"სინამდვილეში გახარიას პრემიერობა კონსოლიდაციას კი არა, დაპირისპირების ესკალაციას ნიშნავს... ივანიშვილს აქვს თავისი ამოცანაც"
"სინამდვილეში გახარიას პრემიერობა კონსოლიდაციას კი არა, დაპირისპირების ესკალაციას ნიშნავს... ივანიშვილს აქვს თავისი ამოცანაც"
ვის დაუჭერენ მხარს ბიზნესმენები პოლიტიკურ "ომში"
"ჩვენ ვეძებთ ლიდერებს. წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება, უახლოეს მომავალში პოლიტიკური პარტია, ლიდერების პარტია იქნება. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის ან რომელიმე სახელის პარტია. ჩვენ გვექნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი და კონკრეტული მიზნით შედეგზე ორიენტირებული. მე მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, რადგან ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ - სწორედ კონკრეტულ თარიღებსა და მიზნებს დავასახელებთ, რათა ეს ქვეყ
ანა ან ძალიან სწრაფად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, ან ვიქნებით ამ მენტალურ ჭაობში", - ასე წარუდგინა მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" საზოგადოებას ანაკლიაში და იქვე დააანონსა, რომ ოქტომბერში უკვე პარტიის პრეზენტაციას გამართავს. შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულმა ბიზნესმენმა უკვე შეაბიჯა პოლიტიკურ ასპარეზზე, მეტიც, მან, შეიძლება ითქვას, სახელისუფლებო
და ოპოზიციური ძალები პირველივე ნაბიჯზე გადაიკიდა, როცა განაცხადა, არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვაპირებ თანამშრომლობასო. რა პერსპექტივა აქვს მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკურ სარბიელზე, რა იქნება მისი პოლიტიკური ძალის მთავარი გამოწვევა და შეძლებს კი ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას, ამ საკითხებით დავიწყეთ საუბარი ექსპერტ გია ხუხაშვილთან:

- როგორც სჩვევია ქართველ საზოგადოებას, ახლაც მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის წარდგენის ფორმაზე უფრო მეტად ილაპარაკა, ვიდრე მის შინაარსსა და პერსპექტივაზე - ზოგისთვის საკმარისად ცნობილი სახეები არ აღმოჩნდნენ ამ პრეზენტაციაზე, სხვა იმ სტერეოტიპის ტყვეობაში ჩარჩა, რომ პირველივე ნაბიჯით ადამიანმა მასობრიობა უნდა აჩვენოს და ა.შ. ჩემი აზრით კი, ჯერჯერობით მამუკა ხაზარაძის მოქმედების ფორმებზე დასკვნის გაკეთება ერთი პრეზენტაციით სრულიად შეუძლებელია. რაც შეეხება შინაარსს, გასაგებია მისი მთავარი გზავნილი და ის პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანაში ამომრჩევლის უკვე დიდი სეგმენტი გაჩნდა, რომელსაც არ მოსწონს პოლიტიკური ელიტა, არ მოსწონს არც ძირითადი 2 პოლიტიკური ცენტრი და არც პოლიტიკური სპექტრის დანარჩენი ნაწილი. ამომრჩევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ძალები არიან ან კომპრომეტირებული, ან მუდმივად მარცხისთვის განწირულები. შესაბამისად, ეძებს ნაკლებად კომპრომეტირებულ არჩევანს, რომელიც სუფთა ფურცელზე უნდა ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, ხაზარაძის უპირველესი გზავნილი სწორედ აქეთ იყო მიმართული. ის გაემიჯნა პოლიტიკურ ელიტას და შეეცადა, ეპასუხა ამომრჩევლის ამ ნაწილის მოთხოვნისთვის. ეს, ერთი მხრივ, გასაგები და ლოგიკურია, მეორე მხრივ კი ყველას კარგად გვესმის, რომ ამას სირთულეებიც ახლავს. ხაზარაძე უკვე აღმოჩნდა ორმაგ ცეცხლში. ფაქტობრივად, ის პოლიტიკურ "აღმოსავლეთის ექსპრესში" ჩაჯდა, სადაც მას მოკავშირე არა ჰყავს.
ეს მოსალოდნელიც იყო. ვფიქრობ, მან იცის ზუსტად, რაც ელის წინ. სწორედ ამიტომაც არის საინტერესო, რას შეძლებს, როგორ მოახერხებს ამ სივრცეში ადგილის დამკვიდრებას. მას აქვს შანსი, ძალიან ძლიერი გამოვიდეს მომავალი ბრძოლიდან, შეიძლება მოხდეს პირიქითაც და მისი შესაძლებლობები განულდეს. ვნახოთ, რას მოახერხებს, რამდენად სტაბილური იქნება მისი პოლიტიკური მოქმედებები. დღეს რაიმეს პროგნოზირება და დასკვნის გაკეთება ნაადრევია.

ხაზარაძის საარჩევნო პოტენციალის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა, ვთქვათ, 0-დან 25-30%-მდე. ეს არის სწორედ აქტიური ამომრჩევლის ის სეგმენტი, რომელსაც ჯერჯერობით ვერ გაუკეთებია არჩევანი.
ამ დიაპაზონში ხაზარაძემ ნებისმიერი შედეგი შეიძლება აჩვენოს. ეს იქნება იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ იმოქმედებს და როგორ მოახერხებს ამ პოლიტიკურ მოზაიკაში ადგილის დამკვიდრებას.

- გასაგებია, თუ რატომ ცდილობს არსებული პოლიტიკური ელიტისგან დისტანცირებას. მოვისმინეთ მისი განცხადება, რომ ეძებს­ ახალ ადამიანებს, ახალ ლიდერებს, თუმცა ისინი, ვინც ვიხილეთ პრეზენტაციაზე, ან ვინც შემდგომში მასთან ერთად გამოჩნდებიან, დიდი ალბათობით, ვერ დაიკვეხნიან პოლიტიკური გამოცდილებით, რაც, ვფიქრობ, პრობლემად ექცევა მომავალ პოლიტიკურ ძალას.
- გეთანხმებით, პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური გამოცდილების, პოლიტიკური ინტელექტის გარეშე, მით უფრო ისეთ მძიმე ვითარებაში, რაშიც დღეს საქართველოა, ძალიან რთული იქნება წარმატების მიღწევა. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ეს მაინცდამაინც დღეის ამოცანაა. მას აქვს საკმარისი დრო, რომ პოლიტიკური კომპონენტი გააძლიეროს თავის პარტიაში. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციონირება იყო. მამუკა ხაზარაძეს საქართველოში კორპორაციული მართვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, რაზეც "თიბისი ჯგუფის" სისტემა მეტყველებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიზნესია. საქმე ის არის, რომ მშენებლობის ალგორითმი პოლიტიკაშიც იგივეა, რაც ბიზნესში. ამიტომაც მგონია, რომ შეძლებს ქმედითი გუნდის ჩამოყალიბებას.

სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში არაკომპრომეტირებული ან მუდმივი მარცხით აღბეჭდილი პოლიტიკური ძალის პოვნა ძალიან რთულია. დიდი არჩევანი არ არსებობს და ეს კიდევ ერთი პრობლემაა. ვფიქრობ, ხაზარაძე, რა თქმა უნდა, სუფთა ფურცლიდან უნდა იწყებდეს პარტიის შექმნას, მაგრამ გარკვეულწილად არც ხიდი უნდა ჩატეხოს პოლიტიკურ ელიტასთან, თანამშრომლობის ფორმები უნდა გამოძებნოს, რათა ეს აგრესია მის მიმართ ოდნავ მაინც გაანელოს. პროცესი ისე მიდის, რომ პოსტსაარჩევნოდ კოალიციების ფორმირება, დიდი ალბათობით, აუცილებელი იქნება. შესაბამისად, მან უნდა დაიტოვოს ლავირების საშუალება. მისი პოლიტიკური ამოცანა რა შეიძლება იყოს? - ბუნებრივია, არჩევნების მოგებაზე ვერ ექნება პრეტენზია, მაგრამ მან თუ დადო სერიოზული შედეგი, მოუწევს პოსტსაარჩევნო პერიოდში კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკების გამართვა. ამიტომაც მას პოლიტიკაში მხოლოდ ოპონენტები არ სჭირდება, მას პარტნიორებიც სჭირდება, თუნდაც არაგრძელვადიანი.

- მისთვის კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა საზოგადოების განწყობა, საქართველოში მაინცდამაინც არ უყვართ მდიდარი ადამიანები...
- დიახ, ასეა, თანაც ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება ეს განწყობა გაამძაფროს. თუმცა საზოგადოებას, იმედია, ახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილიც ბანკირია. საზოგადოებაში რა ხარვეზსაც ვხედავ, გეტყვით - მოძრაობის პრეზენტაციის დღესვე ტელეეთერში მამუკა ხაზარაძემ გააკეთა სკანდალური განცხადებები, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არც შეიმჩნია და მსჯელობა ისევ პრეზენტაციის ფორმაზე გააგრძელა. ვგულისხმობ ხაზარაძის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის თაობაზე. მოკლედ, ქართველ საზოგადოებას კონფორმიზმის განსაკუთრებული ფორმა ახასიათებს - ურჩევნია ხაზარაძეს შეუტიოს, ვიდრე ილაპარაკოს იმაზე, რაც მართლა პრობლემაა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი პრობლემა ხაზარაძე ან ოპოზიცია კი არ არის, არამედ ის, თუ რა ხდება ხელისუფლებაში. ვფიქრობ, დიდ ქალაქებში ხაზარაძე მოახერხებს საზოგადოების განწყობის შეცვლას, მისთვის მთავარი პრობლემა რეგიონები იქნება. მას ჯერჯერობით მაინც სნობად აღიქვამენ. თუ უნდა წარმატებას მიაღწიოს, ხალხთან კომუნიკაციის, ხალხის ენაზე ლაპარაკის სწავლა დასჭირდება.

კიდევ ერთი რამ მნიშვნელოვანი იქნება მისთვის - საკუთარი დღის წესრიგის შექმნა. ხელისუფლება ცდილობს ხაზარაძე მუდმივად მოპასუხის როლში ჰყავდეს და პროკურატურის დონეზე დაიყვანოს. ხაზარაძე უნდა მოშორდეს ამ საქმეებს, ყველაფერი ადვოკატებს გადაულოცოს და აჩვენოს, რომ მისი ოპონენტი პროკურატურა კი არ არის, რის წარმოჩენასაც ხელისუფლება ცდილობს, არამედ მისი მთავარი ოპონენტია ამ ქვეყნის ხელისუფალი - ბიძინა ივანიშვილი. მან თან ძალა უნდა აჩვენოს და თან საკუთარი პოზიტიური დღის წესრიგიც შექმნას. როდესაც ხელისუფლება მას ტატამზე ეპატიჟება საჭიდაოდ, ხაზარაძე არ უნდა გაჰყვეს და საკუთარი მოედანი უნდა შექმნას. რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ ასეთია მოცემულობა.

საქართველოში აქამდე არც გვინახავს ასეთი პოლიტიკური პროცესი, ყველა ციკლი აქამდე ორპოლუსიანი იყო, თავისი ბოროტი და კეთილი მხარეებით, ანუ შუის გაკრეფის პრინციპით მიდიოდა ყველაფერი. ხელისუფლება ახლაც იმავეს ცდილობს, იმიტომ არის ხაზარაძე მისთვის პრობლემა - მისი გამოჩენით ივანიშვილს შუის გაკრეფაში ხელი ეშლება, ანუ ჩნდება ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, შესაბამისად, ფრონტის ხაზის გატარება უჭირს და მთავარი სამიზნე სწორედ ამიტომ არის ხაზარაძე. ახლა "ქართული ოცნების" მთავარი ამოცანაა, ის როგორმე გაიყვანოს თამაშიდან. თუ დარჩა მოედანზე, ხელისუფლებას დიდ პრობლემებს შეუქმნის. ივანიშვილმა არ იცის ორ-სამ ფრონტზე ერთად როგორ იბრძოლოს. ის ხომ მუდმივად ამარტივებს ვითარებას და ასე წარმოადგენს პროცესს - მე ვარ კეთილი ძალა და "ნაციონალური მოძრაობა" არის ბოროტი. ვინც ჩემთან არ არის, მტერია, ანუ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის... აი, ვითარების ასეთ დალაგებას უშლის ხაზარაძის გამოჩენა ხელს, ამიტომაც ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება, რომ ის გაანადგუროს. დიდი იმედი მაქვს, მხოლოდ პოლიტიკურად.

გახარიაც ამისთვის დასჭირდათ. ამ ტიპის ნეგატიურ ორპოლუსიანობას გმირი კი არ სჭირდება, არამედ ანტიგმირი. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის, რა პრობლემებიც უკავშირდება გახარიას, რა მუდმივ გართულებად აქცევდა ამას ოპოზიცია, მაინც ის დანიშნა პრემიერად, იმიტომ, რომ ასეთ ნეგატიურ ციკლს სწორედ ოპონენტებისთვის სჭირდება ანტიგმირი, რომელიც შენი მხარდამჭერებისთვის გმირი ხდება.

- თქვენ უკვე ახსენეთ ხაზარაძის სკანდალური განცხადება, მან მისი და ვანო ჩხარტიშვილის ივანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა. შეხვედრა რომ ნამდვილად შედგა, დაახლოებით შარშან ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა. თუმცა მთავარი სიახლე ხაზარაძის განცხადებაში ის იყო, რომ ამ შეხვედრას და ერთგვარ ფინანსურ გარჩევას თურმე ესწრებოდა იმჟამინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ შეხვედრაზე მოხდა ისეთი რამ, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეს დაუპირისპირდა.
- ვფიქრობ, მათი დაპირისპირების ერთ-ერთი ელემენტი შეიძლება მართლაც არის ის შეხვედრა, მაგრამ ეს არ ყოფილა მთავარი მიზეზი. ამ დაპირისპირებას ბევრი სხვა საფუძველი აქვს. სუბიექტურ მიზეზებს არ ჩამოვთვლი, ვიტყვი მხოლოდ ობიექტურ ფაქტორებს - ისინი ერთმანეთის მიმართ ბუნებრივი ანტაგონისტები არიან. ორივე თითქოს ერთი სფეროდან არის, ორივე ბანკირია, მაგრამ წარმოადგენენ მართვის ორ სხვადასხვა ფილოსოფიას. დროშიც აცდენილები არიან და ფასეულობათა სისტემაც ძალიან განსხვავებული აქვთ. აქედან გამომდინარე, მათ შორის ბუნებრივი აუტანლობაც არის, გარდა იმისა, რომ არის კონკრეტული მიზეზები, რომლებზეც ხაზარაძემაც ილაპარაკა. მაგალითად, კვირიკაშვილთან დაკავშირებული საკითხები, ლობისტების თემა, ანაკლიის პორტი და ა.შ. რაც შეეხება იმ შეხვედრას, რა გითხრათ, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაც ხაზარაძემ თქვა, მართალია, მაშინ ეს ჩრდილოვან მმართველობაზე კი აღარ მეტყველებს, არამედ მაფიოზურ მმართველობაზე მიანიშნებს. სწორედ ასე მოქმედებს მაფია.

გასაოცარი იყო ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები ამ საკითხზე - ზოგმა ეს ჭორაობად მონათლა. ვინც ამას აცხადებს, უნდა ესმოდეს, რომ ხაზარაძეს მარტო ქვეყანაში კი არ უსმენენ, ამას უსმენენ ქვეყნის გარედანაც, უსმენენ საელჩოები. როდესაც ასეთი მწვავე განცხადებები კეთდება და ხელისუფლების რეაგირება არის სირაქლემას პოზიცია, ეს ძალიან მძიმედ აღიქმება, რასაც მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

სრულიად წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც თქვა, რომ ბიზნესმენები ერთმანეთს ხვდებიან და ეს კანონდარღვევა არ არის. დიახ, ბატონო, ხვდებიან, მაგრამ არა მთავარი პროკურორის თანდასწრებით.
როცა ამას აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს მის უსაზღვრო სიბრიყვეზე მეტყველებს.

- ხაზარაძემ გააკეთა კიდევ ერთი საინტერესო განცხადება. მისი თქმით, ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავებს მუდმივად ერთი და იგივე მოსამართლე განიხილავდა და ეს საქმეები ერთნაირად სრულდებოდა.
- ამის გამოძიებას არავინ დაიწყებს, სანამ ეს ხელისუფლებაა, მაგრამ საზოგადოებას შეუძლია ამგვარ ფაქტებზე რეაგირება. ხაზარაძის მონაყოლის ეს ეპიზოდი ნამდვილად შეიძლება ამგვარი რეაგირების მიზეზად იქცეს. ხაზარაძის თქმით, მოსამართლე ერთი ინტერესჯგუფის სასარგებლოდ რაღაც საქმეებზე განაჩენებს შტამპავდაო. ეს ჯერჯერობით განცხადებაა, მაგრამ საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში დაიწყოს დისციპლინური დევნა და მოკვლევა ჩატარდეს. იუსტიციის საბჭოში სამოქალაქო საზოგადოებას ჰყავს თავისი წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ მათი ვალია მოკვლევის ინიცირება, ამის მცდელობა მაინც.

არაერთხელ მითქვამს, რომ წინა ხელისუფლების მერე სისტემა არ შეცვლილა, შეიცვალა ერთი რამ - გარდამავალ პერიოდებში სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები და პოლიტიკური ელიტა რაღაც ეტაპზე ანტაგონისტები ხდებიან, იბრძვიან დომინირებისთვის. სააკაშვილის დროს პოლიტიკა იყო დომინანტი ინტერესჯგუფებზე და ისინი პოლიტიკურ ყულაბაზე მუშაობდნენ. დღეს ეს შეტრიალებულია და პოლიტიკური ელიტა ემსახურება ინტერესთა ჯგუფების მოთხოვნებს, ეს კი სახიფათო პროცესია. თუ სააკაშვილის დროს ყველაფერი მუშაობდა ერთ სალაროზე, ახლა შეიძლება მრავალი სალარო გაჩნდეს, შედეგად კი სისტემა საბოლოოდ დალპება და გაირყვნება.

- მამუკა ხაზარაძის თქმით, მას მხარს უჭერს ქართული ბიზნესი. როგორ ფიქრობთ, გაბედავენ კი ქართველი ბიზნესმენები ხელისუფლების ოპონენტის გვერდით დგომას?
- სამწუხაროდ, ვერ გავიზიარებ ხაზარაძის ოპტიმიზმს. მსხვილი ბიზნესი ჩვენთან ყოველთვის განიხილავდა ხელისუფლებას საკუთარ დირექტორად. ხედავენ, რაც ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ და, ბუნებრივია, დარტყმის ქვეშ თავს არავინ დაიყენებს. ასე იქცეოდნენ აქამდეც, ასე იქცეოდა თვითონ ხაზარაძეც. გაგახსენებთ - 2007 წელს იყო ერთი შანსი, როდესაც ბიზნესს მიეცა ხმის ამოღების საშუალება. ეს იყო გადამხდელთა კავშირში ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, ბიზნესს არეკეტებს ხელისუფლება და ეს უნდა დამთავრდესო. ეს ბიზნესელიტის წინაშე გამოსვლისას თქვა და ყველა თავჩაქინდრული იჯდა. ხმა არავის ამოუღია, ბადრისთვის არავის დაუჭერია მხარი, მათ შორის არც ხაზარაძეს. ექსკლუზიურად გეტყვით ერთ ამბავსაც - 2007 წლის 3 ნოემბრის დილას ბადრი პატარკაციშვილმა დამირეკა და მასთან ავედი ოქროყანაში. ეს იყო მიტინგზე მისი ცნობილი გამოსვლის მეორე დღე. მითხრა, რომ დაიღალა და გამგზავრებას აპირებდა. ამ დროს ამოვიდა გიორგი ისაკაძე. მახსოვს, რომ მან ბადრის გადასცა ბიზნესმენთა მოთხოვნა, რომ ის გადამდგარიყო გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარეობიდან, რადგან ბიზნესისთვის პრობლემად იქცა.

ვფიქრობ, ჩვენი ბიზნესმენების მენტალიტეტი მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. არ გამოვრიცხავ, რომ ერთეული შემთხვევა იყოს და რამდენიმე ბიზნესმენი ვიხილოთ ხაზარაძესთან, მაგრამ სისტემური მხარდაჭერის იმედი ტყუილად ექნება.

