რას პასუხობს "ოცნება" ხაზარაძის ბრალდებებს - კვირის პალიტრა

რას პასუხობს "ოცნება" ხაზარაძის ბრალდებებს

"საქართველოში ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ საშუალო ევროპულ დონესთან არის გათანაბრებული"

"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური სტარტი სკანდალური განცხადებებით დაიწყო და ხელისუფლებას არაერთი ბრალდება წაუყენა. რით პასუხობს მის ბრალდებებს" "ოცნება" და აღიქვამს თუ არა ხაზარაძეს სერიოზულ კონკურენტად, "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის ესაუბრა.

- ხაზარაძემ ეს ტაქტიკური სვლა იმიტომ გააკეთა, რომ გამოძიებას მასთან სერიოზული პრეტენზიები აქვს. მკაფიო პასუხების გაცემას პოლიტიკოსობა არჩია, რათა თქვას, აი, პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიანო. არადა, საქმე ეხება თანხებით მანიპულაციას, ის კი ცდილობს ამას პოლიტიკური დევნა შეარქვას.

- პირიქით, მამუკა ხაზარაძე იქით უყენებს მძიმე ბრალდებებს "ოცნებას".

- კი, რაღაც ფურცელს აფრიალებს და არც ამბობს, ვინ მიუტანა. ერთი სიტყვით, მისი ბრალდებები უსაფუძვლო და არარეალური მგონია. ისეთ ჩვენებებს იძლევა, რომ აქტუალურობა დიდხანს შეინარჩუნოს.

- რასაც ჩხარტიშვილზე ამბობს, არც ამან გაგიჩინათ კითხვები? - ამაზე განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია.

2012 წელს ივანიშვილმა მსხვილ ბიზნესმენებს შესთავაზა, რომ მრავალმილიონიან დავებზე სასამართლოში ჩივილამდე ერთმანეთში მორიგება ეცადათ. როგორც მახსოვს, ამით საკმაო სარგებელი ნახა მამუკა ხაზარაძემ.

- რატომ ესწრებოდა ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას მთავარი პროკურორი? - არავინ იცის, ესწრებოდა თუ არა. მე ინფორმაცია არა მაქვს ირაკლი შოთაძის დასწრებაზე. არ გამიკვირდება, თუ ეს ინფორმაციაც სიცრუეა, ისევე როგორც ბევრი სხვა.

- როგორც ხაზარაძე ამბობს, ჩხარტიშვილთან დავებს ერთი და იგივე მოსამართლე განიხილავდა, არც ამან დაგაეჭვათ? - კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, ყველაფერზე ჩნდება, როდესაც ადამიანი პოლიტიკაშია. სიმართლე გითხრათ, სასამართლო განხილვებსა და სხვა დეტალებზე დიდად არ მიმიდევნებია თვალყური. თუმცა ბევრი საკითხი არარეალურად მეჩვენება და ამით ძალზე შეილახა ხაზარაძის, როგორც სიმართლის მთქმელის ავტორიტეტი.

- ბიზნესმენის თქმით, მას დევნიდა "ნაციონალური მოძრაობაც", თუმცა "ქართულმა ოცნებამ" აიძულა, რომ პოლიტიკაში მოსულიყო. - ანუ თვითონვე აღიარებს, რომ პოლიტიკაში მოსვლა ამისათვის სჭირდებოდა.

ეროვნულმა ბანკმა ბანკების ტრანზაქციები შეამოწმა და აღმოაჩინა მრავალმილიონიანი გადარიცხვა, მანიპულაცია, რომელიც არანაირ წესსა და კანონს არ მიესადაგება და ამის მთავარი ფიგურანტი მამუკა ხაზარაძეა. როგორც კი ეს თემა წარმოიშვა, იმ წუთშივე ავტომატურად გაჩნდა ყველა სხვა შეკითხვა და ბრალდებები.

- ანუ ისიც ტყუილია, რომ ანაკლიის პორტის პროექტს ჩავარდნის საფრთხე ემუქრება? - ანაკლიის პორტიც ერთ-ერთი აშკარა მაგალითია იმისა, თუ როგორ მანიპულირებს ხაზარაძე განსაზღვრული საკითხებით და ცდილობს ეს პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მოაქციოს.

ანაკლიის პორტი სახელმწიფოს პროექტია, ხელისუფლებამ არაერთი მილიონი დოლარი დახარჯა. ხაზარაძემაც გვაჩვენოს, რა წვლილი აქვს შეტანილი ანაკლიის პორტის პროექტში. ეს თემაც აშკარად სპეკულაციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია.

- თქვენ რომ ყოფილიყავით ბიზნესმენი და ეროვნულ ბანკს 11 წლის შემდეგ დაეწყო რომელიღაც ტრანზაქციაზე დავა, უცნაურად არ მოგეჩვენებოდათ? - საბანკო ტრანზაქციებზე, რომელიც ძალზე დახურული ოპერაციებია, სამართლიანი აუდიტი არ ჩატარებულა. "ნაციონალების" ხელში ამის გამჟღავნება შეუძლებელი იყო. ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელობა ვალდებული იყო გადაემოწმებინა ეს ტრანზაქციები და აღმოაჩინა კიდეც დარღვევები. 11 თუ 12 წლის წინანდელია, რა მნიშვნელობა აქვს, დარღვევა არის.

- მაინცდამაინც ხაზარაძის ტრანზაქციებით რატომ დაინტერესდა გვენეტაძე? - არა მგონია, ყველასთვის ცნობილი იყოს, რა ტრანზაქციებზეა ლაპარაკი. ხაზარაძეს გამოძიება ედავება, რომ 17 მილიონი დოლარი საეჭვო ვითარებაში გასცა კონკრეტულ პირზე, რომელსაც არასდროს აუღია სესხი და არც წარუდგენია მისი უზრუნველყოფა. უფრო მეტიც, მიიღო თუ არა სესხი, მაშინვე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე დააბრუნა. სწორედ 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ემთხვევა მათი მცდელობები, რომ ეს თანხა ოფშორულ ზონაში გადაექაჩათ. ამ ყველაფრის საპასუხოდ შექმნა ხაზარაძემ პოლიტიკური პარტია. ამაზე აშკარა მიზეზი არაფერი შეიძლება იყოს.

- არ ფიქრობთ, რომ ხაზარაძე "ოცნებისთვის" სერიოზული კონკურენტი იქნება? - სკანდალით დაწყებული საქმე, როდესაც ამის უკან არ არის პოლიტიკური ბაგაჟი, ფულს თუ არ ჩავთვლით, არა მგონია, მომგებიანი იყოს პოლიტიკურ ასპარეზზე. პრეზენტაციის ფორმაც ძალიან კომიკური იყო.

- რას ფიქრობთ მუქარის წერილზე, რომელიც, ხაზარაძის თქმით, გახარიამ გაუგზავნა და მასზე ათობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი? - გამოძიება მას სთხოვს დაასახელოს, ვინ იყო შუამავალი, ვინ მიუტანა წერილი, რათა გაჰყვეს ამ მიმართულებას და აღძრას სისხლის სამართლის საქმე. ეკითხებიან, მაგრამ ის მთავარ შეკითხვებზე პასუხს არ სცემს. მხოლოდ რაღაც ფურცელს აფრიალებს, სადაც შეიძლება ასეულობით ანაბეჭდიც აღმოჩნდეს.

- თუ ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი, არ ფიქრობთ, რომ "ოცნება" ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება? - თუ გასცა, მკითხაობის სფეროდან არის, მან ყველა კითხვას უნდა უპასუხოს. არც დავუშვებ, რომ "ქართულ ოცნებას" გადაცდომა მოუვიდა. ეს არ არის ჩვენი ხელწერა და ამის არავითარი საჭიროებაც არ ყოფილა...

- გარდა ხაზარაძისა, რამდენიმე ბიზნესმენსაც გაუკეთებია განცხადება, რომ საქართველოში ბიზნესს პრობლემები აქვს. - მე საერთაშორისო რეიტინგებს ვუყურებ ხოლმე, იქ გაცილებით კომპეტენტური ხალხის აზრებია და ნათქვამია, რომ საქართველოში ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ ბიზნესის თავისუფლება საშუალო ევროპულ დონესთან არის გათანაბრებული. ჭყონიაც გამოირჩევა მწვავე პოლიტიკური განცხადებებით და როგორც ხედავთ, არავინ დევნის. მას ეს ყველაფერი 2012 წლამდე რომ ეთქვა, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა.