რასმუსენის მისია
რასმუსენის მისია
NATO-ს ახალი ქართული გეგმა?!

გიორგი გობრონიძე: "რუსული საინფორმაციო პროპაგანდის გზავნილია ის, რომ თითქოს ნატოში ინტეგრაცია ტერიტორიების დაკარგვად
დაგვიჯდება"


თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შემაფერხებლად არ უნდა იქცეს და საქართველომ უნდა განიხილოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ნატოს წესდების მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე, დიდი რეზონანსი მოჰყვა. შეიძლება ითქვას, ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ თუ საზოგადოებრივმა ჯგუფმა მიზანმიმართულად
სცადა ეს ისე წარმოედგინა, რომ რასმუსენი საქართველოს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას სთავაზობდა. არადა, ეს მოსაზრება არაერთხელ მოგვისმენია საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტებისგან, რომლის თანახმადაც, ნატოში საქართველო შესაძლებელია გაწევრდეს საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებში, ანუ ოკუპირებული ტერიტორიებით, მაგრამ სანამ მათ არ დავიბრუნებთ, მათზე არ გავრცელდება ნატოს
წესდების მე-5 მუხლი.

ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მის ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოზე თავდასხმა გულისხმობს კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამუშავებას, ანუ ყველა წევრი სახელმწიფო თავდაცვის რეჟიმში დგება, თუმცა ამავე მუხლში ნათქვამია, რომ სახელმწიფოებმა კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის, სამხედრო ძალა მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი გიორგი გობრონიძე შექმნილ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველომ ვერ მიიღო ნატოში გაწევრების სამოქმედო გეგმა, თუმცა ნატომ აიღო ვალდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ნატოს წევრი. მაგრამ საკითხი დგას ასე: ეს როდის და რა ფორმით მოხდება?
გიორგი გობრონიძე
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე ნატოში გაწევრება ჯერჯერობით ჰიპოთეზაა, რომელსაც აქვს არსებობის უფლება"


- ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რატომ მოჰყვა რასმუსენის განცხადებას ლამის აპოკალიფსური გამოხმაურება. პირველად მან ხომ არ გამოთქვა ამგვარი მოსაზრება, მით უმეტეს, ეს არც ნატოს ოფიციალური პოზიცია ყოფილა. თუ კარგად მოუსმინეს რასმუსენს, მან ეს იდეა შესთავაზა საქართველოსაც და ნატოსაც. არ გვინახავს არანაირი ოფიციალური დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველო შესაძლებელია გახდეს ნატოს წევრი იმ დათქმით, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არც რომელიმე ოფიციალური პირისგან მოგვისმენია. ამიტომაც ამაზე დისკუსიის გამართვა უადგილოა.

დავუშვათ ნატომ მართლაც შემოგვთავაზა ასეთი წინადადება, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ საქართველომ უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა.

მე-5 მუხლის დროებითი უმოქმედობა ოკუპირებულ რეგიონებზე არ არის ნატოში წევრობის გერმანული ანალოგია. გერმანია არ შესულა ნატოში როგორც ერთი მთლიანი სახელმწიფო - ჯერ შევიდა როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და პარალელურად არსებობდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკაც. საბოლოოდ გერმანიის გაერთიანების წინა პირობა გახდა ნატოსგან გარანტირებული მშვიდობა და სტაბილურობა, მაგრამ გერმანიის გაერთიანებაც სრულიად განსხვავებული კონტექსტის მატარებელია, ვიდრე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური პრობლემები. გერმანიაში არსებობდა საერთო ხედვა და საერთო-ეროვნული კონსენსუსი, რომ ორი გერმანია უნდა გაერთიანებულიყო. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობთ ორ ქვეყანაში მცხოვრებ ერთ ერზე. ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებს თუ ავიღებთ, სეპარატისტული რეჟიმები და აწ უკვე საოკუპაციო რეჟიმიც ოსურ და აფხაზურ"ეროვნულ პროექტს ქართველი ხალხის სიძულვილზე აგებენ. აფხაზური და ოსური ე.წ. სახელმწიფოებრივი იდეა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის იდეას კი არა, უფრო ქართველების მიმართ ანტაგონისტურ დამოკიდებულებას ემყარება.

ჩემი აზრით, რასმუსენის ვერსიას ევროკავშირის ანალოგიით განიხილავენ. ვგულისხმობ კვიპროსის მაგალითს. კვიპროსი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთი კვიპროსი თურქეთს აქვს ოკუპირებული. შესაბამისად, ევროკავშირში კვიპროსის მიღებას თან მოჰყვა დათქმა, რომ ევროკავშირის რეგულაციები გავრცელდება ჩრდილოეთ კვიპროსზე მას მერე, რაც კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. არავის მოუთხოვია კვიპროსისთვის, უარი ეთქვა ტერიტორიულ მთლიანობაზე.
ამ ტიპის შიში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ საგარეო-პოლიტიკური ძალის ინტერესს, რომელიც არ არის დაინტერესებული საქართველოს ნატოში ინტეგრაციით - აშკარად რუსული საინფორმაციო პროპაგანდის გზავნილია ის, რომ თითქოს ნატოში ინტეგრაცია ტერიტორიების დაკარგვად დაგვიჯდება.

ამას მოჰყვა კიდევ ერთი საოცარი არგუმენტი - თურმე, თუ ნატოში შევალთ, აქ თურქეთის ჯარი ჩადგება, რომ ახლა მეორე მეზობელი ქვეყანა დაგვიპყრობს. ასეთ ინფორმაციას საზოგადოებას აწვდიან ის ჯგუფები, რომლებიც მეტისმეტად ახლოს არიან რუსულ პოლიტიკურ დღის წესრიგთან. ეს არის იმ ნარატივის გაგრძელება, როდესაც ამტკიცებენ, თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტიაო. არადა, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული და მავნებელია თურქეთისა და რუსეთის ერთ სიბრტყეზე განხილვა. დღეს ჩვენ სრულიად სხვა საგარეო-პოლიტიკური მოცემულობა გვაქვს ორივე სახელმწიფოსთან.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე ნატოში გაწევრება ჯერჯერობით ჰიპოთეზაა, რომელსაც აქვს არსებობის უფლება. ეს საკითხი განსჯის თემად შეიძლება იქცეს მაშინ, როდესაც რეალურად დაიწყება საქართველოს ნატოში გაწევრებაზე მოლაპარაკებები. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, არც ჩვენ ვართ ამ პასუხისმგებლობის ასაღებად მზად და არც ნატო ჩვენთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობისთვის. ამას დრო სჭირდება.

რატომ არ არის საქართველო მზად ნატოსთვის?

- ჩვენთან არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციურად გამართული მექანიზმები. ხშირად ერთი პირი და მასთან დაახლოებული წრე იღებენ ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს. არ არსებობს გადაწყვეტილების მომზადების, შემოწმების, აღსრულების, მონიტორინგისა და ინპლემენტაციის მექანიზმები, რაც აქვს ყველა კონსოლიდირებულ დემოკრატიას. გარდა ამისა, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი ძალიან სუსტია, ბევრი პარამეტრით წავედით უკან. გავიხსენოთ თუნდაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განახევრება.
უაღრესად მნიშვნელოვანია ამ საკითხების მოგვარება და ამაში გვეხმარება ევროკავშირთან თანამშრომლობა, უნდა დაგვეხმაროს ნატოც. დასავლური ინტეგრაცია არ არის ჩვენთვის თვითმიზანი, ის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ჩვენი განვითარებისთვის.

რას უნდა ველოდოთ დეკემბრის ნატოს სამიტისგან?

- საქართველომ მართლაც პირნათლად შეასრულა ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და ლოგიკურია, რომ გადავიდეთ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს ნატოში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრებას. კრემლიდან კი გვესმის განცხადებები, თურმე საქართველო შეიძლება დაჩქარებული წესით გაწევრდეს ნატოშიო, მაგრამ ეს ამ ქვეყნის ხელისუფლების ფობიის ბრალია, რომელიც საქართველოს საკუთარი ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევს. ვფიქრობ, მოსკოვში აცნობიერებენ იმასაც, რომ ხელახალი სამხედრო აგრესია საქართველოში გაცილებით წამგებიანი იქნება რუსეთისთვის, ვიდრე 2008 წელს იყო. თუმცა ძალიან დიდ ფულს ჩადებენ იმაში, რომ საქართველოში ნატოში გაწევრების იდეა დაამცრონ, რომ საფრთხე დაგვანახონ, ნაცვლად უსაფრთხოებისა.

ამასთან, რუსეთი შეეცდება საქართველო იყოს პოლიტიკურად და ეკონომიკურად არასტაბილური და სუსტი სახელმწიფო, რადგან ასეთი ქვეყანა ძნელად გაწევრდება ნატოში.

საქართველოს ხელისუფლება და რუსეთი - ბრალდებები და რეალური პოლიტიკა
- ძალიან უპასუხისმგებლო მგონია, განსაკუთრებით პოლიტიკური ელიტისგან, იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს, რომ თურმე ახალი პრემიერი გახარია რუსეთის კაცია.

შესაძლოა რუსეთთან კომუნიკაციის თაობაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხედულებები განსხვავებულია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტის ინტერესების გამტარებელია. 2015 წელს საქართველოში გაიხსნა ნატოს სასწავლო ცენტრი, ავამოქმედეთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, მივიღეთ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის უფლება, გაიმართა არაერთი მულტინაციონალური სამხედრო სწავლება. მოკლედ, ბევრი ისეთი რამ გაკეთდა, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სახელმწიფო დასავლელი პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგულია.

მეორე საკითხია ის, თუ როგორ ხედავს პოლიტიკური ელიტა რუსეთთან კომუნიკაციის გზებს. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არც მთავრობაში და არც ოპოზიციაში არ არიან ჩამოყალიბებული. საჭიროა რუსეთთან ურთიერთობა და მოლაპარაკება, რაზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მიგვანიშნებენ, მაგრამ ამ მოლაპარაკებებში საქართველო ერთიერთზე არ უნდა დარჩეს რუსეთთან, რომელიც ცდილობს ქართველები, აფხაზები, ოსები და რუსები ერთად დასხას, ვითომ ოთხმხრივ ფორმატში, მაგრამ ეს იქნება რეალურად სამი ერთის წინააღმდეგ ფორმატი.
გავიხსენოთ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ამ ფორმატის საშუალებით ბევრი ტყვე გამოიხსნეს, მაგრამ, იმავდროულად, ჰუმანიტარულის გარდა, ოკუპანტი სახელმწიფო, პრაქტიკულად, წარმოგვიდგა როგორც ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური პარტნიორი. რაში სჭირდება რუსეთს ეს? - იმისთვის, რომ ჰქონდეს ჩვენზე ზეწოლის ბერკეტი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი ტერიტორიების აღიარებით ხელიდან გამოეცალა.

უახლოეს მომავალში ეს იქნება ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევა, თუ სწრაფად არ მოვახდენთ ეკონომიკის დივერსიფიცირებას და რუსეთზე დამოკიდებულებას არ შევამცირებთ. აქ მნიშვნელოვანია, ჩვენი საგარეო პოლიტიკა მიდიოდეს ისეთი გზით, რომ ქართულმა ეკონომიკამ თვითონ შეძლოს გასვლა სხვადასხვა ეკონომიკურ ბაზარზე, ხოლო შიდაეკონომიკური პოლიტიკა დაიგეგმოს იმგვარად, რომ ქართულმა ეკონომიკამ, სულ მცირე, შიდა ბაზრები მაინც დააკმაყოფილოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსული საფრთხეები არც ერთი ხელისუფლების მმართველობისას არ გაქრება, სულ პრორუსული მთავრობა რომც მოვიდეს ხელისუფლებაში. 1994-1999 წლებში არავინ ლაპარაკობდა ნატოსა და ევროკავშირზე, ვიყავით დსთ-ის წევრები და ვაკეთებდით ყველაფერს, რასაც რუსეთი გვეუბნებოდა და რამე დაგვითმო რუსეთმა ამის პასუხად? - არაფერი. რუსეთის ფედერაცია როცა ვერ გრძნობს ძალას, არაფერს თმობს, თუ ერთიერთზე დავრჩებით მასთან, ჩვენგან ძალას ვერ იგრძნობს.…