- მოგეხსენებათ, განახლებული მინისტრთა კაბინეტი შეუდგა მუშაობას. როგორ ფიქრობთ, შესწევს კი მთავრობას ქვეყნის გამოწვევებთან გამკლავების უნარი?
- ჩემი აზრით, ხელისუფლება არანაირ სახელმწიფოებრივ ამოცანებს არ ისახავს. მას ერთადერთი ამოცანა აქვს - ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. იმის იმედი, რომ პოზიტიურ დღის წესრიგს შექმნის და საზოგადოების კონსოლიდაციას შეეცდება, მე კი არა, თვითონაც არა აქვთ. ამის იმედი რომ ჰქონოდათ, გახარიას პრემიერად არ დანიშნავდნენ. სინამდვილეში გახარიას პრემიერობა კონსოლიდაციას კი არა, დაპირისპირების ესკალაციას ნიშნავს.

ამიტომაც კვლავაც ნეგატიურ დღის წესრიგზე ექნებათ აქცენტი. ივანიშვილს აქვს თავისი ამოცანაც - ვფიქრობ, დაიღალა ნეგატიური განწყობის ტვირთის ზიდვით და უნდა ეს ტალახი გარკვეულწილად გახარიაზე გადაიტანოს. მოკლედ, ივანიშვილი ანტიგმირობით დაიღალა და ახალი ანტიგმირი შექმნა. გახარია მაქსიმალურად შეეცდება, ამ ტალახის დიდი ნაწილი თავის თავზე აიღოს. რაც შეეხება კონკრეტულ თემებს, ამას ეკონომიკური გარღვევის, პრობლემების გადაწყვეტის სახე კი არა, არამედ უფრო მოსყიდვის სახე ექნება. ხმების სანაცვლოდ განხორციელდება გარკვეული პროექტები.

საარჩევნოდ ივანიშვილს ცოტას სააკაშვილიც დაეხმარება, მალე დაიწყებს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის თხრას, რასაც ხელისუფლება მაქსიმალურად გააბუქებს, ჩვენ კი უნდა ველოდოთ მორიგი სახელმწიფო გადატრიალების გამო საქმეების აღძვრას, რომელსაც არჩევნების შემდგომ ისევ მტვერი დაედება.

- თეა წულუკიანი რჩება "ქართული ოცნების" ყველა დროის მთავრობის უცვლელ მინისტრად. მეტიც, ის გახარიამ დააწინაურა და ვიცე-პრემიერად დანიშნა. რა არის წულუკიანის "უკვდავების" საიდუმლო?
- ის კომფორტი, რასაც ის ბიძინა ივანიშვილს უქმნის. ეს დაწინაურება კი ჯილდოა იმ "პიროსის გამარჯვებისთვის", რაც წულუკიანმა სტრასბურგში "რუსთავი 2"-ის საქმეზე მოიპოვა. აი, ამის გამო დაიმსახურა ვიცეპრემიერობა. არადა, ეს იყო ნიმუში გამარჯვებისა, რომელიც დამარცხებად იქცა. მაგრამ ამ ქალბატონმა ხომ იწვალა, რაც შეუკვეთეს, ის გააკეთა. ისე კი, გვარამიას დიდი საქმე გაუკეთეს, გაასუფთავეს ვალებისგან. ეს ხელისუფლება ჩემპიონია "პიროსის გამარჯვებებში" - უზარმაზარ რესურსს დებს ვითომ გამარჯვებისთვის, რომელიც საბოლოოდ დამარცხებად ექცევა ხოლმე.

კოტე
21 სექტემბერი 2019 15:28
ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს პატრიოტი ადამიანი,რომლის ძირითადი მიზანი იქნება არა პირადი კეთილდღეობა არამედ ქვეყანაზე ზრუნვა და საზელმწიფოებრივი აზროვნება, მანამდე ჩემი აზრით აქ ქვეყანას არაფერი ეშველება.მანამ სანამ ქვეყანაში პარლამენტარობა და მთავრობაში ყოფნა იქნება პრივილეგია და არა ტვირთი და პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე უკეთესი ცხოვრების მოლოდინზე ფიქრიც კი არალეალურია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები