იყო, დანარჩენი "ოცნებაზე" გაბრაზებული მოქალაქეები და ის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში ბრინჯივით დაიბნევა. თუმცა შესაძლოა მათგან ბევრი ხაზარაძემ წაიყვანოს. ამიტომ ეშინია სააკაშვილს პროპორციული არჩევნების, ისევე როგორც ძლიერი ლიდერის. ამიტომ ყველაფერს გააკეთებს ხაზარაძის ჩასაძირავად. ასევე მოიქცევა ბიძინა ივანიშვილიც.

- შესაძლებელია თუ არა, მათ "ლელოს" წინააღმდეგ შეთანხმებულად იმოქმედონ? - არ არის გამორიცხული, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2013 წლის შემდეგ ერთ ნავში სხედან და საკუთარი პოლიტიკური მომავლის შესაქმნელად ერთად უსვამენ ნიჩბებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კულუარულ მოლაპარაკებებს გამართავენ.

- ხაზარაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებთან ურთიერთობას მოერიდება.

- შეიძლება ამ ეტაპზე აუცილებელი არც იყო პოლიტიკოსების გვერდში დაყენება, მაგრამ შემდეგში ამ უთანასწორო ბრძოლაში პოლიტიკური გამოცდილების გარეშე ძალიან გაუჭირდება. თუ რა ნიშას დაიკავებს ქართულ პოლიტიკაში და ვისი კონკურენტი იქნება, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან "ლელოს" პრეზენტაციისგან საზოგადოება უფრო მეტს ელოდა. მათ უნდა დაენახათ, რომ ეს არის გუნდი, რომელსაც გამარჯვებისკენ გაძღოლის უნარი აქვს, არის ლიდერი და ჰყავთ ლიდერთა გუნდი. ასეთი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ასევე აკლდა ენერგია, ქარიზმა. სულაც არ იყო საჭირო იქ ხუთი და ათი ათასი კაცის შეკრება - ამას საზოგადოება ინტუიციით გრძნობს. თუმცა შემდეგ "პალიტრანიუსზე" ძალიან საინტერესო რამ თქვა: ეს ვერტიკალური კი არა, ჰორიზონტალური მმართველობა იქნება, ანუ ლიდერთა ჯგუფი ერთი მაგიდის გარშემო, რაც მისასალმებელია, თუმცა მისმა პრეზენტაციამ სრულიად საწინააღმდეგო რამ აჩვენა - მხოლოდ თავად და ბადრი ჯაფარიძე საუბრობდნენ და იმ საინტერესო სახეებს - ანა ნაცვლიშვილს, კახა კოჟორიძეს, ზვიად აძიმბაიას, რომელიც თავის თაობაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სახეა - გამოსვლის საშუალება არ მიეცათ. ეს იყო ერთი რიგითი პოლიტიკური ძალის წარდგენა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" დამარცხება არ შეუძლია. თუმცა ამ შეცდომების გამოსწორება მარტივად შეუძლიათ. კიდევ საჭიროა ხალხში გასვლა, მასთან ურთიერთობა. ხაზარაძემ თქვა კიდეც, ტელევიზიების გარეშე ვაპირებთ ხალხში გასვლასო.

- ჩვენ გვინახავს არაერთი გავლენიანი და ფინანსურად ძლიერი პირებიც არაპოლიტიკური წარსულით, რომლებმაც პოლიტიკაში თავი ვერ დაიმკვიდრეს. ხომ არ არის მოსალოდნელი ხაზარაძე "ბურჭულაძე 2" გახდეს? - ეს ხაზარაძის ინტუიციაზეა დამოკიდებული. ბიძინა ივანიშვილმა ერთი საგაზეთო ინტერვიუთი ააყირავა ქართული პოლიტიკა და უზარმაზარი მოლოდინი შექმნა. მე ველოდი, რომ თავისი პრეზენტაციით ხაზარაძეც ასეთ შთაბეჭდილებას მოახდენდა, მაგრამ ვერ შეძლო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვერც მომავალში შეძლებს.

რაც შეეხება "ბურჭულაძე 2"-ის მიღებას, ამ შემთხვევაში მის მხარეს არის რაციონალიზმი და დასავლეთის სურვილი, საქართველოში რამე შეიცვალოს. თუმცა არ ვიცი, რამდენად ეყოფა წინააღმდეგობებთან გასამკლავებელი ალღო - მისი გუნდის შიგნიდან დანგრევასაც შეეცდებიან და გარედანაც. ამას დაუმატეთ ფსიქოლოგიური სტრესი, საინფორმაციო შტურმი... ამასთან, თუ მან არასწორი პერსონები შეარჩია, ეს უთუოდ დაღუპავს. თუ მისი მიზანი ბიზნესის გადარჩენა და გაფართოებაა, ძალიან გაუჭირდება, მაგრამ თუ სურს, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკის კი არა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს შემქმნელი გახდეს, ყველაფერს გადალახავს.

ხაზარაძემ, ბანკირის იმიჯით პოლიტიკაში მოსულმა კაცმა, უფრო მკაფიოდ უნდა გამოკვეთოს მიზანი - რას სთავაზობს საზოგადოებას. თუმცა მანამდე თავად უნდა იცოდეს, რისგან ათავისუფლებს ქვეყანას, რაც პრეზენტაციაზე არ ჩანდა.