როგორ შეიძლება ჩაერიოს რუსეთი ქართულ არჩევნებში?
- რუსეთს მაინცდამაინც დიდი შრომა არ სჭირდება, რადგან მის გასაკეთებელს ხშირად ჩვენვე ვაკეთებთ. პოლიტიკური აქტორები რუსეთის გარეშეც კარგად ახერხებენ საზოგადოების პოლარიზაციას, რაზეც მუშაობენ რუსული სპეცსამსახურებიც, ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი მათ საქმეს აშკარად უმსუბუქებს.
უნდა ველოდოთ, რომ გაიზრდება რეაქციული, რადიკალური და ექსტრემისტული ჯგუფების ხელშეწყობა, მათ შორის ფინანსურიც. გააქტიურდებიან ე.წ. კონსერვატიული პარტფორმები, რომელთაც რეალურ კონსერვატიზმთან საერთო არაფერი აქვთ. ესენი არიან პლებეური, ულტრამემარჯვენე პოპულისტური ჯგუფები, რომლებიც კონსერვატორების სახელს ირქმევენ. საინფორმაციო ველი გაჯერდება ანტიდასავლური ინფორმაციით. იქნება მცდელობა, რომ გაიზარდოს პარლამენტში რუსული პოლიტიკური დღის წესრიგისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ძალების რიცხვი.

ველი, რომ შეიცვლება რუსული საინფორმაციო გზავნილები კონსპირაციულიდან ექსპერტულისკენ და უფრო მეტად არგუმენტირებული გახდება. შესაბამისად, ჩვენ მოვისმენთ არა აშკარად პრორუსულ გზავნილებს, არამედ ე.წ. პრაგმატულ გზავნილებს - რომ უნდა ვიპოვოთ ბალანსი, ვითანამშრომლოთ ნატოსთან რუსეთთან კომუნიკაციით, გვინდა გაწევრება ნატოში, მაგრამ თან რუსეთს უნდა დავეკითხოთ, რომ მან ჩვენში საფრთხე არ დაინახოს. გახშირდება ლაპარაკი, რომ საქართველო მარტო დასავლეთზე არ უნდა იყოს მიბმული და უნდა ვიპოვოთ ახალი საგარეო-პოლიტიკური როლი, გავხდეთ ხიდი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად შეფარული ნეიტრალიტეტის იდეაა, რაც გულისხმობს რუსეთის პერიფერიულ და ბუფერულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ მოწოდებას.

თუ დავრჩებით დასავლური მხარდაჭერის გარეშე, რუსეთთან პირისპირ, როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებს რუსეთი - ერთ დღეში დაგვიბრუნებს ტერიტორიებს? ის შეეცდება ისე სამაგალითოდ დაგვსაჯოს, რომ სხვა ქვეყნებმა აღარასდროს იფიქრონ რუსული ორბიტიდან გასვლაზე.
საქართველოში ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ პროდასავლური ძალები უნდა შეთანხმდნენ საქართველოს საგარეოპოლიტიკურ პრინციპებზე. უნდა აუხსნან მოსახლეობას, რომ შეიძლება შიდა პოლიტიკურ საკითხებში ვერ თანხმდებიან, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებზეც დავა არ შეიძლება. ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით ხდება, მიუყრიან რაღაც რიცხვებს მოსახლეობას, მაგალითად, პენსიონერებს დაჰპირდებიან პენსიის გაზრდას ამდენი და ამდენი ლარით და ეს არის ჩვენი მთელი საარჩევნო პროცესი. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კლასი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა